კუშჩაკის მანჩესტერული ჯოჯოხეთი

AutoSharing Option
29 წლის პოლონელმა მეკარემ, ტომაშ კუშჩაკმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მის დამონებაში დასდო ბრალი, რითაც ყველა გააკვირკვა. საკუთარი კლუბის წინააღმდეგ ასეთ თამამ გალაშქრებას ფეხბურთელები, როგორც წესი, ერიდებიან. გოლკიპერი, რომელმაც ოთხი წელიწადი ედვინ ვან დერ სარის ჩრდილში გაატარა, დღეს, "ოლდ ტრეფორდზე", დავიდ დე ხეასა და ანდერს ლინდეგაარდის შემდეგ, მესამე კაცად ითვლება.

როდესაც შეატყო, რომ "იუნაიტედში" ფეხბურთის თამაშის პერსპექტივა არ აქვს, კუშჩაკმა ალექს ფერგიუსონს იჯარის წესით სხვაგან გაშვება სთხოვა - მის გადაბირებას "ლიდსი" ცდილობდა - მაგრამ, ინგლისის ჩემპიონთა ლეგენდარულმა თავკაცმა პოლონელის თხოვნა ყურად არ
იღო. არადა, მეკარისთვის რეგულარულად თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში "ევრო 2012-ში" აპირებს მონაწილეობას.

კუშჩაკმა თქვა: "მე მანჩესტერში მონად ვიქეცი. საშინლად გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ წუწუნი და ფერგიუსონის ლანძღვა არ მინდა. ეს ჩემი სტილი არ არის. დიდი ხანი არ არის, რაც ფერგიუსონს ველაპარაკე. ვთხოვე, იანვარს ნუ დაელოდები, იჯარით გამიშვი-მეთქი. ავუხსენი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მინდა თამაში და ამისათვის რეგულარული პრაქტიკა მჭირდება, მაგრამ მისთვის, როგორც ჩანს, სულ ერთია.

"ლიდს იუნაიტედი" ორი თვის განმავლობაში თამაშის შანსს მაძლევდა, მაგრამ დამბლოკეს. არადა, რომ გავეშვით, იქნებ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს ჩემი არსებობა გახსენებოდა. სამწუხაროდ, ეჭვი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ამას განზრახ მიკეთებენ.

ფერგიუსონს პატივს ვცემ, როგორც დიდ მწვრთნელს, მაგრამ მის გუნდში ყოფნა აღარ მინდა და იმედი მაქვს, რომ იანვარში აქედან წასვლის საშუალებას მომცემს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული