თუ წმინდა ჯეიმსი არ გაუწყრებათ

AutoSharing Option
„ჩელსი“ „სენტ ჯეიმს პარკზე“... უკაცრავად, ახლა უკვე „სპორტს დაირექტ არენაზე“ „ნიუკასლთან“ თამაშობს. ეს, საყურადღები შეხვედრა დღეს, ყველაზე ადრე დაიწყება. ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ლურჯები“ მეოთხე ადგილზე გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ და ჩემპიონთა ლიგაში, „ლევერკუზენთან“ ერთნაირი ანგარიშით, 1:2 დამარცხების შემდეგ დასავლეთლონდონელებმა, წინა ტურში, ძალა მოიკრიბეს და „ვულვერჰემპტონს“ 3:0 აჯობეს. აქ, თითქოს და, ყველაფერი „ჩელსისთვის“ სასიკეთოდ უნდა მოტრიალებულიყო, მაგრამ სამშაბათს, „ქარლინგის თასზე“ გუნდმა ისევ „ლივერპულთან“ ითამაშა, 0:2 წააგო და პორტუგალიელ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს კრიტიკის არნახული ქარცეცხლიც დაატყდა თავს.

და მაინც,
თუ დღეს „ლურჯები“ გაიმარჯვებენ, ვილაშ-ბოაშის მოხსნაზე ლაპარაკი ალბათ შეწყდება... დროებით მაინც.

სხვათა შორის, მიმომხილველები წერენ, რომ რაც „ჩელსის“ სათავეში ვილაშ-ბოაში ჩაუდგა, გუნდის დაცვა განმტკიცდა, თუმცა პრობლემამ სხვაგან იჩინა თავი - მიკაელ ესიენის მუხლის ოპერაციამ ნახევარდაცვა დაასუსტა, რის გამოც მცველებს უჩვეულოდ დიდი რაოდენობის შეტევათა გაძლება უწევთ. გამოსავლის ძიებაში მწვრთნელმა ჯონ ობი-მიკელი „ბარსელონას“ მეორე გუნდიდან გადაყვანილი ორიოლ რომეუთი შეცვალა, თუმცა ეს „ვულვზთან“ ზემოხსენებულ შეხვედრაში მოხდა, მიკ მაკარტის ბიჭებს კი დასავლეთლონდონელთა ნაღდი ტესტირების შნო არ ჰქონდათ. თუ ვილაშ-ბოაში რომეუს „ნიუკასლთანაც“ ათამაშებს, 20 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი უკვე ნამდვილ გამოცდას ჩააბარებს. ამ გამოცდას ორი „კაჭკაჭი“, დენი გათრი და იონ კაბაიე, მიიღებს.

„ლურჯთაგან“ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ითამაშებს კაპიტანი ჯონ ტერი, რომელმაც წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და „ქარლინგის თასზე“ „ლივერპულთან“ თამაში გამოსტოვა. მოგეხსენებათ, ტერის ყვითელმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მან გაფრთხილება ძალად მიიღო, სათასო მატჩი რომ გამოეტოვინა და პრემიერლიგის ფიცხელ ბრძოლებში უპრობლემოდ დაბრუნებულიყო.

„კაჭკაჭებს“, წინა ტურში, „ოლდ ტრეფორდზე“ გაგდებული ხონას გუტიერესი არ ეყოლებათ. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში „ნიუკასლმა“ თვით „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშა 1:1. ხონასის შეცვლა ალან პერდიუსთვის გარკვეული გაგებით პრობლემაა, რადგან ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინელის პოზიციაზე ბუნებრივად შეუძლია თამაში, სილვაინ მარვო, დაშავებულია. სავარაუდოდ, მწვრთნელი ჰატემ ბენ არფას დაავალებს მისთვის ცოტა უჩვეულო საქმეს.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ „კაჭკაჭებს“ საქმე კარგად აქვთ. მათ ფორმაში ჰყავთ დემბა ბა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 12 შეხვედრაში აქვს ნათამაშები და 9 გოლი გატანილი.

„ნიუკასლისთვის“ ამ შეხვედრაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ პერდიუს გუნდი მოიგებს, ოთხეულში ადგილს განიმტკიცებს და საგაისოდ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის დიდ განაცხადს გააკეთებს. „კაჭკაჭებისთვის“ ეს მართლაც დიდებული იქნება თუ... სტადიონის საუკუნოვანი სახელწოდების გამოცვლისთვის სენტ ჯეიმსი არ გაუწყრებათ.

„მანჩესტერ სიტი“ „ნორვიჩს“ მასპინძლობს. ეს ორი გუნდი ერთმანეთს ბოლოს სულ სხვანაირად შეხვდა. 2005 წლის მარტში, ნორვიჩის „ქეროუ როუდზე, სტუმრებმა თავიდან ორი გოლი გაუშვეს, მერე კი ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. ამ სამიდან ორი, მათ შორის ბოლო, გადამწყვეტი, 90-ე წუთზე რობი ფაულერმა შეაგდო. მაშინ მანჩესტერელების სათადარიგოთა სკამზე 33 წლის ვეტერანი სტივ მაკმანამანიც იჯდა - ფაულერი და მაკმანამანი, მოგეხსენებათ, ოდინდელი ლივერპულელები იყვნენ.

დღეს სხვა მდგომარეობაა. სცადონ, ერთი ნორვიჩელებმა „სიტის“ კარში გოლების გატანა. ზოგადად კი „ნორვიჩის“ საქმე სულაც არ არის ცუდად. პრემიერლიგაში ახალი დაბრუნებული 13 ტურის შემდეგ მეათე ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში გუნდს დიდი წარმატებით უდგას სათავეში შოტლანდიელი მწვრთნელი, პოლ ლამბერტი - სწორედ ის, ფეხბურთელობის დროს დორტმუნდის „ბორუსიას“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ მიაღწია წარმატებებს: ჯერ პირველი ლიგიდან ჩემპიონშიპში აღზევდა, მერე კი ჩემპიონშიპიდან - პრემიერლიგაში.

„სიტის“ მდევარი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბირმინგემში მიდის „ასტონ ვილასთან“ სათამაშოდ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს „იუნაიტედს“ აქა-იქ ფეხი უსხლტება, სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებს იოლი თამაში ნამდვილად არ ელით. მერედა, „იუნაიტედს“ „ვილა პარკზე“ ზედიზედ სამი სეზონია საქმე კარგად არ წასვლია. აქ მანჩესტერელებმა, ბოლოს, 2007 წელს გაიმარჯვეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბოლო შეხვედრა, რომელიც 2:2 დასრულდა და ოთხივე გოლი ოცწუთიან მონაკვეთში გავიდა.

„ვილას“ თავკაცი, ალექს მაკლიში კმაყოფილია, რომ მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან ჯერმაინ ჯენასი და ბერი ბენანი. ახალგამოჯანმრთელებულმა წყვილმა წინა ტურში 90 წუთის თამაში ვერ შეძლო და მოედანზე გვიან შევიდნენ, ახლა კი თავიდანვე ითამაშებენ.

„არსენალი“ "უიგანს" ეთამაშება და კიდევ ერთი გამარჯვების შესანიშნავი შანსი აქვს. მოგეხსენებათ, „მეთოფეებმა“ სეზონი მძიმედ დაიწყეს, თუმცა მერე გონს მოეგნენ და დღეს, ყველა შეჯიბრებაში ერთად თუ დავუთვლით, ბოლო 13 შეხვედრიდან 11 მოგებული აქვთ. პრემიერლიგაში, ბოლო 6 ტურში ქულები პირველად გასულ შაბათს დაკარგეს, როდესაც „ფულჰემთან“ ვერ გაიმარჯვეს - 1:1. შემდეგ, ამას მოჰყვა „ქარლინგის თასის“ მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 მარცხი. რამაც „მეთოფეებს“, ალბათ, ნირი ცოტათი მაინც წაუხდინა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მათი დღევანდელი მეტოქე სუსტი გუნდია და კვლავ გამარჯვების გზებზე დადგომის საშუალებაც გამოჩნდა.

„უიგანი“ სუსტიაო, ვთქვით. წინა ტურში რობერტო მარტინესის შეგირდებმა „სანდერლენდს“ 2:1 მოუგეს, ერთი კვირით ადრე კი „ბლექბერნთან“ ითამაშეს დრამატული 3:3, თუმცა მანამდე ნამდვილი კატასტროფა იყო - ყველა შეჯიბრებაში ერთად, გუნდმა ზედიზედ 9 თამაში წააგო.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ზედიზედ 10 წაუგებელ შეხვედრას, ალბათ, ერთს კიდევ მიამატებს. დიდი შანსია, ეს გამარჯვება იყოს, რადგან მეტოქე „ბოლტონია“, გასავარდნი სამეულის გუნდი. შეგახსენებთ, რომ „დეზებმა“ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ და მეორე შეხვედრაში მანჩესტერის გუნდებთან წააგეს, მერე კი ფეხზე წამოდგნენ და დღეისათვის ნაკლული თამაშით მესამე ადგილზე არიან. „სფურზის“ თავკაცი, ჰარი რედნაპი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა შესაძლოა ჩემპიონობასაც კი გამოჰკრას ხელი:

„ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა, ჩვენ კი კარგი გუნდი გვყავს. სწრაფად ვთამაშობთ, არც ათლეტიზმი გვაკლია, შემადგენლობა გვარიანად ახალგაზრდულია და იმავდროულად, გამოცდილი ფეხბურთელებიც თავისას აკეთებენ. ვაზუსტებ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით, არამედ იმას, რომ შეიძლება ჩემპიონები გავხდეთ“.

იმან, რომ რამდენიმე დღის წინ „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ევროპალიგის შეხვედრაში სალონიკის პაოკ-თან შინ 1:2 წააგო, არ უნდა მოგვატყუოს, რადგან რედნაპს იმთავითვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ ამ შეჯიბრებას სერიოზულად არ მიუდგებოდა და მასში მეორე შემადგენლობას ათამაშებდა.

როი ჰოჯსონის „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ იმედოვნებს, რომ კალენდარი მე-14 ადგილიდან მაღლა ასვლის საშუალებას მისცემს. დღეს „ვესტ ბეომვიჩი“ „ქუინზ პარკთან“ ჩადის, ლონდონში, მერე კი „უიგანთან“ და „ბლექბერნთან“ უწევს თამაში. „რეინჯერსს“ ბევრი ტრავმირებული ჰყავს. თუნდაც ასეთი მაგალითი მოვიტანოთ: გუნდის პირველი და მეორე მეკარეები დაშავებულები არიან და კარის დაცვა მესამე მეკარეს, რადეკ ჩერნის მოუწევს.

„ბლექბერნი“ „სუონსის“ მასპინძლობს და ამ შეხვედრაში კვლავ მოვისმენთ მასპინძელი ფანების პროტესტს - ისინი მწვრთნელის, სტივ კინის სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ. გასაკვირი არც არის, „ბლექბერნი“ ხომ ცხრილის ფსკერზეა.

„სუონსიმ“ ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო. ვითომ, მაინცდამაინც აუტსაიდერთან წააგებს მეორეს?

„სანდერლენდმა“ ამ დღეებში, მოგეხსენებათ, მწვრთნელი, სტივ ბრუსი გაუშვა და ვულვერჰემპტონში მისი ასისტენტის, ერიკ ბლეკის ხელმძღვანელობით ითამაშებს. თუმცა, როდესაც ერთმანეთს მე-16 და მე-17 ადგილზე მყოფი გუნდები თამაშობენ, ამას დიდი მნიშვნელობა შესაძლოა არც ჰქონდეს. მთავარია, ვინ, როგორი შემართებით იბრძოლებს.

„სტოკ სიტი“ ლივერპულში, „ევერტონთან“ სათამაშოდ შესანიშნავ გუნებაზე მიდის - სტოკელებმა ამ კვირაში თავიანთი ევროისტორია შექმნეს. კერძოდ, მათ ხუთშაბათს კიევის „დინამოსთან“ 1:1 ითამაშეს და დიდი შანსი აქვთ ევროპალიგის პლეი ოფში მოხვდნენ. მეორე მხრივ, „გუდისონ პარკზე“ „სტოკს“ 1981 წლის შემდეგ არ მოუგია.

„ლივერპული“ ორშაბათს ლონდონში „ფულჰემთან“ მიდის სათამაშოდ. მერსისაიდელებს ყველა შეჯიბრებაში ერთად, 7 შეხვდრაში არ წაუგიათ. „კრეივენ კოტეჯზე“ გამარჯვებას „წითლებისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური
დღეს
ნიუკასლი-ჩელსი 16:45
ტრავმა: ბესტი, ტიოტე, მარვო - ესიენი
დისკვალიფიკაცია: ხონასი (ნიუკ)

ბლექბერნი-სუონსი 19:00
ტრავმა: ნზონზი, ოლსონი, სამბა, რ. ნილსენი, გრელა - ტატე

მანჩესტერ სიტი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: ვუგანი, უიტბრედი, უორდი (ნორვ)

ქუინზ პარკი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: ჰელგიუსონი, რაიტ-ფილიპსი, კენი, ტრაორე, მერფი, დ.ჯ. კემპბელი, კონოლი, დაიერი, ჰალსი - გერა

ტოტენჰემი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: ვან დერ ვაარტი, როუზი, კრანჩარი, ჰადლსტოუნი, დოუსონი – რაილი, გარდნერი, ალონსო, ჰოლდენი, მირსი, ლი, შ. დევისი
დისკვალიფიკაცია: უიტერი (ბოლტ)

უიგანი-არსენალი 19:00
ტრავმა: ალკარასი, კირკლენდი – ჯენკინსონი, გიბზი, მაიაჩი, სანია, უილშირი

ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი 21:30
ტრავმა: ლიჩაი – ანდერსენი, უელბეკი, ოუენი, კლევერლი

ხვალ:
ევერტონი-სტოკი 19:00
ტრავმა: დისტინი, ფ. ნევილი, როდუელი, ენიჩიბე – ეზერინგტონი, სიდიბე

ვულვზი-სანდერლენდი 20:00
ტრავმა: სტირმენი, ფოული – გორდონი, უიკჰემი, მინოლე, ფ. კემპბელი
დისკვალიფიკაცია: ჰენრი (ვულ)

ზეგ
ფულჰემი-ლივერპული 24:00
ტრავმა: დაფი, სიდუელი, კელი, გრიგერა, სა, ს.დევისი – ჯერარდი


თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 13 11 2 0 43-12 35
2. მანჩესტერი 13 9 3 1 30-13 30
3. ტოტენჰემი 12 9 1 2 26-16 28
4. ნიუკასლი 13 7 5 1 19-12 26
5. ჩელსი 13 8 1 4 28-17 25
6. არსენალი 13 7 2 4 26-23 23
7. ლივერპული 13 6 5 2 17-12 23
8. ასტონ ვილა 13 3 7 3 16-17 16
9. ევერტონი 12 5 1 6 15-16 16
10. ნორვიჩი 13 4 4 5 19-21 16
11. ქუინზ პარკი 13 4 3 6 14-24 15
12. სტოკი 13 4 3 6 13-23 15
13. სუონსი 13 3 5 5 12-16 14
14. ვესტ ბრომვიჩი 13 4 2 7 12-20 14
15. ფულჰემი 13 2 6 5 15-16 12
16. სანდერლენდი 13 2 5 6 15-15 11
17. ვულვზი 13 3 2 8 13-23 11
18. ბოლტონი 13 3 0 10 19-31 9
19. უიგანი 13 2 3 8 12-24 9
20. ბლექბერნი 13 1 4 8 17-30 7

ბომბარდირები
13 - ვან პერსი (არსენალი); 10 - ჯეკო (სიტი), აგუერო (სიტი); 9 - ბა (ნიუკასლი), რუნი (იუნაიტედი); 7 ადებაიორი (ტოტენჰემი); 6 - ბალოტელი (სიტი), ერნანდესი (იუნაიტედი), კლასნიჩი (ბოლტონი), ლემპარდი (ჩელსი), სტარიჯი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბენტი (ასტონ ვილა), დეფო (ტოტენჰემი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), იაკუბუ (ბლექბერნი); 4 - ბეილი (ტოტენჰემი), გრემი (სუონსი), სუარესი (ლივერპული).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული