აგდებენ თუ არა მაკდონალდს?

AutoSharing Option
კევინ მაკდონალდის განკარგულებაში ორი თამაშია. "ასტონ ვილას" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, შემდგომ ორ შეხვედრაში, კლუბის ამერიკელ მეპატრონეს რენდი ლერნერს უნდა დაუმტკიცოს, რომ გუნდის თავკაცის რანგში მუდმივმოქმედი კონტრაქტის ღირსია. მილიარდელს თავადაც უნდა, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა მარტინ ო'ნილი საბოლოოდ შეცვალოს და ამბობს, რომ "ნიუკასლთან" 6:0 წაგებას მასზე არ უმოქმედია.

მაინც, რა თამაშები უწევს მაკდონალდს? დღეს ბირმინგემელები ევროლიგაში ვენის "რაპიდს" მასპინძლობენ, ხოლო კვირას, პრემიერლიგის მესამე ტურში "ევერტონს" უნდა დაუხვდნენ. კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ნიუკასლის ამბავი შემთხვევითობა იყო და მეტი არაფერი. მათ, ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის
შემდეგ "ბოდიმურ ჰითის" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებიც გამოკითხეს და დაინახეს, რომ ყველას შოტლანდიელის დატოვება სურს. როგორც მოგახსენეთ, თავად ხელმძღვანელთა განწყობაც ასეთია. ერთი სიტყვით, თუ ფეხბურთელებს "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველის დატოვება სურთ, უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში რაც შეიძლება კარგად უნდა ითამაშონო, წერენ ინგლისური წყაროები. მაკდონალდს ხმამაღლა და ოფიციალურად დაუჭირა მხარი "ვილას" კაპიტანმა სტილიან პეტროვმაც.

თუმცა, საინტერესოა ასეთი ამბავი: თავად მაკდონალდს კი სურს "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავება? მას ხომ ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი განუცხადებია. რასაკვირველია, მისი საქციელიდან ჩანს, რომ ის წინააღმდეგი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მთელი 15 წელიწადია ამ კლუბში მუშაობს, მაგრამ მეორე მხრივ, არაფერზე ეტყობა, რომ ის საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს და პასუხისმგებლობას ეშურებოდეს.

ლერნერმა, თავის მხრივ, დიდი მადლობა გადაუხადა "ვილას" თანამშრომლებს. ამერიკელი მეპატრონე კმაყოფილია თუ როგორ მოიქცნენ ეს
ადამიანები მას შემდეგ, რაც გუნდის წინა მწვრთნელმა, ზემოხსენებულმა მარტინ ო'ნილმა ყველას გასაკვირად, ქუდი დაიხურა და გუნდი უეცრად დატოვა. წინა კვირაში მილიარდელმა უკლებლივ ყველა "ვილა პარკზე" შეკრიბა და გულწრფელად და საფუძვლიანად ელაპარაკა. სწორედ იქ თქვა მეპატრონემ, რომ მისთვის მწვრთნელის თანამდებობაზე ყველაზე სასურველი კევინ მაკდონალდია. მან დიდი მადლობა გადაუხადა "უჩინარ" მწვრთნელებს ტონი მაკენდრიუსა და გორდონ კოუენს, რომელთაც გაჭირვების ჟამს თავიანთი უშუალო მოვალეობის გარდა პირველი გუნდისთვის საჭირო სხვა ფუნქციებიც იტვირთეს. საქმე ის გახლავთ, რომ გაქცეულ ო'ნილს უკან გაყვნენ მისი ასისტენტი, მეკარეთა მწვრთნელი და შტაბის კიდევ ორი წარმომადგენელი. ბუნებრივია, მათ მიერ მიტოვებულ საქმეებს გაკეთება სჭირდებოდა. ამ თანამდებობებზე ხალხი ახლაც საშოვნელია.

და მაინც, თუ მაკდონალდისსგან "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი არ გამოვიდა, მაშინ რას აპირებს ლერნერი? გაზეთები წერენ, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე სასურველი კანდიდატი გუნდის ოდინდელი თავკაცი გრემ ტეილორი იქნება, თუმცა ტელიორის მიწვევა პრობლემურია, რადგან ის სულ ახლახან დანიშნეს "უოტფორდის" თავმჯდომარედ.
რაც შეეხება მოთამაშეთა ტრავმებს, ამ ფრონტზე მაკდონალდს საქმე უკეთესად აქვს: უკვე სრულყოფილად ივარჯიშეს კარლოს კუელიარმა, ჯეიმს კოლინზმა და გაბრიელ აგბონლაორმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული