ალან პერდიუ: ენდის დავიბრუნებ!

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელი, ალან პერდიუ შეეცდება 22 წლის თავდამსხმელი, ენდი ქეროლი დაიბრუნოს.

მოგეხსენებათ, ქეროლმა "ლივერპულში" 35 მილიონ ფუნტად გადასვლის შემდეგ ანუ თითქმის ერთ წელიწადში, ხუთად ხუთი გოლი გაიტანა. არადა, ლაპარაკია თავდამსხმელზე, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად იყო მიჩნეული.

შეადარეთ: 26 წლის სენეგალელმა ფორვარდმა, დემბა ბამ აგვისტოს მერე ანუ, რაც ქეროლი შეცვალა და "კაჭკაჭთა" გუნდის წევრი გახდა, უკვე 14 გოლი შეაგდო... მაგრამ, პერდიუ ძველი ვარსკვლავის დაბრუნების იდეას მაინც არ ეშვება. ნიუკასლელთა მწვრთნელმა თქვა:
"არავის უნდა დიდი ფეხბურთელის დაკარგვა და არც ჩვენ
მივესალმებოდით ენდის სადმე გაყიდვას. შანსი თუ მომეცა ქეროლს აუცილებლად დავიბრუნებ. ამას დიდი სიამოვნებით დღესვე დავიბრუნებდი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, "ლივერპული" მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს".

დღეს მიმომხილველები ცდილობენ გააანალიზონ ქეროლის მდგომარეობა და მიხვდნენ, რატომ ვერ გააქვს თავდამსხმელს "ლივერპულში" გოლები ისევე, როგორც "ნიუკასლში". რასაკვირველია, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ ქეროლი "წითელი" მაისურით მხოლოდ 14 შეხვედრაში მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ტრავმებია. პერდიუმ დასძინა:

"ნებისმიერი თავდამსხმელისთვის აუცილებელია შემადგენლობაში რეგულარული ყოფნა. ენდი დიდებული ბიჭია. მე ის ძალიან მომწონს და გული დამწყდა ბოლო შეხვედრაში ინგლისის ნაკრებში რომ არ გამოიძახეს. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია ეროვნული გუნდის მთავარი ცხრა ნომერი გახდეს. ახლა, ახალ გარემოსთან შეგუების პროცესშია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ექნება".

"ნიუკასლში" თამაშის პერიოდში ქეროლმა 60 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 2009 წელს გავარდნილი გუნდი ერთ წელიწადში დააბრუნა პრემიერლიგაში. ისევ პერდიუ:

"ენდი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი თავდამსხმელებს, საკუთარი თავის რწმენა სჭირდებათ. ხანდახა, მწვრთნელმა ახალგაზრდა ფორვარდი წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად მაინც უნდა ათამაშოს ძირითად შემადგენლობაში. გარწმუნებთ, ქეროლს საუკეთესო წლები წინ აქვს".

ახლა კი ქეროლს თავი დავანებოთ და ისა ვთქვათ, რისი ეშინია პერდიუს - მოდის სატრანსფერო პერიოდი და ბაზარზე დიდი კლუბები ფულით სავსე ქისებით გამოდიან. განა გაუძლებს "კაჭკაჭთა" კლუბი ცთუნებას და არ გაყიდის იმავ დემბა ბას, ჩეიკ ტიოტეს ან იოან კაბაიეს?

"რასაკვირველია, შეიძლება კატეგორიულად განაცხადო, რომ არანაირი ბიზნეს გარიგება არ გჭირდება და სატრანსფერო ბაზრის ბოლოწამს ფულის მოხვეჭას არ აპირებ, მაგრამ მოვა უცბათ ვიღაც ძალიან მდიდარი და აურაცხელ ფულს შემოგთავაზებს. ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცის, რობერტო მანჩინის გარდა, ფეხბურთელის დაკარგვის საშიშროება პრემიერლიგის ყველა მწვრთნელს ემუქრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული