ინგლისის ნაკრები. გამოხმაურება

AutoSharing Option
პოლონეთთან შეხვედრის შემდეგ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა როი ჰოჯსონის გუნდის თამაში მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ისინი იმ უმთავრეს მინუსებზე ალაპარაკდნენ, რომელიც 65 წლის სპეციალისტმა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა გამოასწოროს. მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას ბეჭდური მედიის ექსპერტები.

პირველ რიგში, ლაპარაკია თავდასხმის ხაზში უეინ რუნისა და ჯერმეინ დეფოს დუეტის შეუთამაშებლობაზე. ზუსტად ისე, როგორც "იუნაიტედშია" შეჩვეული, რუნი მეტისმეტად უკან იხევს და თანაგუნდელს წინა ხაზზე მარტოს ტოვებს.

დეფო კი ამისთვის მზად არ არის. მედიის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ვერ იგებენ, თუ რატომ გაამწესა
მწვრთნელმა ტომ კლევერლი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე, როცა ის გამოკვეთილი "ცენტრისტია"; ცენტრალური მცველები (ჯოლეონ ლესკოტი და ფილ იაგიელკა) ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტები არიან და დაცვიდან ბურთის ხეირიანად ამოტანას ვერ ახერხებენ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე საკმარისია.

ახლა კი "დეილი მეილიდან" ამონარიდს შემოგთავაზებთ, საიდანაც ცხადი გახდება, რომ ინგლისის ნაკრების თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი მარტო ჩვენ არ დავრჩენილვართ.

აი, რას წერს ჟურნალისტი მარტინ სამუელი: "მატჩის შედეგით უკმაყოფილო მხოლოდ ერთი მხარე შეიძლებოდა დარჩენილიყო - პოლონეთი.

მასპინძლებმა უფრო საინტერესო გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, ბევრად უფრო კრეატიულები იყვნენ და კარის აღების მეტი შანსიც ჰქონდათ. გოლი, რომელიც ინგლისმა გაიტანა, ერთადერთი რეალური მომენტი იყო 90 წუთის განმავლობაში. პოლონეთი კი მთელი თამაში მომენტების გაფუჭების მეტს არაფერს აკეთებდა".

რაც შეეხება უშუალოდ ნაკრების წარმომადგენლებს, ერთადერთი, ვინც ვარშავაში აღებული ქულით კმაყოფილი დარჩა, როი ჰოჯსონი იყო - კარგია, რომ შინ ცარიელი ხელებით არ ვბრუნდებითო.

"ხანდახან ხდება, რომ საქმეები სულაც არ მიდის ისე, როგორც გეგმავ, მაგრამ მაინც აღწევ შედეგს, რომელსაც შეგიძლია დადებითი უწოდო. პოლონეთთან ქულა სულაც არ არის ტრაგედია.

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ გარემოფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად ის, რომ მინდორი არ ვარგოდა, რამაც კომბინაციური ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა,"
- განუცხადა ჰოჯსონმა BBC-ს.

მასპინძელთა გოლის ეპიზოდში უხეშად შეცდა ინგლისელთა დაცვაც და მეკარეც. ჯო ჰარტი გაუაზრებლად გამოვიდა ბურთზე, ჯოლეონ ლესკოტს შეეჯახა, რამაც კამილ გლიკს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

"მანჩესტერ სიტის" 25 წლის გოლკიპერმა მთელი "დანაშაული" საკუთარ თავზე აიღო:

"კუთხურისას გამოსვლაზე თამაში გადავწყვიტე. მე ვერ შევწვდი, მეტოქემ კი ბურთს თავი დროულად დაუხვედრა. ჩემი უხეში შეცდომა იყო, რაც ნაკრებს ქულების დაკარგვად დაუჯდა. უმჯობესი იყო, ხაზზე დავრჩენილიყავი".

p.s. ინგლისის ნაკრები სკანდალის გარეშე არ რჩება: ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ მას მერე, რაც სამშაბათს თამაში დიდი წვიმის გამო გადაიდო, ფეხბურთელებმა ძილისმომგვრელი აბები მიიღეს.

ამის გამო მეორე დღეს ლამის თამაშის წინ კოფეინით გაჭყიპვა დასჭირდათ, რათა გამოფხიზლებულიყვნენ.

ფეხბურთელები, კერძოდ, რიო ფერდინანდი და ფილ ნევილი ასეთ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ, რადგან წინა ღამით მიღებული აბები მეორე დღეს თამაშზე გავლენას ვერაფრით იმოქმედებდა. ფეხბურთის ასოციაცია ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული