მარიო ბალოტელის იტალიაში უხმობენ

AutoSharing Option
ბალოტელის იტალიაში უხმობენ
“მანჩესტერ სიტის” 22 წლის იტალიელ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის სამშობლოში უხმობენ. მართალია, რობერტო მანჩინი ამბობს, რომ მასა და მის შეგირდს შორის არანაირი გაუგებრობა არ არის, მაგრამ მისი განცხადება გულწრფელ ეჭვს ბადებს.

ფეხბურთელმა მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე რომ დისციპლინა დაარღვია და “რეალთან” განაცხადში სწორედ ამის წყალობით ვერ მოხვდა, ამას ვერავინ უარყოფს. მარიოს გადაბირება მილანის “ინტერს” აქვს განზრახული. ტრანსფერის ინიციატივა პირადად “ნერაძურის” პრეზიდენტ მასიმო მორატის ეკუთვნის. მილანურ გრანდში მარიო 2006/10 წლებში უკვე თამაშობდა.

კოულის უარი
“ჩელსის” 31 წლის მარცხენა მცველმა
ეშლი კოულმა კლუბს ახალ ერთწლიან ხელშეკრულებაზე თავაზიანი უარი უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მას უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს არ შესთავაზებენ, სეზონის ბოლოს ვეტერანი “სტემფორდ ბრიჯიდან” წავა. 2013 წლის ივნისში კოული თავისუფალი აგენტი ხდება.

“ჩელსის” პოლიტიკა ასეთია -30 წლის ზემოთ ფეხბურთელს მხოლოდ თითო წლით ვთავაზობთ თანამშრომლობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსს ფლობს ის. თუკი ის პოზიციას არ შეიცვლის, იანვრიდან მას სხვა დაინტერესებულ კლუბებთან შეეძლება მოლაპარაკებების დაწყება,” -განუცხადა ESPN-ს ლონდონური გრანდის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ამასობაში იტალიური პრესა წერს, რომ კოულით იტალიური გრანდები არიან დაინტერესებულები. "იუვენტუსისა” და “მილანის” წარმომადგენლები მზად არიან, “ჩელსისგან” ნებართვა გამოითხოვონ და კოულთან მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყონ, - იუწყება “კალჩომერკატო”.

თუკი კოულის წასვლა საბოლოოდ გადაწყდა, PROtransfers-ის ინფორმაციით, “ჩელსი” “მანჩესტერ სიტიდან” ალექსანდარ კოლაროვის შეძენას შეეცდება.

მოიესი თავს იმართლებს
“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის, დევიდ მოიესის განცხადებით, ლიგის თასის მე-3 ეტაპზე “ლიდს იუნაიტედთან” დამარცხება, უპირველესად, იმის ბრალია, რომ მერსისაიდულ კლუბს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და რეზერვისტები ვერ ახერხებენ წამყვანი ფეხბურთელების ღირსეულად შეცვლას.

49 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი აცხადებს: “მატჩის დებიუტში საშინლად ვითამაშეთ. მეტოქეს, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება მივეცით და გოლიც გავატანინეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, რადგან ჩვენ ლიგის თასზე მაქსიმალურად შორს გასვლას ვგეგმავდით. წაგების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გრანდებისგან განსხვავებით, ორი სრულფასოვანი შემადგენლობა არ გვყავს და შესაბამისად, დაძაბული გრაფიკის გაძლება ძალიან გვიჭირს”. უახლოეს შეხვედრას “ევერტონი” 29 სექტემბერს “გუდისონ პარკზე” “საუთჰემპტონთან” გამართავს.

კაპელო ინგლისში დაიბარეს
ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ჯონ ტერისა და ანტონ ფერდინანდის საქმის შემსწავლელმა კომისიამ ლონდონში დაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელ “მაესტროსა” და მის თანაშემწე ფრანკო ბალდინის საფეხბურთო ასოციაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გარკვეული ინფორმაციების კონფიდენციალურად დაცვა პოსტიდან წასვლის მერეც ევალებათ, ისინი მზად არიან, კომიასთან აღნიშნულ საკითხზე გულწრფელად ისაუბრონ. კაპელოსა და ბალდინის ჩვენება შეიძლება სერიოზული არგუმენტი აღმოჩნდეს ამ საქმეში, რადგან ისინი შარშანდელ სკანდალურ შეხვედრას “ქუინზ პარკთან” პირადად ესწრებოდნენ.

მარტინესი დაისჯება
“უიგანის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი საფეხბურთო ასოციაციისგან “საჩუქრად” რამდენიმეათასფუნტიან ჯარიმის ქვითარს მიიღებს, თუკი არ განმარტავს, თუ რას გულისხმობდა ესპანელი “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის (15 სექტემბერი, 4:0) დასრულების შემდეგ როცა აცხადებდა, მატჩის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ მაიკლ ოლივერი თამაშის განსჯას ობიექტურად სულაც არ აპირებდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული