რობერტო მანჩინი: ბარსელონას და რეალის მწვრთნელობას რა უნდა?

AutoSharing Option
 რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტის" ბაზაზე კაბინეტში შევიდა და მწვრთნელთა შტაბის თათბირი მოიწვია. უკმაყოფილო ჩანდა, რადგან ვარჯიშზე, სადაც მომავალი შეხვედრის ტაქტიკას ამუშავებდნენ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ვარაუდობდა. ერთი შეხედვით წვრილმანი ჩანდა, მაგრამ მწვრთნელს გუნება გაუფუჭა. იტალიელის განწყობაზე აშკარად მოქმედებდა ინგლისური წვიმაც.

"ხომ არ ფიქრობთ, რომ მანჩესტერში ამინდის ეშხით ჩამოვედი? - იკითხა სარკასტულად და საკუთარ კითხვას თავადვე უპასუხა - აქ მხოლოდ მოგებისთვის ვარ. მოგება მინდა, მეტი არაფერი".
მართლაც, რა უჭირდა რობერტო მანჩინის საიმისო, პრემიერლიგის საგიჟეთში რომ არ გამოქცეულიყო? ზაფხულობით სარდინიაზე, პორტო
ჩერვოს გოლფ კლუბში მდებარე თავის ვილაში ისვენებს ხოლმე, ზამთრობით კი... იტალიურ ფეხბურთში ლამის დიდგვაროვნად შერაცხული ნამდვილად მოახერხებდა სადმე თბილად მოწყობილიყო.

მისი დიდგვაროვნებისა არ გჯერათ? მაშინ ასე გეტყვით: "ფიორენტინას" თავკაცად ისე დანიშნეს, სამწვრთნლო კურსები დამთავრებულიც კი არ ჰქონდა. სად-სად და მწვრთნელობაზე და ტაქტიკურ სქემებზე გადარეულ იტალიაში ასეთი რამ მანამდე წარმოუდგენელი იყო. "ფიორენტინას" შემდეგ მანჩინიმ გამოცდილება "ლაციოსა" და "ინტერში" გაიმდიდრა - მილანურ კლუბს სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ კი თასი მოაგებინა - რის მერეც თავისუფლად შეეძლო მხართეძოზე წამოწოლილიყო და თითი თითზე აღარ დაედო, მაგრამ, ვერ მოისვენა, გაქანდა და ინგლისში მანჩესტერის მეორე გუნდს ჩაუდგა სათავეში. გუნდს, რომელსაც 1976 წლის შემდეგ აღარაფერი მოეგო.

იმ წელიწადს, როსდესაც "სიტიმ" ლიგის თასზე გაიმარჯვა, რობერტო მანჩინი მხოლოდ ცამეტისა გახლდათ და ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე ბოლონიის ყმაწვილთა საფეხბურთო აკადემიაში გადავიდა და მას მერე შინ აღარც დაბრუნებულა.

"ძალიან პატარა ვიყავი და პირველ წელიწადს გამიჭირდა _ ყვება ისტლენდელთა თავკაცი - ჩემი ვაჟები ახლა უკვე 18 და 20 წლისანი არიან, მაგრამ ცამეტისანი რომ იყვნენ, ვერსად გავუშვებდი. რას იზამ, ყველას თავისი გზა აქვს. ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი ფეხბურთი იყო და ისე ვიქცეოდი, როგორც ფეხბურთელის კარიერა ითხოვდა. 16 წლისა უკვე სერია A-ში "ბოლონიას" შემადგენლობაში ვთამაშობდი და პიროვნებად სწორედ მაშინ ჩამოვყალიბდი. კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ არასდროს არ ვყოფილვარ დიდ კლუბის ფეხბურთელი. გუნდი რომელშიც ვთამაშობდი ყოველთვის ჩვეულებრივი, საშუალო იყო, მაგრამ დიდი შრომის ფასად წარმატებებსაც აღწევდა. "სამპდორიაში" კი 15 წელიწადი გავატარე.

იცით, რამდენჯერ შემეძლო "მილანში", "იუვენტუსში" თუ "ინტერში" დარჩენა? მაგრამ, "სამპდორიას" ვუერთგულე, რადგან იქ თავს შინაურად ვგრძნობდი. "სამპდორიაში" კლუბის პრეზიდენტით დაწყბული ფეხბურთელებით დამთავრებული ყველა ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდა.

"მანჩესტერ სიტიც" "სამპდორიას" მაგონებს. თუ წარმატებებს მივაღწევთ, აქ ყველაფერი შეიცვლება. ისტლენდზე მთელ ცხოვრებას შევცვლით. სწორედ ახლა დგას ამისათვის შესაფერისი მომენტი. რომ მეკითხებიან, რატომ ჩამოვედი მანჩესტერში იცით, რას ვპასუხობ? იმიტომ, ეს გუნდი ვერ იგებდა. ჩემთვის მთავარი გამოწვევაა. "ინტერი" დიდი კლუბი იყო, მაგრამ ტიტული წლობით არ ჰქონდა მოგებული. იგივე შემიძლია ვთქვა "ფიორენტინაზე", "სამპდორიაზე", "ლაციოზე"... აი, ამ გუნდებთან ერთად მოგებაა საინტერესო, თორემ "რალში" და "ბარსელონაში" მუშაობას რა უნდა?! ამ გუნდებში ყველა მწვრთნელი იმარჯვებს".

მანჩინისთვის წველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. საინტერესო ამბავს ყვება მისი "სამპდორიას" დროინდელი თანაგუნდელი, ხოლო ახლა, ისტლენდზე თანაშემწე დევიდ პლატი. ერთხელ, ოთახში მანჩინი სახატავი რვეულითა და ფერადი კალმებით შემოვიდა. დახმარება მთხოვა. როდესაც ვკითხე, რა უნდა გაგვეკეთებინა, მიპასუხა, გაისისთვის გუნდის ფორმა უნდა მოვიფიქროთო.

როგორც ჩანს, მანჩინი "სიტიში" ყველაფერის შეცვლას აპირებს... მენტალიტეტით დაწყებული.

"ზოგ გუნდში მენტალიტეტის შეცვლა სულაც არ არის საჭირო. აი, მაგალითად, კარლო ანჩელოტის "ჩელსიში" ზუსტად ის სულისკვეთება დახვდა, რაც სჭირდებოდა. ჩვენთან კი დამოკიდებულება გამოსაცვლელია. თუ ფეხბურთელებს ცხრილის შუაში ყოფნა აკმაყოფილებთ, ძალიან ძნელია შედეგის მიღწევა.

მე მინდა სერ ალექს ფერგიუსონს მივბაძო. ის. ალბათ, ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში ყოველ დღე იმედგაცრუებული რჩებოდა, სანამ არ მიაღწია იმ შედეგს რისკენაც მიისწრაფვოდა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადასარევად სწორად აზროვნებს ეს კაცი და იმიტომ აყრია თავზე წარმატებები მთელი მისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე! ვაი შენ პატრონს!
dachi
16:18 24-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული