ფერდინანდს ემუქრებიან

AutoSharing Option
როგორც ინგლისურმა ტაბლოიდმა "სანმა" შეიტყო, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" 26 წლის მცველს, ანტონ ფერდინანდს მუქარის წერილი მიუვიდა.

დაგვეთანხმებით, კომპიუტერების და ელექტრონული ფოსტის ეპოქაში ქაღალდზე დაწერილი, თან მუქარის წერილის გაგზავნა მართლა უცნაური საქციელია. რა ხდება, ადვილი მისახვედრია: ისტორია, რომელიც დასავლეთლონდონურ დერბიში ფერდინანდისა და "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის კონფლიქტით დაიწყო და რომლის გაგრძელებას "ლელოს" მკითხველი თითქმის ყოველდღე იგებს, გრძელდება.

წერილში, რომელიც "რეინჯერსის" ბაზაზე მიიტანეს ფერდინანდს სიკვდილით ემუქრებოდნენ. კლუბის ხელმძღვანელებმა მისი წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტეს პოლიცია გამოეძახებინათ, თავად ფეხბურთელს კი არც წააკითხეს. გაზეთი წერს, რომ
მომხდარმა ფერდინანდის ოჯახის წევრები ძალიან შეაშინა. წერილი "რეინჯერსის" ოფისში წინა კვირის ბოლოს მიიტანეს. "სანი" წერს, რომ პოლიციელები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ.

როგორც ირკვევა ტექსტი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანის, რიო ფერდინანდის უმცროსმა ძმამ მიიღო მართლა ჰგავდა ხიფათის შემცველს და სამართალდამცველებმა მისი ოჯახის უსაფრთხოების ზომები მიიღეს. "რეინჯერსის" ვარსკვლავის სახლის ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში თანამშრომლები საგანგებოდ არიან გაფრთხილებულები და საჭიროების შემთხვევაში, ორ წუთში ფერდინანდებთან გაჩნდებიან. პოლიციის პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ვადასტურებთ, რომ ბოროტი განზრახვით დაწერილი წერილის საქმეს ვიძიებთ".

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ანტონ ფერდინანდის ჩივილით დაიწყო. მან ჯონ ტერის რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. ტერი ბრალდებას უარყოფს. საქმეს ცალკე ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და ცალკე ლონდონის პოლიცია იძიებენ. ასოციაციას ფერდინანდმა წინა კვირაში მისცა ოფიციალური ჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ვნებათაღელვა მას მერე დაიწყო, რაც ინტერნეტში დაიდო ფეხბურთელების წაკინკლავების ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ტერი ფერდინანდს ლანძღავს და ამ ლანძღვაში ფრაზა "შე შავოს" იყენებს. საინტერესოა, რომ ფერდინანდს, საკუთარი აღიარებით, იმწუთას ეს არ გაუგია. მერე მივხვდიო. ტერი კი, თავის მხრივ იმეორებს, "შე შავო" იმ მომენტში ვთქვი, როდესაც საჩხუბრად მოვარდნილ ანტონს ვეკითხებოდი, საიდან მოიტანე, რომ ასეთი რამ დაგიძახეო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული