სავიჩი აქა, გაიტანი - იქა

AutoSharing Option
ლისაბონის "სპორტინგი" მზადაა, იანვარში "მანჩესტერ სიტის" 20 წლის ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი იჯარით გადაიყვანოს, - გვამცნობს Goal.com-ი. წყაროს მტკიცებით, ამ ტრანსფერის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან ფეხბურთელმა "ქალაქელების" ხელმძღვანელობას უმორჩილესად სთხოვა, რომ მისთვის სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება მიეცათ.

ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტი ზორან სტოიადინოვიჩი. აღსანიშნავია, რომ სავიჩის გადაბირებას "ლომები" ზაფხულზეც გეგმავდნენ, მაგრამ "სიტიმ" "პარტიზანს" 7 მილიონი ევრო გადაუხადა და "სპორტინგის" წინადადება გადაფარა.

პორტუგალიური პრესა ხშირად წერს, რომ "ბენფიკას" 23 წლის არგენტინელი მარცხენა ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის გადაბირებით ევროპული ფეხბურთის გრანდები არიან
დაინტერესებულნი (მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედი"). ჩვენი პორტუგალიელი კოლეგები როგორც იქნა დაუკავშირდნენ ნიკოლასს და კომენტარი სთხოვეს.

"მოვლენათა განვითარებას მშვიდად ველოდები, რადგან "ეშტადიო და ლუჟიდან" წასვლა ნამდვილად არ მეჩქარება. ასე რომ, ჩემს გადაწყვეტილებაზე მათი ინტერესი საერთოდ ვერ ახდენს გავლენას. "იუნაიტედის" გარდა სხვების ინტერესზეც მსმენია. ყოველივე ეს ერთადერთ რამეს ამტკიცებს: კარგად ვთამაშობ, მეტი არაფერი.

ჩემი მხრივ მხოლოდ ის მინდა, რომ პროფესიულ ასპარეზზე სულ უფრო მაღლა მოვახერხო ასვლა და "ბენფიკას" გამარჯვებებში დავეხმარო. აქ თავს მართლა იდეალურად ვგრძნობ. აშკარაა, რომ კლუბში ყველა მენდობა. აი, ეს არის ჩემი დღევანდელი დღე. მომავალი? არ მინდა ამაზე ფიქრით გამოვიტენო თავი. ცხოვრებას მივყვები და რა მოხდება, ამას თავის დროზე შევიტყობ. "ბენფიკას" თუკი ჩემთან დაკავშირებით წინადადებები კიდევ ექნება, გარწმუნებთ, ამისგან მას პრობლემა არ შეექმნება," - განუცხადა გაიტანმა "ო ჟოგოს".

თავის მხრივ "ბენფიკა" არა და არ ცხრება. ლისაბონელებს კვალიფიციური მარცხენა მცველის შეძენა სურთ. ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ცნობილი, რომ "არწივები" ყაზანის "რუბინს" კრისტიან ანსალდიში 7,5 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ რუსეთის ექსჩემპიონი 13 მილიონს ითხოვდა.

არგენტინელის გადაბირება დღემდე ვერ ხერხდება. ამასობაში "ბენფიკამ" სამიზნე სხვა ფეხბურთელისკენ მიმართა. ლაპარაკია მექსიკური "ტიგრესის" 23 წლის მცველ ხორხე ემანუელ ტორეს ნილიოზე. ამ უკანასკნელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, რადგან ორივე ფეხს პრაქტიკულად თანაბრად ხმარობს. ხორხეს გამოარჩევს არანორმალური ფიზიკური მომზადება და თამაშის ხისტი მანერა, რისი წყალობითაც ბოლო 21 შეხვედრაში ყვითელი ბარათი 11-ჯერ დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული