ფერგიუსონმა რუნის ტრავმა მოუგონა?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უეინ რუნის სამკვირიანი უქმობა გამოუწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავი მონაწილეობას ვერც ინგლისის ნაკრების შესარჩევ შეხვედრაში მიიღებს – ინგლისელებს უახლოესი თამაში 12 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან აქვს.
ფერგიუსონი ამბობს, რომ რუნიმ კვირას, "ბოლტონთან" ფრედ ნათამაშებ შეხვედრაში კოჭი იტკინა და მისი დასვენების მიზეზიც ეს არის. ამრიგად, თავდამსხმელი ევრო 2012-ის შესარჩევი თამაშის გარდა გამოსტოვებს პრემიერლიგის შეხვედრებს "სანდერლენდსა" და "ვესტ ბრომვიჩ" ალბიონთან.
როგორც ხედავთ, ცბიერმა შოტლანდიელმა რუნის კოჭის ტკივილისთვის ძალიან მოხერხებული დრო "შეურჩია": ერთი თამაში ნაკრებისთვის "მოაპარინა", ხოლო
სანაკრებო შეხვედრამდე და მის მერე "იუნაიტედს" ისეთი მეტოქეები ჰყავს, რომლებთანაც გუნდმა წესით რუნის გარეშეც უნდა მოიგოს. ასე და ამგვარად, 24 წლის ვარსკვლავს კარგი შვებულება გამოუვა, რომლის დროსაც საშუალება მიეცემა აწეწილი ოჯახური საქმეები გამოასწოროს. მოგეხსენებათ, სექტემბრის თვე რუნის ცხოვრებაში ძალიან მძიმე გამოდგა – გაზეთებმა გამოუქექეს, რომ ადრე ის ფეხმძიმე ცოლს მეძავებთან ღალატობდა და დიდი სექს-სკანდალიც ატყდა.
ფერგიუსონმა თქვა: "უეინი ორ ან სამ კვირას გამოსტოვებს. ის ჯანმაგარი ბიჭია და ყოველთვის სწრაფად ერევა ხოლმე ტრავმას. გამოჯანმრთელების პროცესი არასდროს უჯანჯლდება".
როგორც ჩანს რუნის კოჭის "მოხერხებულმა" ტრავმამ ინგლისელ ჟურნალისტებს ეჭვი აღუძრა და მათ ფერგიუსონს საგანგებოდ სთხოვეს ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ელაპარაკა, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღეს:
"ვერ გავიგე რას მთხოვთ? გინდათ, რომ მისი ყოველი მყესი ცალ-ცალკე აღგიწეროთ?"
ფერგიუსონს რუნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ჰკითხეს. აინტერესებდათ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ფეხბურთელი ხომ არ გატეხა და ხომ არ დაეტყო ეს ყველაფერი მის ბრძოლისუნარიანობას. ერთი სიტყვით, მწვრთნელისგან უნდოდათ შეეტყოთ რუნის შესახებ ყველაფერი, მისი მდგომარეობის ამბავი როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. შოტლანდიელმა ამ კითხვაზეც თავისებურად უპასუხა:
"არავის სურს დაშავებული იყოს. უეინი სიამოვნებით ივლიდა ვარჯიშებზე და ითამაშებდა იმ შეხვედრებში, რომლებიც ახლა უნდა გამოსტოვოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული