კაპელოს შემდეგ ისევ მაკლარენი?

AutoSharing Option
გერმანული "ვოლფსბურგის" თავკაცმა სტივ მაკლარენმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არასრული ორი წელიწადი გაატარა, მაგრამ იმ პერიოდიდან სატრაბახო არაფერი დაიტოვა – მის მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მიღმა აღმოჩნდა, რაც ინგლისელ სპეციალისტს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა.

თუმცა, ეტყობა, მაკლარენი ყველა ინგლისელი მწვრთნელისთვის საოცნებო პოსტზე დაბრუნებას აპირებს, რაკი აცხადებს, როცა ფაბიო კაპელოს კონტრაქტი დაუმთავრდება, ჩვენი ეროვნული გუნდი ინგლისელმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროსო. იკითხავთ, სად ჩანს ამ სიტყვებში ნაკრებში დაბრუნების სურვილი და მართლებიც იქნებით, მაგრამ აი, რა ნიუანსი აღნიშნა მაკლარენმა:

"ნაკრებს უნდა
წვრთნიდეს ძალიან გამოცდილი ინგლისელი. ეროვნულ გუნდში წარმატების მისაღწევად ევროპული გამოცდილებაა საჭირო".

აი, ესაა მთავარი – ინგლისელ მწვრთნელთაგან სერიოზულ ევროპულ გუნდში მხოლოდ სტივ მაკლარენი მუშაობს. ჯერ იყო და, ამ კაცმა ორი სეზონი ჰოლანდიური "ტვენტეს" სათავეში გაატარა – 2009 წელს მეორე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონობამდე მიიყვანა. დღეს კი ეს კაცი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუნდესლიგურ "ვოლფსბურგს" წვრთნის. ასე რომ, როცა მაკლარენი აუცილებელ ევროპულ გამოცდილებაზე საუბრობს, ის უთუოდ საკუთარ თავს გულისხმობს. სხვა ინგლისელ მწვრთნელებს ევროპაში არ იწვევენ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული