ამ ისტორიაში უხერხული მომენტი ისიც არის, რომ ალკარასი კრისტოფ ბერას უმიზნებდა, 24 წლის ინგლისელი კი უნებლიე მსხვერპლი შეიქნა. შეხვედრა, "მგლების" გამარჯვებით, 3:1, დამთავრდა, რამაც მწვრთნელ მიკ მაკარტის თავზე საავდრო ღრუბლები ცოტა გაფანტა.
ინციდენტი შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე მოხდა. ალკარასი კუთხურის ბურთისთვის ალმათან ბერასთან ძიძგილაობდა და წაიქცა. ამან 26 წლის შოტლანდიელი გააბრაზა, რადგან ჩათვალა, რომ მეტოქე განზრახ წაიქცა.
"ალკარასს ბერასთვის არ შეუფურთხებია, მე შემაფურთხა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჯობს ფურთხების ამბავი სხვამ შეაფასოს.
საქმისთვის არც ოფიციალური სახის მიცემას ვაპირებ, აქ გასარჩევიც არაფერია, უბრალოდ რაც მან გააკეთა უშნო საქციელია. გასაგებია, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ყველანი მთელი მონდომებით ვიბრძოდით, მაგრამ ფურთხება ნამდვილად მეტისმეტია".
გამარჯვებულთა თავკაცმა, მაკარტიმ თქვა: "ფეხბურთში ფურთხება უკადრის საქციელად ითვლება. მე, კარიერაში, სულ ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა და ის კაცი, მას მერე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მეკარებოდა".
"მგლების" ნახევარმცველი ჯეიმი ო'ჰარა, რომელმაც თავისი გუნდის პირველი გოლი თავად შეაგდო, მეორე და მესამე შემთხვევაში კი ასისტენტობა გასწია:
"თამაშის შემდეგ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მაგრამ ფურთხება, რომ არ შეიძლება ამას ლაპარაკი და გარჩევა რად უნდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"