ინგლისელთა დაუმარცხებელი წელიწადი

AutoSharing Option
ფაბიო კაპელომ და მისმა შეგირდებმა გაიმეორეს ის, რაც ინგლისის ნაკრებმა ბოლოს 1994 წელს შეძლო - მთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ წაუგიათ.

დიახ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა 2011 წელს 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და არ დამარცხებულა. ბოლო შეხვედრაში, შვედეთის დამარცხების შემდეგ კაპელომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა:

"კარგი შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე განსაკუთრებით ბოლო ორი შეხვედრა მაინტერესებდა, ესპანეთთან და შვედეთთან. ორივე ძალიან რთული თამაში იყო. დიახ, 2011 წელს ჩვენ არ დავმარცხებულვართ, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა. მნიშვნელოვანი ის კი არ არ
ის, რა ვქენით წლეულს, არამედ ის, რას რას ვიზამთ გაისად, ევროპის ჩემპიონატზე.

შვედეთთან გამარჯვებას თავისი დატვირთვა ჰქონდა. ამ გუნდისთვის ინგლისის ნაკრებს 43 წელიწადი არ მოეგო, თუმცა ძალიან ორგანიზებულ მეტოქესთან შეხვედრაში შედეგზე მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელების ფილ ჯონსის, კაილი უოქერის და ჯეკ როდუელის კარგმა თამაშმა გამახარა.

სამეულმა მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შვედებთან შეხვედრაში ჩემს ტრადიციულ სისტემას გადავუხვიე და სამი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით ვითამაშე. მინდოდა ჯონსი იმ პოზიციაზე მენახა, რომელზეც ჩვეულებრივ სკოტ პარკერს ვათამაშებ ხოლმე.

ვატყობ, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფეხბურთელებს დიდი კონკურენციის გავლა მოუწევთ. სამი ფეხბურთელი, რომელიც ზემოთ დავასახელე, ტექნიკურია, სწრაფი და ათლეტური. თანამედროვე ფეხბურთში სწორედ ეს თვისებებია განსაკუთრებით ფასეული“.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ასე გავიდა: 22-ე წუთზე, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ მარცხენა ფრთიდან ჩაკიდებულ ბურთს თავი დაჰკრა. ბურთი მასთან ერთად ამხტარ შვედ მცველს, გლაზგოს „სელტიკის“ 34 წლის მოთამაშე დანიელ მაისტოროვიჩს შეეხო და კარში შევარდა. ამ გოლის წყალობით მოუგო ინგლისმა გუნდს, რომლისთვისაც 1968 წლის შემდეგ, 13 ცდის მიუხედავად, ვერ მოეგო.

რაც ძალიან საინტერესოა, ამ გოლმა წარმოშვა კამათი: ვინ გაიტანა „უემბლიზე“ 2000-ე გოლი, ინგლისელმა ბერიმ თავურით თუ მავანმა სერბული წარმოშობის შვედმა რიკოშეტით? კაპელომ დასძინა:

„ერთადერთი, რაც ბოლო შეხვედრაში არ მომეწონა, ის გახლდათ, რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან ხშირად უგორებდნენ ბურთს მეკარეს, რის შემდეგაც გოლკიპერი იძულებული იყო, ის ძლიერი დარტყმით სადღაც მოედნის ცენტრში ჩაეგდო. შემდეგ შეხვედრებში მინდა უბურთოდ გადაადგილებებიც უფრო დახვეწილი გვქონდეს“.

ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე სამი დღით ადრე ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული