25 წლის კოლინს კამერა 2010 წლის მაისში, ამერიკული პოპ-ჯგუფის, Black Eyed Peas-ის კონცერტზე მოპარეს. კონცერტიც მანჩესტერში, MEN Arena-ზე გაიმართა. აპარატში ინახებოდა რუნების ოჯახური ცხოვრების ამსახველი უამრავი ფოტო. აქ იყო საკუთრივ უეინის, კოლინის, მათი ბიჭუნა კაის და სხვა სურათები.
სასამართლომ მოისმინა, რომ კამერა ხელში ჩაუვარდა მავან ლი პლატს რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კლუბის ოფისში დარეკა და ფეხბურთელის აგენტი, პოლ სტრეტფორდი იკითხა.
"ჩვენ უეინ რუნის ფოტოკამერის მეხსიერება გვაქვს. აქ უნიკალური ფოტოებია. გადაღებულია ოჯახური წვეულებები, სახლი, ბავშვის დაბადების პერიოდი, კოლინის სიმთვრალე..."
პლატმა თქვა, რომ აგენტმა სტრეტფორდმა აპარატის სანაცვლოდ 200 ფუნტი შესთავაზა, მან კი თითო სურათში 100 ფუნტი ითხოვა. ამის შემდეგ, სასამართლომ მოისმინა, რომ პლატმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან ურთიერთობის მენეჯერ ბერი მურჰაუსსაც დაურეკა და კამერის სანაცვლოდ, თავიდან 1000 ფუნტი ითხოვა, შემდეგ კი 5 ათასზე ავიდა. მურჰაუსმა თქვა, რომ ის წინააღმდეგ შემთხვევაში, სურათების ყვითელი პრესისთვის მიცემით იმუქრებოდა.
პოლიციას შანტაჟისტთა რამდენიმე ზარი ეყო მათი ვინაობა, რომ გამოეთვალა და მოსალაპარაკებლად, შეხვედრაზე, თავიანთი აგენტი, ვინმე ჯეიმსი გაუშვა. პირველ შეხვედრაზე დაითქვა მეორე შეხვედრა, ამჯერად მავან სტივენ მალკოლმთან მანჩესტერის "მერიოტში", სადაც მალკოლმმა მიიტანა "ჩიპი", რომელზეც ოთხასზე მეტი ფოტო იყო ჩაწერილი. საინტერესოა, რომ პლატი დანაშაულს აღიარებს, მალკოლმი კი უარყოფს. სასამართლო გრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"