"შავი კატების" ახალი შეფი

AutoSharing Option
მარტინ ო'ნილი ამბობს, რომ "სანდერლენდის" მწვრთნელის რანგში მისი პირველი გამოცდილება ნამდვილ საგიჟეთს ჰგავდა, მაგრამ ამ საგიჟეთის ყოველი წუთი ტკბილად მოაგონდება.

როდესაც თამაშის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე, ლიბიაში დაბადებულმა უელსელმა ფეხბურთელმა, 28 წლის დევიდ ვუგანმა "ბლექბერნთან" შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა ო’ნილი სიხარულით მეცხრე ცას ეწია, ხოლო როდესაც ბოლო წამებზე, 26 წლის შვედმა გარემარბმა, სებასტიან ლარსონმა გამარჯვების გოლიც გაიტანა, კიდევ უფრო ზევით აფრინდა. "სანდერლენდი" ამ გამარჯვების წყალობით გასავარდნთა სამეულს აცდა. თამაშამდე ახალ მწვრთნელს "სტედიუმ ოფ ლაითზე" გულშემატკივარმა მხურვალე შეხვედრა მოუწყო.

ო’ნილმა, რომელიც ადრე
"ასტონ ვილას" ედგა სათავეში, თქვა: "ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდა სიზმარს ჰგავდა. ამ დღეს სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ სამი ქულისთვის ბევრ რამეს დავთმობდი.

არა, აქ ჩემზე არ არის ლაპარაკი. დაივიწყეთ, რომ ეს ჩემი დებიუტი იყო "სანდერლენდის" მწვრთნელის რანგში. ამ გამარჯვებას ჩვენი ფეხბურთელებისთვის ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მათ ხომ საკუთარ მოედანზე ბოლო შეხვედრაში "უიგანთან" წააგეს, შემდეგ კი "ვულვერჰემპტონთან" დამარცხდნენ სტუმრად. ერთი სიტყვით, ის, რაც დღეს მოხდა მხოლოდ ცხრილისთვის კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ თავმოყვარეობის აღსადგენადაც. თუ ფანები იმის ნახევარს მაინც განიცდიან, რასაც ამწუთას მე განვიცდი, ჩვენი საქმე ძალიან კარგად ყოფილა. გულშემატკივრებმა ძალიან თბილი შეხვედრა მომიწყვეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული