ქალი, რა ქალი!

AutoSharing Option
სიბილ დენინგი ის ქალი გახლავთ, რომელსაც ტრადიციებით მდიდარი ინგლისური კლუბის, „შეფილდ უენსდის“ აღორძინება და მისთვის ძველი დიდების დაბრუნება სურს. დღეს უკვე 64 წლის ქალბატონი 1980-იან წლებში „ჰოლივუდში“ მოღვაწეობდა, „პლეიბოის“ ყდაზეც ხვდებოდა და ერთხელ, წლის სექს-სიმბოლოდაც კი აღიარეს.

ამჟამად დენინგი მულტიმილიონერია და „უენსდის“ აყვავებაზე ფიქრობს.

ეს ამბავი მართლაც დაუჯერებელი ჩანს, მით უფრო, რომ სიბილ დენინგი ავსტრიაშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ რა გინდა ქნა, როდესაც თავად ირწმუნება, რომ სავსებით სერიოზულად არის განწყობილი. და კლუბის ახლანდელ მეპატრონეს აღარ ეკითხებიან? - გაუკვირდება მავანს.

მოგახსენებთ: ახლანდელი მეპატრონე,
მილან მანდარიჩი მზად არის გაყიდოს „შეფილდ უენსდი“, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდება, რომ კლუბის ახალი მესაკუთრე ფულიანი და ამბიციური იქნება.

აღსანიშნავია, რომ დენინგისა და მისი მეუღლისთვის, ჰორსტ ლასესთვის სპორტული ბიზნესი უცხო ხილი არ არის. ათი წლის წინ წყვილმა ჰოკეის გერმანული კლუბი, „რიესერსეე“ გაკოტრებისგან იხსნა. ქალბატონი დენინგი ამბობს:

„ჩვენ ვარჩევდით ინგლისურ კლუბს, რომელსაც ძირძველი ფანობა ეყოლებოდა და პერსპექტივა ექნებოდა. „შეფილდ უენსდი“ ამ პირობებს სრულიად აკმაყოფილებს. ამ კლუბს ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში დიდი სახელი აქვს დაგდებული და ვფიქრობთ, ჩვენც გვეყოფა საიმისო ენერგია, ეს კლუბი პრემიერლიგაში რომ გადავიყვანოთ. საკითხს მთელი თვის განმავლობაში ვსწავლობდით და ახლა საქმე მოლაპარაკებებზეა მიმდგარი. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად აეწყობა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული