ფაბრეგასი: ახლავე წადი, რობინ!

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, 24 წლის სესკ ფაბრეგასმა თავის ყოფილ თანაგუნდელს, 28 წლის ჰოლანდიელ რობინ ვან პერსის შეუთვალა, თუ "არსენალიდან" წასვლა გინდა, ახლავე წადი, თორემ მერე ფეხსაც ვეღარ გაადგამო.

მოგეხსენებათ, "მეთოფეთა" ახალმა კაპიტანმა და საუკეთესო თავდამსხმელმა კლუბთან საკონტრაქტო საკითხებზე მოლაპარაკება სეზონის ბოლოსთვის გადასდო. თავის მხრივ, ასეთმა გადავადებამ შეაშინა ჩრდილოლონდონელებიც. მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაკი ვან პერსი ახალ ხელშეკრულებას დღესვე არ თანხმდება, ესე იგი სხვაგან გადასვლას აპირებს. ფაბრეგასმა, რომელმაც მშობლიური ქალაქის გუნდში გადასვლის გამო "არსენალი" გასულ ზაფხულს დატოვა, ვან პერსიზე
ლაპარაკისას თქვა:

"ვერ გეტყვით ვან პერსი მომავალშიც "არსენალში" ითამაშებს თუ არა. ეს მისი გადასაწყვეტია. რობინი ისეთ ასაკშია, რომ თუ სადმე გადასვლა უნდა, მომენტით უნდა ისარგებლოს. ეს მისი ბოლო შანსია. წინააღმდეგ შემთხვევაში "ემირეიტ სთედიუმზე" დარჩენა და კარიერის "მეთოფედ" დამთავრება მოუწევს".

ვან პერსის დღევანდელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 18 თვე დარჩა. ფაბრეგასმა განაგრძო: "ვნახოთ, თავად რას გადაწეყვეტს. ერთი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში რობინი "არსენალის" ერთგული ფეხბურთელი იყო და აქაურ ფანებს ის ძალიან უყვართ. "ემირეიტზე" ის სამაგალითოა, სხვათაგან გამორჩეულია და მისი გაშვება არავის მოუნდება".

მიმდინარე სეზონი ჰოლანდიელმა ფორვარდმა საუცხოოდ დაიწყო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, მან 13 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და 13 გოლი აქვს გატანილი. ისევ ფაბრეგასი:

"ვან პერსიმ სეზონი მართლაც საუცხოოდ დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ზაფხულამდე ასე გააგრძელებს. მე რომ "არსენალში" ვიყავი, სამწუხაროდ, სეზონი ისე არ გავიდოდა მძიმე ტრავმა რომ არ მიეღო".

თავად ფაბრეგასმა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

"თავი ზღაპარში მგონია" - თქვა "მეთოფეთა" ყოფილმა კაპიტანმა თავის დღევანდელ ცხოვრებაზე.

არსენალელთაგან გვინდა თქვენი ყურადღება 26 წლის პოლონელ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიზეც შევაჩეროთ. მოგეხსენებათ, 2012 წლის
ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია და მასში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს უნდა. ამასთან, პოლონელებისთვის ევრო 2012-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უკრაინასა და მათ სამშობლოში ტარდება. სხვა სიტყვებით, პოლონელ ფეხბურთელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლისა და თავის მოწონების შესაძლებლობა ეძლევათ, მაგრამ ამისათვის საჭიროა კარგ ფორმაში იყვნენ და ნაკრებში მოხვდნენ.

ფაბიანსკის კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გაუჭირდება, რადგან ამ სეზონში სულ ორ შეხვედრაში ითამაშა და ისიც "ქარლინგის თასზე". გამოსავლის ძიებაში პოლონელმა გოლკიპერმა არსენ ვენგერთან ილაპარაკა.

"არ არის გამორიცხული მეც ჩვენს კიდევ ერთ მეკარეს, ესპანელ მანუელ ალმუნიას მივბაძო და იჯარის წესით სადმე, დაბალი ლიგის გუნდში გადავიდე. რამდენიმე დღის წინ შეფს ველაპარაკე და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. შეხვედრა მე ვითხოვე. მინდა ჩემი საქმე მალე მოვაგვარო, რადგან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე კარს მოგვადგა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენგერი ჩემს სურვილს გაგებით მოეკიდება და პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება. რასაკირველია, "არსენალში" თამაში ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სადმე უნდა გადავიდე, თუნდაც იჯარის წესით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული