მასკერანოს გაფიცვა და გაღიზიანება

AutoSharing Option
ლივერპულის" ვარჯიშზე უჩვეულო რამ მოხდა - არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელები გვარიანად გააღიზიანა. მან მერსისაიდელთა წამყვან ფეხბურთელებს გაოცებისგან პირი ჯერ კიდევ ორშაბათს დააღებინა, როცა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა. ეს ნამდვილი გაფიცვა იყო. სამშაბათს კი ფეხბურთელმა, რომლის ყიდვასაც "ბარსელონა" ლამობს, ცალკე ივარჯიშა.
მავანმა თვითმხილველმა "სანს" უამბო: "ორშაბათს, მწვრთნელს როი ჰოჯსონს 4-2-3-1 განლაგებით უნდოდა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაში.

ამ ვარიანტში ლუკასი და მასკერანო ჩამშლელი ნახევარმცველების პოზიციაზე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მასკერანომ გაფიცვა გამოაცხადა და გუნდიც იძულებული შეიქნა ნაკლებად სასურველ 4-4-2 განლაგებაზე
გადასულიყო. თანაგუნდელის ასეთმა ქცევამ წამყვანი ფეხბურთელები საკმაოდ გააღიზიანა. ეს სამშაბათ დილის ვარჯიშსაც დაეტყო. ამ გუნდში ხომ "ლივერპულის" სულით გაჟღენთილი რამდენიმე ფეხბურთელია და მათ მასკერანოს ჭირვეულობა სერიოზულად მოხვდათ გულზე".

სამშაბათს კი, მოგეხსენებათ, თავიდან გაჩნდა იმედი, რომ "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის საერთო ენა გამოიძებნება - ადრე კატალონიელები არგენტინის ნაკრების კაპიტანში 30,5 მილიონ ევროს გადახდას უარობდნენ, თუმცა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირდაპირ განაცხადა, რომ მის გუნდს ერთი ჩამშლელი ნახევარმცველიღა სჭირდება და შემადგენლობის საკითხი მოგვარებული იქნება.
ამავდროულად, საფეხბურთო ბროკერმა კით ჰერისმა განაცხადა, რომ ეგულება მავანი უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც "ლივერპულში" 610 მილიონი ევროს გადამხდელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული