ნასრი ყოფილი მეგობრების წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ქარლინგის თასის" მატჩმა 24 წლის ფრანგი ვარსკვლავი, სამირ ნასრი "ემირეით სთედიუმზე" დააბრუნა.

სარბიელზე, სადაც ის სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა და ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიაჩნდათ. მაგრამ, დაბრუნება დაძაბული გამოდგა - ნასრის ყოფილ თანაგუნდელებთან კონფლიქტი მოუვიდა და თან არა მოედანზე, არამედ - გასახდელში.

საფინალო სასტვენის შემდეგ "ემირეითზის" ყოფილი გმირი, რომელიც გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, 19 წლის განელ ემანუელ ფრიმპონგს ეჩხუბა.

ნასრისა და ფრიმპონგს შორის შავმა კატამ მაშინ გაირბინა, როდესაც ფრიმპონგმა ფრანგის "სიტიში" გადასვლა პრესაში ასე შეაფასა: "ფული ყოველგვარი ბოროტების სათავეა".

"ქარლინგის
თასის" მეოთხედფინალური შეხვედრის მსვლელობისას ერთმანეთზე გაღიზიანებულმა წყვილმა პირველად 83-ე წუთზე, სერხიო აგუეროს გოლის შემდეგ გაიწია - ამ გოლმა ისტლენდელები ნახევარფინალში გაიყვანა.

მატჩის შემდეგ "მეთოფეთა" პრეს-მდივანმა გასახდელში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მან, კერძოდ, თქვა: "ფიზიკური შეხება არ ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, სიტყვები გავცვალეთ. ნასრი ფრანგულად იძახდა რაღაცას".

აღსანიშნავია, რომ სამირ ნასრის "არსენალის" გულშემატკივარი აგრესიულად შეხვდა და მთელი მატჩის განმავლობაში, როდესაც ის ბურთს იღებდა, ტრიბუნებზე ღრიანცელი ტყდებოდა. პრესკონფერენციაზე ისტლენდელთა თავკაცმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა:

"დღეს ნასრი იმიტომ ვათამაშე, რომ "არსენალის" გულშემატკივრის მტრულ რეაქციას შეჩვეოდა. ჩვენ ხომ პრემიერლიგაში ორი მატჩი გველის ამ გუნდის წინააღმდეგ. ის ტოპ-ფეხბურთელია და მეგონა თავს გამოიჩენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, "ემირეით სთედიუმზე" პირველმა დაბრუნებამ მასზე იმოქმედა და ინერვიულა. კაცმა რომ თქვას, მისთვის აქ დაბრუნება ძნელი უნდა ყოფილიყო კიდეც".

როგორც მოგახსენეთ, აგუეროს გოლმა "მანჩესტერ სიტის" 1:0 მოაგებინა. ეს გახლდათ ამ გუნდის პირველი გამარჯვება ლონდონში "არსენალთან" ბოლო 36 წლის განმავლობაში. ამ მოგების წყალობით პრემიერლიგის ლიდერი და ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი კვლავ აგრძელებს ბრძოლას სამივე ინგლისური ჯილდოსთვის. ცნობისათვის: პრემიერლიგის შემდეგ ტურში "სიტი" ისტლენდზე "სტოკ სიტის" მასპინძლობს.

მანჩინიმ დასძინა: "ჩათვალეთ, რომ მთავარი ახლა იწყება. დეკემბერსა და იანვარში უმნიშვნელოვანესი თამაშები გვაქვს და მხოლოდ მერე შეიძლება პირველი შეფასება თუ შეჯამება. მაშინ გამოჩნდება სად ვართ და რა შეგვიძლია".

მეთოფეთა თავკაცი, არსენ ვენგერი: "ვფიქრობ, გოლის მომენტში დავიბენით და მეტოქეს საქმე გავუადვილეთ. ნასრისთან დაკავშირებით კი ჩვენი ფანების განწყობას არ ვიზიარებ. მინდა პატივი ვცეთ ყველა ფეხბურთელს, რომელსაც ჩვენთან უთამაშია. რასაკვირველია, გულშემატკივრის გულისწყრომაც გასაგებია, მაგრამ ეს იქიდან მოდის, რომ ხალხს ნასრი უყვარს და უნდა, რომ კიდევ აქ თამაშობდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული