პრემიერლიგის შაბათი: ვისთვის რისხვის, ვისთვის წმინდა

AutoSharing Option
ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური

პრემიერლიგის მოროგმა ტურმა "არსენალის" თავკაცს არსენ ვენგერსა და მსაჯებს შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავება მოიტანა და ჯობს, ამაზე ვილაპარაკოთ და არა იმ სახიფათო მომენტებზე, რომელთაც ტელევიზიით ისედაც ვუყურებთ. ამბობენ, რომ შაბათის საქციელის გამო ვენგერს ფეხბურთის ასოციაცია მკაცრად დასჯის, რადგან სანდერლენდში 95-ე წუთზე გოლის გაშვებით გადარეული მეოთხე მსაჯს მარკ ატკინსონს მივარდა და მისი ყურადღების მისაპყრობად ხელითაც კი მოქაჩა – ასე დასრულდა შეხვედრა, რომელსაც "მეთოფეები" 1:0-ს იგებდნენ 1:1. ცნობისათვის: დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანისთვის ხელის ხლება ძალიან საფრთხილო რამ გახლავთ. და
მაინც რამ გააცეცხლა ვენგერი? იმან, რომ სანდერლენდელმა დარენ ბენტმა გოლი დამატებული 4 წუთის დასრულებიდან კიდევ 15 წამის შემდეგ გაიტანა. მანამდე ფრანგი სპეციალისტი ორი ყვითლის გამო ალექს სონგის გაძევებითაც გახლდათ გაღიზიანებული. საინტერესოა, რომ სონგის წითელი ბარათი ჩრდილო ლონდონური კლუბისთვის ვენგერის ეპოქაში 50-ე იყო. თუმცა, დავუბრუნდეთ გოლს:

"ვიცი, მსაჯი დროს რომ დაამატებს მინიმალური დრო იგულისხმება, თუ მიზეზი იქნა თამაში მერეც შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი მომხდარა საიმისო, არბიტრს ჩასტვენა რომ გადაედო" – თქვა ვენგერმა.

ამ შეხვედრაში "არსენალმა" მთავარი ვარსკვლავი Bსესკ ფაბრეგასიც ადრე დაკარგა, ის დაშავდა. სხვათაშორის, ანგარიში მე-13 წუთზე სწორედ ფაბრეგასმა გახსნა. ფაბრეგასის ტრავმაზე ვენგერმა ასე თქვა:

"ორთავა კუნთის პრობლემაა. რამდენად სერიოზულია ვერ გეტყვით".

საერთოდ, ფრანგი მწვრთნელი თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები უმცირესობაში დარჩენის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა პირველ ტაიმში გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბრეგასის ნაცვლად ვენგერმა მოედანზე ტომაშ როსიცკი შეიყვანა, რომელმაც 74-ე წუთზე პენალტი ვერ შეაგდო.

"ტოტენჰემ ჰოთსპურმა" "უაით ჰართ ლეინზე" "ვულვზს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ლონდონელებმა სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მაინც გამოგლიჯეს მეტოქეს ხელიდან. თუ გახსოვთ, წინა დღეებში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ "სფურზის" ახალწვეული, ჰოლანდიელი ვარსკვლავი რაფაელ ვან დერ ვაარტი დაშავდა და მეხუთე ტურში დასვენება მოუწევდა, მაგრამ ვან დერ ვაარტმა მოედანზე გასვლა შეძლო და თამაშის დამთავრებამდე 14 წუთით ადრე, სტივენ უორდმა საჯარიმოში ალან ჰატონი რომ წააქცია, მსაჯმა კი ამ დარღვევისთვის პენალტი დაინიშნა, გოლი შეაგდო. კიდევ ორი გოლი ჰარი რედნაპის შეგირდებმა თამაშის დამთავრებამდე თითებზე ჩამოსათვლელი წუთებით ადრე გაიტანეს. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშიდან შინ დაბრუნებულმა "დეზებმა" "უიგანთან" წააგეს, ამჯერად მათ ძალების მოკრება მოახერხეს. ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში იანვრის მერე პირველად გამოჩნდა რობი კინი. გუნდში გამოჩნდა უილიამ გალასიც.

"ნიუკასლმა" "გუდისონ" პარკზე იმ "ევერტონს" მოუგო, რომელმაც წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო წუთებზე საოცრად მოუტრიალა თამაში. ეს გახლდათ "კაჭკაჭთა" პირველი გამარჯვება სტუმრად პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ და გოლიც ისეთმა კაცმა გაიტანა, სასტარტოში პირველად რომ თამაშობდა - ტუნისუტი წარმოშობის 23 წლის ფრანგ გარემარბზე ჰატემ ბენ არფაზე მოგახსენებთ.

საინტერესოდ თქვა მატჩის შემდეგ "ევერტონის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმა: "თამაშის შემდეგ მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი ტრიბუნებს და საკუთარ თავსა და გუნდს "ბუუს" დავუძახებდი. მე ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს, მაგრამ ახლა ფეხზე წამოყებებასა და გემრიელ შეხურებას იმსახურებენ. "ნიუკასლი" გამარჯვებას იმსახურებდა, მეტოქეზე აუგი ნამდვილად ვერ დამცდება".

"ფულჰემმა" ბლექბერნიდან ლონდონში ხელს ქულა გააყოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკ ჰიუზის ახალ გუნდს კვლავ არ წაუგია თამაში. სხვათაშორის ჰიუზი მსაჯობით იყო უკმაყოფილო:

"ენტონი ტეილორი გამოუცდელი არბიტრია, პრემიერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდა. ამიტომაც ვერ გაართვა ამოცანას თავი და ჩვენს კარში გოლი ჩათვალა ნაცვლად იმისა, რომ პირიქით, მოწინააღმდეგე დაეჯარიმებინა. ამ შეხვედრაში გამარჯვებას ვიმსახურებდით".

გამოუცდელ ტეილორს "ბლექბერნის" თავკაცმა სემ ელერდაისმაც გაკრა კბილი - კიდევ უფრო ადრე ლონდონელთა მეკარე მარკ შვარცერი მოედნიდან უნდა გაეგდოო.

ამავე დღეს "ასტონ ვილაში" დებიუტი ჰქონდა ფრანგ მწვრთნელს ჯერარ ულიეს, რომელმაც ბირმინგემელთა ძლიერი და სუსტი მხარეები თავისი თვალით ნახა. "ვილამ" "ბოლტონთან" ითამაშა 1:1. მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებთან, ულიეს თანაშემწედ ზედ თამაშის წინ დანიშნული კევინ მაკდონალდი გამოცხადდა და თქვა:

"დღეს ბატონმა ულიემ ფეხბურთელები, მათი შესაძლებლობები და მდგომარეობა გაიცნო. დანარჩენს უკვე ხვალ ვილაპარაკებთ"

"ვესტ ჰემი" სტოკში მწვრთნელის ავრამ გრანტის გარეშე იყო და თავიდან იგებდა, შემდეგ კი გაუშვა და საბოლოოდ 1:1 ითამაშა. გრანტი, მოგეხსენებათ ებრაელი კაცია და იომ კიპურის წმინდა დღესა და ადათს იცავდა.

"ბირმინგემის" თავკაცმა ალექს მაკლიშმა კი კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და... გადაურბინა კიდეც "ვესტ ბრომვიჩმა" 3:1.

სტოკი-ვესტ ჰემი 1:1
ასტონ ვილა-ბოლტონი 1:1
ბლექბერნი-ფულჰემი 1:1
ევერტონი-ნიუკასლი 0:1
ტოტენჰემი-ვულვზი 3:1
ვესტ ბრომვიჩი-ბირმინგემი 3:1
სანდერლენდი-არსენალი 1:1


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული