გრემ პოლი: გასაგდები იყო!

AutoSharing Option
ფიფას ყოფილმა არბიტრმა და "დეილი მეილის" ექსპერტმა, გრემ პოლმა "ფულჰემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს თავისი კომენტარი გაუკეთა. ის დარწმუნებულია, რომ ჯეი სპირინგი მუსა დემბელესთან ორთაბრძოლაში მოედნიდან გასაგდები იყო და არბიტრი კევინ ფრენდი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც მას წითელი ბარათი ამოუღო.

"მიუხედავად იმისა, რომ დემბელესთან ორთაბრძოლის დროს სპირინგი ჯერ ბურთს შეეხო და მეტოქეს მერეღა მიენარცხა ის მოედნიდან მაინც გასაგდები იყო - დაწერა პოლმა თავის ტრადიციულ სვეტში - ლივერპულელი თავის სხეულსა და მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდა. ის მთელი ძალით გაქანდა და ჯერ
ბურთს რომ შეეხო, მხოლოდ გამართლების ამბავი გახლდათ.

ამიტომაც იყო ფრენდი ვალდებული ფეხბურთელის საქციელი სერიოზულ დარღვევად ჩაეთვალა და ის მოედნიდან გაეძევებინა. მსაჯის უპირველესი ამოცანა ფეხბურთელების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და თუ რომელიმე მოთამაშის ქცევა სხვის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, ის გასაძევებელია.

შეამოწმეთ ვიდეოჩანაწერი, ნახეთ ფოტოებზე. ძნელია იმას, რაც სპირინგმა გააკეთა მძვინვარე და უხეში არ უწოდო. რად უნდა ლაპარაკი, რომ ის დემბელეს ჯანმრთელობას ხიფათს უქმნიდა. დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ ბურთისთვის ფეხის მიკვრა ფეხბურთელს პასუხისმგებლობას არ უხსნის. ამის შესანიშნავი ნიმუში გახლდათ სპირინგისა და დემბელეს ეპიზოდიც.

"ლივერპულს" შეუძლია თქვას, რომ შეხვედრა "ფულჰემსაც" ათი კაცით უნდა დაესრულებინა. ლაპარაკია ფილიპ სენდეროსის ორ საყვითლე უხეშობაზე. პირველ შემთხვევაში, როდესაც სენდეროსმა ჩარლი ადამი წააქცია, ფრენდი სწორად მოიქცა ყვითელი ბარათი რომ ამოიღო, ხოლო მეორე ეპიზოდი, როდესაც სენდეროსი უკვე ენდი ქეროლს დაესხა ზურგს უკნიდან, მსაჯმა ვერ დაინახა, თორემ ლონდონელთა ფეხბურთელს, რასაკვირველია, გააგდებდა. სამწუხაროდ, ფეხბურთის მსაჯებს ვიდეოჩანაწერების ნახვის ფუფუნება არ გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული