ფინანსური უფსკრული, სახელად ფეხბურთი

AutoSharing Option
"დეილი ექსპრესმა" "რედინგსა" და "ქუინზ პარკზე", ასევე, მათ მესაკუთრეებზე საინტერესო მასალა შემოგვთავაზა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ.

ანტონ ზინგარევიჩი ამჟამად საქმიანი შეხვედრების გამო რუსეთში იმყოფება და უშუალოდ ტრიბუნებიდან არ უყურებია, თუ როგორ ითამაშა მისმა კლუბმა. თუკი ტრანსლაციაც არ უნახავს, ვეტყვით, რომ "რედინგმა" კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება.

ლიგის თასზე "არსენალთან" მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად "არისტოკრატებმა" "ქუინზ პარკთან" ფრედ მაინც ითამაშეს. ასე რომ, მისმა გუნდმა, ისევე, როგორც "რეინჯერსმა", დღემდე არ იცის მოგების გემო. ისინი ცხრილის ბოლო საფეხურებზე არიან გამაგრებულნი.

"რედინგი" განსაკუთრებით სუსტია
დაცვაში. ის ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

რუსი მეწარმის წინაშე, ისევე, როგორც "ქუინზ პარკის" ბოს ტონი ფერნანდესის, ორი შეკითხვა ისმის: შეუძლიათ თუ არა მომავალშიც ენდონ თავიანთ მწვრთნელებს და რას იზამენ იანვარში, გამოყოფენ თუ არა თანხებს ტრანსფერებისთვის.

გაზაფხულზე ახალგაზრდა მდიდარმა რუსმა 25 მილიონი გადაიხადა "რედინგის" შესაძენად, მალაიზიელმა ფერნანდესმა კი კლუბი წინა სეზონის დასაწყისში იყიდა.

როგორც ხედავთ, ოლიგარქებსა და შეიხებს მხოლოდ ზედა საფეხურებზე მდგომი კლუბები არ აინტერესებთ. მათ საკუთრებას შესაძლოა ცხრილის ფსკერზეც შეხვდეთ.

ზინგარევიჩს ბიზნესმენს ხშირად უწოდებენ, თუმცა თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა დაუძახოთ მას. 30 წლის ანტონი რუსი მილიარდერის შვილია და ცოლად 23 წლის სუპერმოდელი ჰყავს. შეკითხვა ასე კი არ უნდა დაისვას, "მისის ზინგარევიჩ, რამ მოგხიბლათ შეძლებულ ქმარში", არამედ ასე: "რამ მოხიბლა ზინგარევიჩი და ფერნანდესი ისეთ ფინანსურ უფსკრულში, როგორიც ფეხბურთია".

როცა "რედინგის" მთავარ მწვრთნელ ბრაიან მაკდერმოტს ჰკითხეს, სჭირდება თუ არა მის გუნდს ზამთარში გაძლიერება, სპეციალისტმა პასუხს თავი აარიდა, განაცხადა რა, ამ ეტაპზე მხოლოდ შემდეგი თამაში მაინტერესებსო.

არადა, მაკდერმოტს მშვენივრად ესმის, რომ სხვაგვარად საქმე არ გამოვა.

მზად არის თუ არა მესაკუთრე, ჯიბე კიდევ უფრო შეითხელოს? ბოლო შეხვედრაში ხომ მისმა შეგირდებმა მხოლოდ ნიჭიერი მეკარის, ალექს მაკარტის ხარჯზე სცადეს თამაშის მოგება.

რუს ბიზნესმენს ერთადერთი უპირატესობა აქვს: მის კოლეგასა და კონკურენტს უქმეებზე საქმე კიდევ უფრო ცუდად ჰქონდა. ფერნანდესმა თავისი გუნდის გაჭირვებას სწორედ ტრიბუნებიდან ადევნა თვალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული