ინგლისის ასოციაციამ ნაკრების ფეხბურთელებისთვის კოდექსი წარადგინა

AutoSharing Option
ორშაბათს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების თანდასწრებით საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული გუნდის მოთამაშეთა ქცევის კოდექსი წარადგინეს, რომელიც მოქმედებას ნოემბრიდან დაიწყებს.

ასოციაციის პრეზიდენტის, დევიდ ბერნშტეინის თქმით, აღნიშნულ წესებზე მუშაობა ზუსტად ნახევარი წლის წინ დაიწყო და შესაბამისად, ის არაფერ შუაშია ჯონ ტერის რასისტულ სკანდალთან, მით უფრო, ეშლი კოულის მიერ ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელთა შეურაცხყოფასთან.

- მიზეზები, რამაც აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისკენ გვიბიძგა, თვალშისაცემია. რაკი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობდა, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ძალიან ბევრი მოთამაშისთვის ელემენტარული ჭეშმარიტებები თითქოს გაუგებარი იყო.

გვინდა,
სწორედ ასეთ ფეხბურთელებს გავაგებინოთ, რომ მათ პასუხისგება მოუწევთ ჩადენილი გადაცდომებისთვის. ნაკრების თითოეული წევრი ჩვენი ქვეყნის სახეა, სადაც უნდა იმყოფებოდეს ის. ყოველი მათგანის საქციელი კი ნაკრების იმიჯზე აისახება.

ჩემი აზრით, ეს წესები ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა შემოგვეღო. დოკუმენტით გათვალისწინებული იქნება კონკრეტული სანქციები წესის დარღვევის შემთხვევაში.

ფეხბურთელი შეიძლება დაისაჯოს როგორც ფინანსური კუთხით, ისე დისკვალიფიკაციითაც. თუმცა სამუდამოდ ნაკრებში თამაშის აკრძალვა, როგორც ასეთი, გათვალისწინებული არ იქნება.

კოდექსის საბოლოო ვარიანტი ჯერ დამუშავებული არ არის. ის აუცილებლად დასრულდება და ფეხბურთელებს 14 ნოემბერს, სტოკჰოლმის "სვედბანკ არენაზე" შვედეთთან ამხანაგური მატჩის წინ შეკრებაზე დაურიგდებათ.

ცნობილია, რომ ასოციაციის მაღალჩინოსანთა დიდმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა შეკრებებისას ფეხბურთელებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის შეზღუდვას.

პირიქით, მათ მიიჩნიეს, რომ ტვიტერის "სწორად გამოყენების შემთხვევაში" ინგლისის ნაკრებმა შეიძლება მხოლოდ მოიგოს. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული შეზღუდვები მაინც დაწესდეს, მაგალითად, სანაკრებო თემების გარჩევისას საჭირო გახდეს პრესსამსახურის თანხმობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული