ვის ჩაეხუტებოდა ვენგერი?

AutoSharing Option
არსენ ვენგერი დისკვალიფიცირებული რომ არ ყოფილიყო და "ტოტენჰემთან" თამაშისთვის თვალი დირექტორთა ლოჟის გვერდითა სექტორიდან კი არ ედევნებინა, არამედ მოედნის კიდესთან ჩვეულ ადგილას მდგარიყო, იქნებ კიდევ ერთხელ გაეკეთებინა ის, რისთვისაც დასაჯეს - თანამსაჯს მიჭროდა და ხელით შეხებოდა.
ოღონდ, გვერწმუნეთ, თუკი პრემიერლიგის ბოლო ტურში, სანდერლენდში, ფრანგი მწვრთნელი თანამსაჯს იმიტომ მივარდა, რომ შემოეტრიალებინა და საყვედური ეთქვა, ამჯერად, "ქარლინგის" თასზე, ალბათ ჩაეხუტებოდა.

მაინც, რა მოხდა "უაით ჰართ ლეინზე" ასეთი? რა და, დამატებით დროში "ტოტენჰემ ჰოთსპურის" კარში ორი პენალტი დაინიშნა. ორივე სამირ ნასრიმ შეაგდო. ძირითადი
დროის ანგარიში 1:1 იყო. მთლად ბოლოს კი ჰარი რედნაპის გასამწარებლად ანდრეი არშავინმა კიდევ ერთი გოლი დააყოლა "დეზების" კარში. მატჩის შემდეგ რედნაპმა თქვა:

"ვფიქრობ, პირველი პენალტი გადაჭარბებული იყო, მეორე კი უბრალოდ გამოგონებული. ამ ყველაფერმა თითქოს ცუდი გემო დაგვიტოვაო. დამატებით დროში მწამს, ჩვენ მოვიგებდით".

თუმცა, ამ გულდათუთქული სიტყვების მთქმელს დაავიწყდა, რომ მისმა ფეხბურთელმა რობი კინმა 49-ე წუთზე ყმაწვილი ჰენრი ლენსბერის გოლი ოფსაიდიდან გაქვითა...

უკმაყოფილო დარჩა "სფურზის" ფეხბურთელი სებასტიან ბასონგიც, რომელმაც ასე დაიჩივლა: "ნასრი საჯარიმოში ძალიან მარტივად წაიქცა. ენალტი არ უნდა დანიშნულიყო., მან იმსახიობა და ამის შესახებ თამაშის შემდეგ პირში ვუთხარი".

თუმცა, "ქარლინგის თასზე" ყველაზე სენსაციური შედეგი სხვა იყო: "ბრენტფორდმა" პენალტების სერიაში "ევერტონი" დაამარცხა. საკუთრივ თამაში 1:1 დასრულდა. მოგვიანებით, პრეს-კონფერენციაზე დევიდ მოიესმა გასაოცარი გულწრფელობით განაცხადა:

"ნამდვილად დიდი სამუშაო მაქვს შესასრულებელი. ამიერიდან საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგე. ნამდვილი სამწვრთნელი საქმე ახლა მეწყება. პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. შემდეგ შეხვედრაშიც მე ვიქნები ყველაფერზე პასუხისმგებელი. გუნდი ხომ ჩემი შერჩეული და მომზადებულია. შეშფოთებული თუ ვარ? ჩემს ადგილას რომელი მწვრთნელი არ იქნებოდა?"

"ბოლტონი" სტუმრად "ბარნლისთან" 1:0 დამარცხდა, ხოლო ავრამ გრანტის "ვესტ ჰემმა" სასიკეთო შედეგებისკენ დაიწყო შემოტრიალება - "სანდერლენდს" 2:1 აჯობა.


ქარლინგის თასი. III ტური.

ბირმინგემი-მილტონი 3:1
ბრენტფორდი-ევერტონი 1:1, (4:3 პენ)
ბარნლი-ბოლტონი 1:0
მილუოლი-იპსვიჩი 1:2
პიტერბორო-სუონსი 1:3
პორტსმუთი-ლესტერი 1:2
სტოკი-ფულჰემი 2:0
სანდერლენდი-ვესტ ჰემი 1:2
ტოტენჰემი-არსენალი 1:1 (1:4)
ვულვზი-ნოთს ქაუნთი 1:1 (4:2)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული