ვითომ გააბოლებ, ედინ?

AutoSharing Option
2008-09 წლების სეზონში, როდესაც „ვოლფსბურგმა“ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ პირდაპირ მოედანზე მოუკიდა დიდ სიგარას და გამარჯვება გემრიელი ნაფაზით აღნიშნა.

გერმანული გუნდის იმ გამარჯვებაში მწეველ ჯეკოს მართლაც დიდი წვლილი მიუძღოდა. დღეს ბოსნიელი 25 წლისაა და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის. მართალია, ერთი ხნის წინ, მიუნხენში, „ბაიერნთან“ შეხვედრაში, როდესაც მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ შეცვალა, პროტესტი გამოთქვა და იტალიელს აწყენინა, მაგრამ ისტლენდელებისადმი მის ერთგულებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს და ფორვარდის მიზანიც მკაფიოა: თუ ნებას დართავენ, მომავალ გაზაფხულზეც უნდა „ეტიჰედ
სთედიუმის“ მოედანზე ერთი ლაზათიანი გაბოლება.

თავდამსხმელმა, რომელიც „სიტის“ 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, თქვა: „ჩვენ ათი შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ხუთი ქულით მეტი დავაგროვეთ, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან ბევრი მატჩია ჩასატარებელი. პირადად ჩემთვის ფავორიტი დღესაც „იუნაიტედია“.

სხვა საქმეა, რომ ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ეს პოზიცია შევინარჩუნოთ. ის რომ „ჩელსის“ ცხრა ქულით ვუსწრებთ, რასაკვირველია, დიდებულია, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგის პირველობა მხოლოდ ჩვენი და „იუნაიტედის“ დოღად იქცა.

სეზონი ისე დავიწყეთ, რომ მისი წყალობით დღეს საკუთარი თავის რწმენით ვართ აღვსილნი. გასულ სეზონში ხომ მოვიგეთ ფეხბურთის ასოციაციის თასი? ჰოდა, ამ სეზონში უკვე ჩემპიონობა გვინდა. ისევ სიგარით თუ ვაპირებ ზეიმს? თუ ვინმე სიგარას მომაწოდებს, რატომაც არა“.

პრემიერლიგის მომდევნო ტურამდე „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგის საქმეები აქვს მოსაგვარებელი. ჯეკო, სავარაუდოდ, მოედანზე იქნება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჯეკომ შეცვლა გააპროტესტა, რითაც მანჩინის აწყენინა, მაგრამ იმ დღეს ბოსნიელის საქციელი არგენტინელი კარლოს ტევესის ცნობილმა უარმა გადაფარა.

„ეს ამბავი ჩემთვის უკვე წარსულს ჩაბარდა. მწვრთნელს მეორე დღესვე მოვუბოდიშე და კონფლიქტიც ამოიწურა. მოედანზე ყოფნა და თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა და როდესაც ხელი გვეშლება, ხანდახან ვბრაზდებით. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი ამბავია. თან, იმ დღეს ისეთიც არაფერი მომხდარა. ყველაფერში დამნაშავე იმედგაცრუება იყო. წარმოიდგინეთ, დიდი ხნის შემდეგ გერმანიაში დავბრუნდი და მინდოდა ძველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ გამომეჩინა თავი.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე იღბალმა ზურგი გვაქცია. თუმცა, მას მერე ჩემი საქმე კარგად მიდის. ბოლო კვირაში ხუთი გოლი გავიტანე. მონდომება არ მაკლია. რას იზამ, ყველაფერი ხდება. ხანდახან, ცუდად თამაშობ და გოლები გაგაქვს, ხანდახან კი პირიქით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული