წმინდანების დაცემის შესაჩერებლად

AutoSharing Option
სულ რამდენიმე წლის წინათ "საუთემპტონი" ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. სწორედ ამ კლუბში აღიზარდა ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი თეო უოლკოტი. დღესდღეობით კი "წმინდანები" რანგით მესამე ლიგაში არიან და იქაც – ცხრილის ფსკერთან ახლოს. ამ კლუბში უმძიმესი ფინანსური კრიზისია, თუმცა გულშემატკივრები ძველებურად უხვად ჰყავს.

ორშაბათს ამ გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა: ჩემპიონშიფში მოასპარეზე "სკანთორპიდან" მოსულმა 45 წლის ნაიჯელ ედკინსმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ კაცმა სხენებულ "სკანთორპში" 4 მეტად ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა – საკმაოდ ღარიბი კლუბი ორჯერ აღაზევა ინგლისის რანგით
მეორე ლიგაში.

"მიხარია, რომ "საუთემპტონი" ჩავიბარე. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი მდიდარი ტრადიციების კლუბში მუშაობა. "წმინდანების" მომავალს ოპტიმისტურად ვაფასებ. მთავარია, ჩვენი ერთგული გულშემატკივრის გახარება დავიწყოთ და მერე ნელ-ნელა დანარჩენსაც მოევლება. "საუთემპტონი" ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე ლიგა 1-ის აუტსაიდერობას", - თქვა ედკინსმა, ვისაც, სხვათა შორის, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ერთბაშად რამდენიმე დიპლომი ჰქონია – ფსიქოლოგის, ბიზნესისა და ფინანსების სპეციალისტის, ფიზიოთერაპევტის, ასევე პროფესიული ფეხბურთის მენეჯმენტის სპეციალისტის...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული