მანჩესტ-ორი კვლავ ზევითაა

AutoSharing Option
25 წლის ესპანელი დავიდ სილვას გოლით „მანჩესტერ სიტიმ“ ცხრილის სათავეში ადგილი შეინარჩუნა. ისტლენდელებმა ძლიერ მეტოქეს, „არსენალს“ მოუგეს.

არადა, სანამ ეს მატჩი დასრულდებოდა, ინტერნეტის ონლაინ-ცხრილებში პირველ ადგილზე უკვე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეწერა - ინგლისის ჩემპიონმა, რამდენიმე საათით ადრე, ლონდონში იოლად სძლია „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ - 2:0 და სულ ცოტა ხნით გაიხსენა, როგორია, როდესაც ინგლისურ ფეხბურთს ლიდერის პოზიციიდან გადმოჰყურებ.

„მეთოფეებთან“ გამარჯვებით გახარებული რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი საშობაოდ... და მერეც, მთელი სეზონის განმავლობაში, პირველ ადგილზე იქნება. კერძოდ, იტალიელმა თქვა:

„ძალიან გვინდოდა გამარჯვება,
ცხრილის სათავეში დამკვიდრება და ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა. თუ არ მოვდუნდებით და მუხლჩაუხრელ შრომას განვაგრძობთ, ბოლომდე ლიდერები ვიქნებით. რა საკვირველია, ყოველ შეხვედრაში დიდი ბრძოლები გველის. ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ უძლიერესია და მისი ჯობნის გარეშე ჩემპიონობაზე ფიქრი გულუბრყვილობა იქნებოდა. ჩვენ უშუალოდ „იუნაიტედთანაც“ გველის დიდი საგაზაფხულო ბრძოლა“.

თუმცა, საგაზაფხულო მანჩესტერულ დერბიმდე ჯერ შორია. ის 28 აპრილსაა დანიშნული. მანამდე კი ეგრეთწოდებული „ბოქსინგ დეი“ ანუ შობის მეორე დღის თამაშები მოდის. მანამდე კი, კიდევ ერთი ტურია - ინგლისში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ ვინ იქნება პირველ ადგილზე 25 დეკემბერს. „მანჩესტერ სიტი“ ისტლენდელები ხვალ, საქართველოს დროით ღამის 23 საათსა და 45 წუთზე „სტოკ სიტის“ უმასპინძლებენ და თუ მოუგებენ, 1929 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ცხრილის სათავეში. მანჩინის გაეცინა:

„ჩვენ ცხრილის სათავეში ყოფნას მარტო საშობაოდ კი არ ვაპირებთ, იქ დიდი ხნით გვინდა დამკვიდრება. „სტოკთან“, რასაკვირველია, დიდი ბრძოლა გველის. დღეისათვის „სტოკ სიტი“ „არსენალივით“ არის, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული