ადებაიორს დარჩენა უნდა

AutoSharing Option
ტოგოელმა თავდამსხმელმა, 27 წლის ემანუელ ადებაიორმა "ტოტენჰემ ჰოთსპურს" შეუთვალა, თქვენ ფულს გამოდით და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენა ჩემზე იყოსო. მოგეხსენებათ, ადებაიორი "დეზებში" იჯარის წესით არის მივლინებული, თორემ ისე "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა.

ისტლენდელები ტოგოელის გაყიდვაზე, რასაკვირველია, უარს არ იტყვიან, მაგრამ შეძლებს კი "ტოტენჰემი" საკმარისი თანხების შოვნას? საქმე ის გახლავთ, რომ "არსენალისა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის შესაძენად 17 მილიონი ფუნტია საჭირო, რაც ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა, მაგრამ, რაც მთავარია, გადასახდელია ფეხბურთელის ხელფასი, რომელსაც დღესდღეობით "სფურზი" და "სიტი" ერთობლივად აგროვებენ - ლაპარაკია
კვირაში 160 ათას ფუნტზე.

რომელიმე მკითხველი შეიძლება ფეხბურთელზე გაბრაზდეს და ის ხარბ ადამიანად მიიჩნიოს, მაგრამ თავად ადებაიორი ამბობს, რომ თანხა, რომელსაც მას პრემიერლიგაში უხდიან მარტო მისი არ არის - ვარსკვლავი ტოგოსა და კოტ დ’ივუარში ქველმოქმედებას ეწევა, ბავშვთა დახმარების პროექტებს უდგას სათავეში. აფრიკული ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა თქვა:

"ყველა ფეხბურთელი ფულის შოვნას ცდილობს. მეც ასე ვარ, რადგან ჩემს სამშობლოში, აფრიკის კონტინენტზე პროექტები მაქვს წამოწყებული და სანამ ფეხბურთს ვთამაშობ მათ დაფინანსებას არ შევძლებ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დაე "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" და "მანჩესტერ სიტიმ" გადაწყვიტონ, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას. ჩემთვის მთავარია ვითამაშო და ამ თამაშით ვისიამოვნო".

თუ ადებაიორის ბოლო თამაშებს გადავხედავთ, ის მართლაც სიამოვნებით თამაშობს და წარმატებაც აქვს - ორშაბათს, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "ასტონ ვილას" 2:0 მისი გოლების წყალობით მოუგო. დღეს "დეზები" პრემიერლიგის ცხრილშე მესამე ადგილზე არიან, მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედს" ოთხი ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ "სიტის" კი ცხრით.

ტოგოელი ვარსკვლავი, რომლის "არსენალისგან" ყიდვა "სიტის", თავის დროზე, 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, ამბობს:

"არა მგონია, ჩვენი ამოცანა "მანჩესტერ სიტის" დაწევა იყოს. ჩვენი ამოცანა ოთხეულში შესვლა უფროა. ეს მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა იმთავითვე მითხრა, როდესაც "ტოტენჰემში" გადმოვდიოდი. ცუდადაც არ ვთამაშობ, მთავარია ასე გავაგრძელო. პირადად მე ვფიქრობ, რომ თუ "სფურზს" ოთხეულში შესვლაში ვერ დავეხმარები, ესე იგი ჩავფლავებულვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული