სონგის თხოვნა

AutoSharing Option
"არსენალის" ნახევარმცველი, 24 წლის კამერუნელი, ალექს სონგი ლეგენდარული ტიერი ანრის ქირაობის იდეით აღფრთოვანებულია და იმედოვნებს, რომ "მეთოფეთა" თავკაცი, არსენ ვენგერი შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ლონდონში გატარებული რვა საუცხოო სეზონის შემდეგ 34 წლის ანრი დღემდე "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირად რჩება. ფრანგმა ფორვარდმა "მეთოფეთა" გუნდი 2007 წელს დატოვა - ჯერ "ბარსელონაში" გადაბარგდა, შემდეგ კი ამერიკულ "ნიუ იორკ რედ ბულში".

ვენგერმა, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ფორვარდი დროებით, "მეიჯორ ლიგ სოკერის" ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე "არსენალს" დაუბრუნდეს.
ზემოხსენებული სონგი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში "ემირეით სთედიუმზე" დიდი ზეიმის პერიოდი დადგება და "არსენალიც" წარმატებებს მიაღწევს.

"როდესაც ანრი ვარჯიშობს, თავლი მისკენ გამირბის და თავად ვეღარაფერს ვახერხებ. შემდეგ, კუდში დავსდევ და დაუსრულებლად ვუმეორებ
ერთსა და იმავეს: შენ ჯერ კიდევ შეგიძლია ჩვენთან თამაში - უთხრა კამერუნელმა ფრანგულ გაზეთ "ეკიპს" და დასძინა - ის, რასაც ამ კაცმა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში მიაღწია ენითაუწერელია.

მას ფეხბურთში არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. დღეს ჩვენ შანსი გვეძლევა, რომ ის დავიმატოთ და არნახულად გავძლიერდეთ. ასეთი სახელის და ნიჭის ფეხბურთელი ძალიან გაგვამდიდრებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული