იოსი ბენაიუნი: ფაბრეგასი და ნასრი წარსულია

AutoSharing Option
"არსენალის" 31 წლის ებრაელი ვარსკვლავი, იოსი ბენაიუნი ამბობს, რომ "მეთოფეთა" ფანებს ყოფილი კერპები, 24 წლის სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი აღარც ახსოვთ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრების ვეტერანი "ემირეიტ სთედიუმზე" "ჩელსიდან", იჯარის სახით, 31 აგვისტოს გადავიდა. "მეთოფეებს" იმავე დღეს შეემატნენ მიკელ არტეტა, პერ მერტეზაკერი და ანდრე სანტოსი.

შემტევი ნახევარმცველი, რომელიც კიდევ უფრო ადრე "ლივერპულში" თამაშობდა, ამბობს: "დიახ, "არსენალმა" ორი უდიდესი ვარსკვლავი დაკარგა. ფაბრეგასიცა და ნასრიც შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. მათი წასვლის შემდეგ ფანები, ალბათ, კიდევ უფრო სახელიანი მოთამაშეების ყიდვას ელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ
კლუბი დიდძალ ფულს დახარჯავდა, მაგრამ მგონი, იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც არსენ ვენგერმა სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს იყიდა გაამართლეს. გუნდს სეზონის დასაწყისი ნამდვილად კოშმარული ჰქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვა მდგომარეობაა.

მწამს, გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, აქ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ფაბრეგასი და ნასრი უკვე მიივიწყეს. მათ "ემირეიტ სთედიუმზე" აღარავინ მისტირის.

პირადად მე "არსენალში" ყოფნის ყოველი წამი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა, მოგეხსენებათ, აქ ქირით ვარ და სეზონის დამთავრების შემდეგ რა მოხდება, ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი კონტრაქტში წერია, რომ თუ "მეთოფეებს" მოვეწონები, უფლება მიეცემათ "ჩელსისგან" გამომისყიდონ. სხვა სიტყვებით, ის ორი წელიწადი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა გამეტარებინა, შესაძლოა "ემირეიტზე" გავატარო, მაგრამ ამისათვის საჭიროა ძალიან მოვინდომო და "არსენალის" შემადგენლობაში დავმკვიდრდე".

ჯერჯერობით, "ემირეიტ სთედიუმზე" დამკვიდრებისა რა მოგახსენოთ. რაც დასავლეთ ლონდონიდან ქალაქის ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ბენაიუნმა მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"მართალია, სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები, მაგრამ საქმეში მთელს გულსა და სულს ვდებ. ვფიქრობ, საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსთან", მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშე. ეს უკვე ჰგავდა იმას, რასაც საუკეთესო ფორმაში ყოფნისას ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ როდესაც გუნდი 3:1-ს მარცხდება, პირადად მე კმაყოფილი ვერ ვიქნები. ჩემი კარგი გამოსვლა ცუდმა შედეგმა გადაჩრდილა".

შემდეგ ბენაიუნი გამოტყდა, რომ "ჩელსის" კვლავ გულშემატკივრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ "ლურჯები" საბოლოო ცხრილში "არსენალის" შემდეგ დაიკავებენ ადგილს.

მე პროფესიონალი გახლავართ და მთელი ყურადღება "არსენალისკენ" მაქვს მიმართული" - დააგვირგვინა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული