ტორესი პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელია

AutoSharing Option
27 წლის ესპანელ ვარსკვლავ ფერნანდო ტორესს „ლივერპულიდან“ „ჩელსიში“ 50 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ - ეს ამბავი იანვარში მოხდა - სულ სამად სამი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ „ასტონ ვილას“ ფორვარდ დარენ ბენტს, რომელიც ასაკით ტორესის ტოლია, ის მაინც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

მოგეხსენებათ, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები შაბათს, „უემბლიზე“, ამხანაგურ მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.

ბენტმა, რომელიც ფაბიო კაპელომ ამ შეხვედრისთვის გამოიძახა, თქვა:

„ტორესი პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელად მიმაჩნია. როდესაც ფორმაშია, მისი მჯობნი არავინ არის. მე მის ფეხბურთს თვალს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ვადევნებ. რეგულარულად ვუყურებდი,
როდესაც „ლივერპულში“ გამოდიოდა და დღეს, „ჩელსიშიც“ ყურედღებით ვაკვირდები მის თამაშს. შესაძლოა ვინმემ ტორესის მიერ „ბლექბერნთან“ აცილებული ბურთი გაიხსენოს. ამის მიუხედავად, ის მაინც ყველას სჯობს.

ფერნანდო სწრაფია, მძლავრი, ბურთს საუცხოოდ ფლობს და კარშიც ორივე ფეხითა და თავით ურტყამს“.

თუმცა, დარენ ბენტს ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ტორესი როდი მოსწონს. ის მსოფლიოს ჩემპიონთა ყველა ფეხბურთელს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს:

„ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებიდან ვინც გნებავთ დაასახელეთ, მსოფლიო კლასისაა. გაიხსენეთ 2002 წლის ბრაზილია. იქაც იგივე იყო. მათ ჰყავდათ რომარიო, რონალდინიო, რონალდო... ესპანელებს ჰყავთ ტორესი, ხუან მატა, დავიდ სილვა...

შაბათის ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოცდაა, მაგრამ გპირდებით, რომ მოწინააღმდეგეს მშვიდად თამაშის საშუალებას არ მივცემთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული