"უიგანთან" I ტურის შეხვედრაში მინდორზე ის 64-ე წუთზე ედენ აზარის ნაცვლად გამოჩნდა. იქამდე კი მან "ჩელსის" ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
- ოსკარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ჩელსიში". პირველი შთაბეჭდილებები როგორია?
- მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ირიცხებოდე მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ კლუბში, ამაზე მხოლოდ შეიძლება იოცნებო. აქამდე არასოდეს მინახავს კლუბი, რომელსაც ასეთი სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აქვს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება, უკეთ
- "ჩელსიში" რამირესი და დავიდ ლუისი ირიცხებიან. მათი ფაქტორი თუ შეგიწყობთ ხელს?
- ეროვნული ნაკრებიდან ორივეს კარგად ვიცნობ. ძალიან გამიმართლა, რომ ისინი აქ არიან. ბუნებრივია, მათ გვერდით ყოფნა ბევრ რამეს გამიადვილებს როგორც მინდორზე, ისე ცხოვრებაში.
- თქვენი სახით რა ტიპის ფეხბურთელს უნდა ველოდეთ?
- ბრაზილიაში სულ სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ. ჩემზე ამბობენ, რომ ბურთს ელეგანტურად ვფლობ და მომენტებს, ძირითადად, თანაგუნდელებს ვუქმნი. შესაძლოა, აქ ცოტა სხვანაირი ფუნქცია დამეკისროს, მაგრამ რაც უნდა იყოს, მგონია, რომ გუნდში სიტუაციის შეცვლა უკეთესობისკენ შემიძლია.
- "ჩელსიმ" წელს თქვენი სტილის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაიბირა...
- ჩვენთან მხოლოდ ახალწვეულები არ არიან ძალიან კარგები. "ჩელსიში" აქამდეც იყვნენ ტოპკლასის ფეხბურთელები, რომელთა თამაშსაც ტელევიზორში ხშირად ვუყურებდი. ამ გუნდში სწორედ ეს მხიბლავდა ყველაზე მეტად. ეს ტრანსფერი პროფესიული განვითარების უკეთეს შანსს მომცემს. აქ სწორედ პროგრესის იმედად მოვედი.
- თქვენს სახელს უკვე ყველა იცნობს და ამიტომ შედარებით მეტ ზეწოლას ხომ არ გრძნობთ?
- ამ წუთას რამე განსაკუთრებულ ზეწოლას ვერ ვგრძნობ და იმედია, ის არც მომავალში შემაწუხებს. როცა ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდში 10 ნომერი მომცეს, ხალხი მაშინაც მეკითხებოდა, ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთი ხომ არ იყო ჩემთვის. ახლაც რაღაც ამის მსგავსი ხდება. დიდ გუნდში რახან მოვედი, ესე იგი, ამ ტვირთს როგორმე გავუმკლავდები.
- თქვენ აქ დროგბას 11 ნომერი გერგოთ. მისი სივრცის შევსება არც ისე იოლია...
- მშვენივრად მესმის ამ ნომრის ღირებულება "ჩელსიში". ბრაზილიაში ასეთივე საკულტო მნიშვნელობა აქვს "ათიანსაც". იმედია, ღირსეულად შევძლებ მის ტარებას.
- ოლიმპიური გამოცდილების მიღების მერე ინგლისურ სტადიონებსა და ფანებზე რას ფიქრობთ?
- თამაში "სენტ ჯეიმს პარკსა" და "ოლდ ტრეფორდზე" მომიხდა. ორივე არენა ფანტასტიკური იყო. "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ უფრო უკეთეს ატმოსფეროს ველოდები.
- რამდენად კარგად იცნობთ პრემიერლიგას?
- პრემიერლიგას ბრაზილიაში აჩვენებენ. ასე რომ, ბევრი თამაში მინახავს და მას საკმაოდ კარგად ვიცნობ.
- ადაპტაციისთვის რა დრო დაგჭირდებათ?
- იმედია, ეს პროცესი დიდ დროს არ წაიღებს. "ჩელსი" მრავალნაციონალური გუნდია. აქ ჩემი თანამემამულეების გარდა, სხვა ლათინოამერიკელებიც არიან და ალბათ ყველა მომცემს საჭირო რჩევას. ვფიქრობ, არ იქნება დიდი პრობლემა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"