„ისინი რეალური პრობლემის წინაშე დგანან და ეს პრობლემა მათი ფეხბურთელების მედიდურობაა. ნებისმიერი გუნდი, რომელშიც ბევრი დიდი ვარსკვლავი თამაშობს, პრობლემის წინაშე დგას. რასაკვირველია, ამას რომ ვამბობ, იმასაც კარგად ვხედავ, რომ დღეს „სიტი“ საუცხოო ფორმაშია და თამაშებს ძალიან ადვილად იგებს. ისტლენდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დამაჯერებლად აჯობეს და,
მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინის გუნდი ათი ტურის შემდეგ პრემიერლიგას ხუთი ქულით ლიდერობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იტალიელ მწვრთნელს მალიმალ აქვს კონფლიქტები ფეხბურთელებთან: ედინ ჯეკოსთან, ადამ ჯონსონთან და, ყველაზე მეტად, კარლოს ტევესთან.
ვან დერ ვაარტს ვარსკვლავებით გადავსებული გუნდის პრობლემები საკუთარი თვალით აქვს ნანახი. 2010 წლის აგვისტოში „ტოტენჰემში“ გადასვლამდე ის „რეალში“ თამაშობდა:
„დიდ კლუბებში ასეა: როდესაც ახალი ძლიერი ფეხბურთელების ჯგუფს ყიდულობენ, ძველი ვარსკვლავები უკმაყოფილოები რჩებიან. „რეალში“ ექვსი ჰოლანდიელი ვიყავით და დაახლოებით ნახევარ წელიწადში ყველამ დავტოვეთ იქაურობა. იგივე პროცესები მიმდინარეობს „მანჩესტერ სიტიში“. შეხედეთ ემანუელ ადებაიორს. ის „ტოტენჰემში“ საუცხოოდ თამაშობს, არადა „სიტიში“ შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდებოდა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"