ვიდიჩი ფერდინანდს ამხნევებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 30 წლის სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი ამბობს, რომ დაცვის ცენტრში მისი მეწყვილის, რიო ფერდინანდის კარიერა დასასრულს სულაც არ უახლოვდება. ფერდინანდი 7 ნოემბერს 33 წლისა გახდა. მას ასაკთან ერთად ტრავმებმაც გვარიანად დარიეს ხელი. ის, ძველებურად, "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი აღარ არის. მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ადრე მის ალტერნატივას არც ეძებდა, ახლა კი განაცხადა რომ რიომ სისწრაფე დაკარგა და გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად თამაშის ახლებურ სტილზე უნდა გადავიდეს.

ვიდიჩი, რომელიც ფერდინანდის მხარდამხარ ბოლოს შაბათს, "სანდერლენდთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში თამაშობდა, თანაგუნდელზე
ასე ლაპარაკობს:

"რიო ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბევრს ნიშნავს მისი გამოცდილება და საკუთარი თავის რწმენა. შეხვედრის მსვლელობისას ის დადებით გავლენას ახდენს თანაგუნდელებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე.

თუნდაც ბოლო მატჩი ავიღოთ, "სანდერლენდთან". მე თუ მკითხავთ, ამ შეხვედრაში მან დიდებულად ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ფერდინანდს ტრავმები თავს დაანებეს. მასთან ერთად ჩვენ ტიტულების მოგების მეტი შანსი გვაქვს".

როგორც მოგახსენეთ, ბოლოხანს ფერდინანდი "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვეღარ ხვდება. მდგომარეობას ინგლისურ პრესაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიებიც ამძიმებს. ბევრი ჟურნალისტის აზრით ფერდინანდის საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარდა, ვიდიჩი კი მანჩესტერელთა წარმატებებში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანს იოლად ვერ ელევა.

"რიო ის კაცია, რომელმაც გასულ სეზონში ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ დიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერლიგის ჩემპიონები რომ გავხდით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, დიდწილად მისი დამსახურებაა. ყოველივე ამის შემდეგ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ამბობენ, რომ ის კარგად ვეღარ თამაშობს. ეს რომ ასე არ არის, "სანდერლენდთან" შეხვედრაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. ადამიანები, როგორც ჩანს, თამაშის ხარისხზე მეტად მისი ასაკის მიხედვით სჯიან და საკმარისია ერთი ჩავარდნილი თამაში დაინახონ, ერთ ამბავს ტეხენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული