ვილაშ-ბოაში გამძვინვარდა

AutoSharing Option
„ჩელსის“ მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა კვირას თავის ფეხბურთელებს განკითხვის დღე მოუწყო. მოგეხსენებათ, შაბათს მათ „არსენალთან“ 3:5 წააგეს. პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ დღეს მას და გულშემატკივარს ფეხბურთელებმა უღალატეს.

უფრო ზუსტად, საქმე ასე იყო: კვირას დასავლეთლონდონური კლუბის მოთამაშეები საწვრთნელ ბაზაზე ჩვეულებრივი, განმუხტვის ვარჯიშის ჩასატარებლად მივიდნენ - ასე ხდება ხოლმე მატჩის შემდეგ დღეს - მაგრამ სხვა რამ დახვდათ. ჯერ ერთი, ვილაშ-ბოაშმა გასახდელში სულ ცეცხლი ჰყარა, შემდეგ კი ფეხბურთელები მოედანზე გაიყვანა და ისე დატვირთა, ტყავი გააძრო.

33 წლის თავკაცი უპირველეს ყოვლისა იმას გაუბრაზებია, რომ
შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლურჯებმა“ მის დავალებას გადაუხვიეს და სულ სხვა რაღაც ითამაშეს. ამის შემდეგ, მას მოთამაშეებისთვის კატეგორიულად მოუთხოვია, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „გენკთან“ და მომდევნო შაბათს, პრემიერლიგაში, „ბლექბერნთან“ უკიდურესად მოინდომონ და დანაშაული გამოისყიდონ. დასავლეთლონდონელებმა ინგლისის პირველობის ბოლო ორი თამაში წააგეს და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ცხრა ქულით ჩამორჩებიან.

„დეილი მეილმა“ შეიტყო, რომ „ჩელსის“ ის ფეხბურთელები, რომლიბიც წინა მწვრთნელებთან ყინჩად იყვნენ და როდესაც საჭირო იყო, თავიანთ აზრს თამამად გამოთქვამდნენ, ვილაშ-ბოაშის მრისხანებას ჩუმად უსმენდნენ. წყარომ გაზეთს ისიც უთხრა, რომ მწვრთნელი პიროვნებებს არ შეხებია, თუმცა ფეხბურთელებს, როგორც გუნდს, შავი დღე აყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული