პრემიერლიგის ინტრიგები

AutoSharing Option
უელსელმა ვარსკვლავმა კრეიგ ბელამიმ ქარაგმულად თქვა, რომ აგვისტოში, როდესაც მისი "მანჩესტერ სიტისდან" წამოსვლა გადაწყდა, ინტერესი ქალაქის მეორე გუნდმა, ისტლენდერებზე გაცილებით ტიტულიანმა "იუნაიტედმა" გამოიჩინა, მაგრამ... "სიტიმ" მამზე ფიქრიც კი არ დაუშვა. მოგეხსენებათ, უელსის ნაკრების კაპიტანი, ჯერჯერობით, იჯარით თამაშობს "კარდიფ სიტიში", რომელიც ინგლისის "ჩემპიონატში" ანუ პრემიერლიგის ქვედა დივიზიონში გამოდის, სადაც 10 ტურის შემდეგ 20 ქულით მეორე ადგილზეა - ლიდერს, "ქუინზ პარკს 6 ქულით ჩამორჩება". ბელამიმ "სიტი" მწვრთნელთან, იტალიელ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტის გამო დატოვა.

როგორც ირკვევა, უელსელის ყიდვა "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა "ტოტენჰემ ჰოთსპურსაც"
სურდა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი: თურმე ისტლენდელთა და "დეზებიანთა" დირექტორებს რა ხანია ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ - რაღაც პიროვნული ამბავია.

ბელამიმ გასული ზაფხულის ამბები BBჩ-ს "რადიო 5"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაიხსენა. ფეხბურთელმა თქვა: "ეჭვი არ მეპარება, რომ "ტოტენჰემის" ამბავი მაღლიდან ჩაშალეს. აქ, მეპატრონეს ჰქონდა რაღაც პირადი პრობლემა. მე რომ მეთქვა ლონდონში გადასვლა მინდაო, მანჩესტერში ცხოვრებას კოშმარად მიქცევდნენ. ამიტომაც, არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ჩემი "უაით ჰართ ლეინზე" გადასვლა გამორიცხული იყო.

ამასობაში კი აი, რა მოხდა: გამოჩნდა სხვა კლუბი, რომელსაც ჩემი შეძენა მოუნდა და "სიტის" დიდმა პანიკამ დარია ხელი. ისტლენდზე დაფაცურდნენ და რამდენადაც შეიძლებოდა სწრაფად მომიშორეს თავიდან - კარდიფში გამაქირავეს".

ინგლისურ ტაბლოიდებს კი რას გამოაპარებ: მათ უცბათ დაადგინეს, რომ მანჩესტერ სიტის" პანიკის მიზეზი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ. შემდეგ კი, "რადიო 5"-ის ინტერვიუში ბელამი მანჩინისთან კონფლიქტსა და მის მიზეზებს შეეხო:

"ჩვენ ყველას ვარჯიშის საკუთარი მეთოდები გვაქვს. მე, მაგალითად, დღეში ორჯერ წვრთნას ყოველთვის ვერ ვუძლებ, მაგრამ, ჯანდაბას, ამას კიდევ ავიტან. აი, შაბათს კი რომ მომკლათ ვერ მავარჯიშებთ. როდესაც "მანჩესტერ სიტიში" მწვრთნელი შეიცვალა პირველი, რაც ვიკითხე ის იყო, ჩემს დღის განრიგს და წვრთნის მეთოდს რაიმე ხომ არ ემუქრებოდა. დამამშვიდეს, მითხრეს, რომ ამ საკითხებში არავინ ჩაერეოდა, მაგრამ, შემდეგ, სწორედ ჩემს პირად გრაფიკს შეეხენ. მწვრთნელი მის შეცვლას ცდილობდა".

და ბოლოს კრეიგ ბელამის ზოგადი დასკვნა:

"ფეხბურთში ერთგულება და ნდობა არ არსებობს. აბა, გამაგებინეთ, როგორ გადავიქეცი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიდან იმ მოთამაშედ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშის ღირსიც კი არ არის და ბაზაზე ბავშვებთან ერთად დადის? კლუბსა და ფეხბურთელებს შორის არანაირი ნდობა არ არსებობს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული