არსენ ვენგერის №1

AutoSharing Option
“არსენალი” არ ნებდება. არსენ ვენგერი, მიუხედავად გუნდის ლიდერების მორიგ ჯგუფთან გამოთხოვებისა, ჩემპიონობისთვის ბრძოლის იმედს არ კარგავს და ამ გზაზე ვოიცეხ შჩესნის დიდი იმედი აქვს.

22 წლის პოლონელმა “საუთჰემპტონთან” შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

“შჩესნი “არსენალის” უპირველესი მეკარეა და ეს იქამდე იქნება ასე, ვიდრე სხვაგვარად არ გადავწყვეტ. მგონი, ეს აქამდეც ცხადი უნდა ყოფილიყო. არ ვაპირებ, მეკარე ყოველი შეცდომის გამო ვცვალო სასტარტოში. ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ იმდენ ცუდ ფორმაში მყოფ გოლკიპერს, რამდენსაც შეეხება როტაცია. მეკარეს სხვა პოზიციის ფეხბურთელებზე მეტად სჭირდება ნდობა.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე “არსენალის” ჭეშმარიტ პოტენციალზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. იმისთვის, რომ რაღაც სურათი მაინც გამოიკვეთოს, მინიმუმ 9-10 თამაში მაინც უნდა ჩავატაროთ. დიახ, განვითარების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და გლობალურ მიზნებზე ლაპარაკი ნაადრევია თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, ჩვენი მეტოქეები როგორ ფორმაში არიან.

მხოლოდ განვლილი მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ “არსენალი” ერთ მუშტად შეკრულ გუნდად გამოიყურებოდა, გუნდად, სადაც ფეხბურთელებს სიამოვნებთ ბურთის ერთად გორება,” - განუცხადა ვენგერმა “არსენალის” ოფიციალურ ვებგვერდს.

უოლკოტი ხელფასის გაზრდას ითხოვს
“არსენალის” 23 წლის ვარსკვლავს თეო უოლკოტს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. მან უკვე წაუყენა კლუბს თავისი მოთხოვნები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს.

ინგლისური პრესის ცნობით, ფეხბურთელი “მეთოფეებისგან” წელიწადში 4.8 მილიონ ფუნტს ითხოვს. უოლკოტის სამსახურით “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულისა” და “ჩელსის” გარდა, “ინტერი” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული