უელბეკს ხელფასს უმატებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის თავდამსხმელმა, დენი უელბეკმა განაცხადა, რომ მზად არის კლუბთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უელბეკსა და ინგლისის ჩემპიონთა წარმომადგენლებს შორის დეკემბერში დაიწყება. სავარაუდოდ, ფეხბურთელს კვირაში 45 ათას ფუნტს დაუნიშნავენ.

ინგლისური პრესის აზრით უელბეკი ხელფასის მომატებას იმსახურებს. მას მერე, რაც გასული სეზონი "სანდერლენდში" გაატარა და "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნდა, თავდამსხმელი ერთიორად ძლიერად თამაშობს. ჯერჯერობით, მისი ხელფასი კვირაში 15 ათასი ფუნტია, ხოლო მოქმედი კონტრაქტის მოქმედების ვადა კიდევ წელიწადნახევარია.

ტაბლოიდები წერენ, რომ უელბეკსა და "იუნაიტედს" შორის ხელფასის გასამმაგებაზე
ლაპარაკი ზაფხულშივე დაიწყო, მაგრამ მაშინ კონკრეტული ვერავინ ვერაფერი თქვა. მიზეზი: იმ პერიოდში კლუბმა ახალი ფეხბურთელები იყიდა და მათი სატრანსფერო თანხებისა თუ ხელფასების საქმე იყო მოსაგვარებელი.

გარდა ამისა, ფორმდებოდა ახალი კონტრაქტები კრის სმოლინგთან, ტომ კლევერლისთან და ხავიერ ერნანდესთან. თუმცა, ახლა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უელბეკის ახალ ხელშეკრულებას ვეღარაფერი დააბრკოლებს. საგულისხმოა, რომ უელბეკის ახალ კონტრაქტში ჩაიწერება რამდენიმე პუნქტი, რომელთა წყალობით თავდამსხმელმა წარმატებული თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა, პერიოდულად, კვირაში 65 ათასსაც კი გამოკრას ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული