კუდიჩინი მოტოციკლზე აღარ ჯდება

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" 38 წლის მეკარემ, იტალიელმა კარლო კუდიჩინიმ განაცხადა, რომ 2009 წლის გახმაურებული ავარიის შემდეგ მოტოციკლზე აღარ დამჯდარა.

როგორც ჩანს, გამოცდილ გოლკიპერს ამ ტრანსპორტისკენ გული აღარც მიუწევს. ეს ამბავი რომ მოხდა კუდიჩინი "ჩელსიდან" "ტოტენჰემში" უკვე გადასული იყო. ავარია მას სწორედ "დეზების" საწვრთნელი ბაზისკენ მიმავალ გზაზე შეემთხვა. თავად BMW-ს მარკის მოტოციკლზე იჯდა და სედანს შეასკდა.

მაშინ კუდიჩინის გაუმართლა. მეკარემ ისეთი ტრავმები მიიღო, რომელთაც მისი ცხოვრების რადიკალურად გაუარესება შეეძლო, მაგრამ საბედნიეროდ გამოჯანმრთელდა და "სფურზთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამჟამად, კარლო კუდიჩინი "ტოტენჰემ
ჰოთსპურის" მეორე მეკარეა. მეორეობისთვის ბრძოლაში მან ცნობილ, თუმცა ცოტა მივიწყებულ ბრაზილიელ ეურელიო გომეშს აჯობა. კუდიჩინი იგონებს:

"ავარიის შემდეგ მოტოციკლს არც კი მივკარებივარ და არ ვარ დარწმუნებული, რომ მას, ოდესმე, კვლავ მივეკარები. ცხოვრების ამ ეტაპზე ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას ვანიჭებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათ შესახებ უფრო დაწვრილებით ვერაფერს მოგახსენებთ".

ავარიის ადგილიდან კუდიჩინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით გადაიყვანეს. გოლკიპერი განაგრძობს:
"შეიძლებოდა თუ არა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვლილიყო? საავადმყოფოსა და სარეაბილიტაციო ცენტრში ერთადერთი, რითაც დაკავებული ვიყავი, ექიმებისთვის ხელის შეწყობა გახლდათ. მინდოდა მათი ყველა მითითება შემესრულებინა და გამოვჯანმრთელებულიყავი, რათა კვლავ ფეხბურთი მეთამაშა.

რასაკვირველია, შეიძლებოდა საქმეები ასე კარგად არც წასულიყო, მაგრამ ერთ რამეს უკვე წლებია დაკვირვებული ვარ - როდესაც მიზანს ვისახავ და მის მისაღწევად თავდაუზოგავად ვმუშაობ, ვაღწევ ხოლმე".

ზემოთ ბრაზილიელი გომეში ვახსენეთ. როგორც ირკვევა ეს გოლკიპერი მესამე პოზიციაზე გადასვლისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა და იანვარში "ტოტენჰემ ჰოთსპურს" დატოვებს. კუდიჩინი ამბობს:

"უცნაური სიტუაციაა. მსოფლიოში არ მეგულება მეორე გუნდი, რომელსაც სამივე მეკარე, ჩვენსავით, თავისი ქვეყნის ნაკრებში ნათამაშები ჰყავდეს. დღეს "ტოტენჰემის" კარს ყველა ტურში ბრედ ფრიდელი იცავს, მაგრამ ასეა: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას განვიცდით ამ დროს მე და გომეში, მთავარი გუნდის შედეგებია".

კარლო კუდიჩინი პრესას იმიტომ გაახსენდა და მის ამბავს ჩვენც იმიტომ შევეხმიანეთ, რომ ჰარი რედნაპმა გუშინ, ბერძნულ პაოკ-თან მისი გამოყვანა გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული