დღეს დიდი ბოქსინგია!

AutoSharing Option
დავიწყოთ ლიდერის თამაშით: "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" ხვდება. "ვესტ ბრომვიჩი" ის გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში სხვა სტადიონებზე შესანიშნავად თამაშობს, საკუთარ "ჰოუთორნზე" კი - რა მოგახსენოთ.

ასე მაგალითად, როი ჰოჯსონის ბიჭებმა ბოლოხანს ზედიზედ ორი სტუმრობა მოიგეს - რამდენიმე დღის წინ თვით "ნიუკასლ იუნაიტედი" ემსხვერპლათ - 3:2 და ზედა ოთხეულს პლუს "ლივერპულს" თუ არ ჩავთვლით, უცხო გარემოში ყველაზე კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ შინ... "ჰოუთორნზე" გუნდს რვა თამაშიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული და ისიც მაჩანჩალებთან. ჰოჯსონი ამბობს:

"შინ რამდენიმე შეხვედრაში მართლა კარგად
ვითამაშეთ, მაგრამ რად გინდა, ამას ჩვენთვის ქულები არ მოუტანია. არადა, თუ ცხრილის შუაში გვინდა დარჩენა, ქულების დაგროვება აუცილებელია. ვიცი, რომ შინ წარმატებული სერიის დაწყება მაინც და მაინც "ბოქსინგ დღეს" და მაინც და მაინც "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ძნელია, მაგრამ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. წინ ხომ სხვა თამაშებიც გველის, აქ, სხვა გუნდებიც ჩამოვლენ და დროა მათ დამარცხებაზე გადავიდეთ".

საინტერესო ფაქტია: "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში პენალტი გაუშვა. ჰოდა, თუ ჰოჯსონის ბიჭებს "მანჩესტერ სიტისთან" კი არა, ნებისმიერ მეტოქესთან რამე უნდათ, პენალტების "აკიდებას" თავი უნდა დაანებონ. არადა, სტატისტიკის თანახმად, "ვესტ ბრომვიჩსა" და "სიტის" შორის "ჰოუთორნზე" გამართული ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში მასპინძლებმა გაიმარჯვეს...

ისტლენდელებმა კი, ამასობაში, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა და "ჩელსისთან" წაგება გადალახეს და ორი თამაში მოიგეს - ჯერ "არსენალს" აართვეს სამი ქულა, მერე კი "სტოკს" აჯობეს თვალსაჩინოდ - 3:0. რობერტო მანჩინის ყველაზე დიდი საზრუნავი 25 წლის ბოსნიელი თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ჯანმრთელობაა. ამბობდნენ, რომ მყესის მკურნალობა გაუჯანჯლდებოდა მიკა რიჩარდსაც, მაგრამ მერე გაირკვა, რომ საქმეს ასე ცუდადაც არ არის.

იუნაიტედი შანსს ელის
სადაც "სიტი", იქაც "იუნაიტედი"... მიმდინარე პრემიერლიგაში ერთი ქალაქის ეს ორი გუნდი კვალში უდგას ერთმანეთს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონატი მათ დოღად იქცეს, ხოლო დანარჩენები დიდი ჩამორჩენით გამოედევნონ. დღეს, "იუნაიტედი" "უიგანს" მასპინძლობს.

ინგლისის ჩემპიონი, მოგეხსენებათ, "ხმაურიან მეზობელთან" ერთად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ არც ის გამტყდარა - ან კი, როდის იყო სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ტყდებოდა. ევროწარუმეტებლობის შემდეგ "იუნაიტედმა" პრემიერლიგის სამი თამაში მოიგო, რომელთაგან ბოლო, "კრეივენ კოტეჯზე" "ფულჰემის" 5:0 რბევა აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ფერგის ბიჭების ყოჩაღობის დასადასტურებლად, ასეთ ფაქტებს მოვიტანთ: ჯერ ერთი, ცხრილში ჩავხედოთ და გავიხსენოთ, რომ "იუნაიტედი" "სიტის" ორად ორი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისია მეზობელს ერთხელ დაუცდეს ფეხი, რომ ის ლიდერი გამოიცვლება და მეორე, მანჩესტერელებს "უიგანთან" ბოლო 13 დაპირისპირება არ წაუგიათ... სხვა სიტყვებით, ამ გუნდთან ფაქტობრივად არასდროს მარცხდებიან.

მეორე მხრივ, რობერტო მარტინესის "უიგანსაც" აქვს თავისი კოზირები - გუნდმა, რომელმაც რაღაც პერიოდში ზედიზედ რვა თამაში წააგო, ბოლოხანს თვალებში გამოიხედა: ბოლო ექვს შეხვედრაში ცხრა ქულა მიითვალა და თან, იმ გუნდებს შორის ვისთანაც ფრედ ითამაშა, იყვნენ "ჩელსი" და "ლივერპული".

დღევანდელი მატჩის წინ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მარტინესის სტილი მოსწონს: "იმ დღეს "ჩელსისა" და "უიგანის" თამაშს ვუყურე და ვიფიქრე, "უიგანი" რა მშვენიერი გუნდი ყოფილა, მეთქი. ეს რობერტო მარტინესის კარგ მწვრთნელობაზე მეტყველებს. იგი, მიუხედავად იმისა თუ რომელ ადგილზეა გუნდი, პრინციპს არ ღალატობს და ბიჭებს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ვიცი, ჩვენ "უიგანთან" დადებითი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდებით. გარდა ამისა, თუ ჩემპიონობა გვინდა, ფეხი გაზის პედალზე ბოლომდე უნდა გვქონდეს მიჭერილი".

მარტინესს, რასაკვირველია, "ოლდ ტრეფორდზეც" იმ შემადგენლობით ენდომება თამაში, რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში არ წააგო, მაგრამ არ არის გამორიცხული ორი კაცის შეცვლა მაინც მოუხდეს - სტივენ გოჰურის გრიპი სჭირდა და ვერც უგო როდალეგა იყო ჯანმრთელად.

თუ ყველა ქულა აიღეს...
წინ გავარდნილი მანჩესტერელების შემდეგ მესამე ადგილზე მოკალათებულ "ტოტენჰემ ჰოთსპურს" მივხედოთ: "დეზები" ნორვიჩში თამაშობენ. ჩრდილოლონდონელებს, მართალია, სხვა გუნდებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩებიან, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. "ტოტენჰემი" ხვალ თამაშობს და თუ გაუმართლებს, ხსენებულ ცხრაქულიან სხვაობას შეამცირებს, შემდეგ (22 იანვარს) კი უშუალოდაც დაუპირისპირდება რობერტო მანჩინის გუნდს.

წეღან გამართლება ვახსენეთ. დახეთ, რა ხდება: ხვალიდან 22 იანვრამდე "სფურზი" უნდა ეთამაშოს "სუონსის", "ვესტ ბრომვიჩს", "ევერტონსა" და "ვულვერჰემპტონს" - ჩამოთვლილთაგან ციდან ვარსკვლავებს ერთიც ვერ წყვეტს. სულაც არ არის გამორიცხული ჰარი რედნაპის ბიჭებმა ამ შეხვედრაში ბლომად ქულები მოხვეტონ და ისე ჩავიდნენ "ეტიჰედზე".

"ნორვიჩზე" კი რა გითხრათ... თავად ხედავთ, ცხრილში მე-9 ადგილზეა და ტრავმების თვალსაზრისითაც არ სჭირს დიდი უბედურება. ერთი სიტყვით, მთლად იოლი დასამარცხებელი არ უნდა იყოს.

სულ სხვა ჩელსი
მეოთხეზეა "ჩელსი", რომელიც "ფულჰემს" მასპინძლობს, თუ გეოგრაფიულად გვერდიგვერდ მოარსებე ორი დასავლეთლონდონური კლუბის შეხვედრას სტუმრობა ჰქვია. "ლურჯებმა" "ტოტენჰემთან" და "უიგანთან" 1:1 ითამაშეს, რის გამოც ლიდერთან 11 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ, მაგრამ მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ ამიერიდან მისი ფეხბურთელები სხვანაირად ათამაშდებიან:

"ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. "ტოტენჰემთან" 1:1-ზე მე პირადად ასე ვფიქრობ - ჩვენ შევხვდით ტიტულის ერთ-ერთ კანდიდატს და მასთან ქულების გაყოფა წარუმატებლობაზე მეტად წარმატებული შედეგია. ადრე უარეს მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ გამოვძვერით და იყო მომენტი, ლიდერს მხოლოდ 7 ქულით ჩამოვრჩებოდით, ასე რომ, ბრძოლა დამთავრებული სულაც არ არის".

რაც შეეხება "ჩელსისა" და "ფულჰემის" ურთიერთშეხვედრებს, სტატისტიკა ასეთია: მეზობლები პრემიერლიგაში ოცჯერ დამდგარან ერთმანეთის პირისპირ და ამ შეხვედრებიდან 12 "ლურჯებმა" მოიგეს, 7 კი ფრედ დამთავრდა. გამოვიდა, რომ "ფულჰემს" ერთადერთხელ გაუმარჯვია. ეს 2006 წლის მარტში მოხდა.

ვილაშ-ბოაშს, ამ შეხვედრაში, შესაძლოა ბრაზილიელი მცველი, დავიდ ლუიზი დაუბრუნდეს. რაც შეეხება "ფულჰემს" მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა სავალალოა: რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შინ 5:0 რომ წააგო, მოგეხსენებათ, ამას გარდა კი დავძენდით, რომ ბოლო ცხრა შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა.

ვან პერსი შირერის რეკორდს დაემუქრა
"არსენალი" "ვულვერჰემპტონს" მასპინძლობს. "მეთოფეებმა" ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოიგეს და სეზონის კოშმარული სტარტის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე არიან. ჩრდილოლონდონელთა კარგ შედეგებს საფუძვლად ჰოლანდიელი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის საუცხოო ფეხბურთი უდევს.

დღეს, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ვან პერსის ჯერ კიდევ აქვს ალან შირერის რეკორდის გაუმჯობესების შანსი: შირერს, თავის დროზე, კალენდარული წლის განმავლობაში 36 გოლი გაუტანია. 2011 წლის დამთავრებამდე ჰოლანდიელს დღევანდელის გარდა კიდევ ერთი თამაში აქვს მარაგში.

მიმომხილველები წერენ, რომ ვან პერსის საუცხოო თამაში რამდენიმე თანაგუნდელის შესანიშნავი ასისტენტობით არის განპირობებული. კერძოდ, გამოყოფენ ალექს სონგს, ჟერვინიოს, რომელსაც მისთვის ხუთი საგოლე პასი აქვს მიწოდებული და არონ რემსის, რმელმაც ჰოლანდიელს ოთხჯერ გაატანინა.

"ლივერპული" კი "ბლექბერნს" მასპინძლობს. როგორია: "ბლექბერნმა" ოთხშაბათს "ბოლტონთან" წააგო 2:1, ცხრილის ფსკერზე ჩაეშვა და ახლა "ენფილდ როუდზე" უწევს სტუმრობა... თუმცა, ეს კიდევ არაფერი - 31 დეკემბერს "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა ჩააკითხოს.

გეხსომებათ, რომ ბლექბერნელთა თავკაცი სტივ კინი ფანების არანორმალური ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, მაგრამ ვინ იცის, "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" ქულები რომ დააკარგინოს, შესაძლოა მისცენ კიდეც მუშაობის გაგრძელების საშუალება. თუმცა, ეს, ალბათ, საახალწლო ზღაპარს უფრო ემსგავსება.

"სუონსი" დასავლეთ ლონდონიდან ჩასულ სტუმარს, "ქუინზ პარკ რეინჯერსს" მასპინძლობს. ეს იქნება ცხრილის ქვედა ნახევარში მოხვედრილი გუნდების დაპირისპირება, რომელსაც, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს. უელსური გუნდი მიმდინარე სეზონში თითქოს ცუდად არ თამაშობს, მაგრამ სტუმრად კაგრავს ქულებს და მე-14 ადგილზეც ამიტომ არის.

"სტოკ სიტისა" და "ასტონ ვილას" დაპირისპირება კი უფრო ცხრილის შუაში თბილად დამკვიდრებისთვის ბრძოლაა, თუმცა, მასპინძლებმა კარგად იციან, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა საგაისო ევროთასებზეც დაიწყონ ფიქრი.

"სანდერლენდი" "ევერტონს" მასპინძლობს - "შავ კატებს" ახალი თავკაცის, მარტინ ო'ნილის ხელში მდგომარეობის გამოსწორების პროგრამა აქვთ შედგენილი და ლივერპულელების ძლევით ახალი ცხოვრების გზაზე მორიგი ნაბიჯს გადადგამენ. ბოლოს "სანდერლენდმა" "ევერტონს" 2001 წელს მოუგო...

"ბოლტონი" "ნიუკასლს" მასპინძლობს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ბოლტონელებმა წინა ტურში "ბლექბერნი" დაამარცხეს, ცხრილში ადგილი გაუცვალეს და თუ დღეს ზედიზედ მეორე მოგებასაც მიაყოლებენ... ისე, "ბოლტონს" ზედიზედ ორი თამაში შარშანდელი აპრილის შემდეგ არ მოუგია.

დღეს
ჩელსი-ფულჰემი 17:00
ტრავმა: ტერი, ივანოვიჩი, დ. ლუიზი, ესიენი - ს. დევისი, შვარცერი, სიდუელი, გრიგერა
დისკვალიფიკაცია: რამირესი (ჩელ)

ბოლტონი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: უიტერი, რიკეტსი, რაილი, გარდნერი, მირსი, ლი, ჰოლდენი, შ. დევისი - უილიამსონი, კაბაიე, გოსლინგი, ლოვენკრანდსი, გათრი, ს. ტეილორი, მარვო
დისკვალიფიკაცია: გოსლინგი (ნიუკასლი)

ლივერპული-ბლექბერნი 19:00
ტრავმა: ლეივა, ჯერარდი, სპირინგი -დანი, სალგადო, ოლსონი, ჟივე, გრელა, ნილსენი

მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 19:00
ტრავმა: ე. იანგი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ფაბიო, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი - როდალეგა, კირკლენდი

სანდერლენდი-ევერტონი 19:00
ტრავმა: ბერდსლი, ბრაუნი, უიკჰემი, ტერნერი, ანხელერი, გორდონი, მინოლე, ფ. კემპბელი - მაკოლი, როდუელი, ენიჩიბე

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტრავმა: მულუმბუ, შარნერი, მორისონი, გერა - ჰარგრივზი, კოლაროვი, ჯეკო

სტოკი-ასტონ ვილა 23:45
ტრავმა: შოუკროსი, უილენი, უილკინსონი, სიდიბე - კოლინზი, ჰესკი, ბენტი, ჰერდი, გივენი, ლიჩაი
დისკვალიფიკაცია: ჰატონი (ასტ)

ხვალ
არსენალი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: ჯურუ, სონგი, სანტოსი, ფაბიანსკი, მანონე, დიაბი, ჯენკინსონი, გიბსი, სანია, უილშერი - ო’ჰარა, ფოული, ედუარდსი, კრედოკი

სუონსი-ქუინზ პარკი 21:00
ტრავმა: დაიერი, ბოდე, ტატე - ბოთროიდი, გებიდონი, ა. ფერდინანდი, მერფი, ჰალსი, დაიერი

ნორვიჩი-ტოტენჰემი 23:30
ტრავმა: აიალა, დე ლაეტი, ვუგანი, უორდი - დეფო, ლენონი, ბეილი, ჰადლსტოუნი, დოუსონი
დისკვალიფიკაცია: ნაფტონი (ნორ)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 17 14 2 1 53-15 44
2. იუნაიტედი 17 13 3 1 42-14 42
3. ტოტენჰემი 16 11 2 3 32-19 35
4. ჩელსი 17 10 3 4 35-20 33
5. არსენალი 17 10 2 5 33-25 32
6. ლივერპული 17 8 6 3 20-13 30
7. ნიუკასლი 17 7 6 4 23-22 27
8. სტოკი 17 7 3 7 18-28 24
9. ნორვიჩი 17 5 6 6 27-31 21
10. ვესტ ბრომვიჩი 17 6 3 8 19-26 21
11. ევერტონი 16 6 2 8 17-19 20
12. ასტონ ვილა 17 4 7 6 19-23 19
13. ფულჰემი 17 4 6 7 18-23 18
14. სუონსი 17 4 6 7 16-21 18
15. სანდერლენდი 17 4 5 8 21-21 17
16. ქუინზ პარკი 17 4 4 9 17-31 16
17. ვულვზი 17 4 3 10 19-32 15
18. უიგანი 17 3 5 9 15-30 14
19. ბოლტონი 17 4 0 13 22-39 12
20. ბლექბერნი 17 2 4 11 24-38 10

ბომბარდირები: 16 - ვან პერსი (არსენალი); 13 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი), იაკუბუ (ბლექბერნი); 9 - ადებაიორი (ტოტენჰემი) , სტარიჯი (ჩელსი); 8 - ბალოტელი (სიტი); 7 - ჰოლტი (ნორვიჩი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული