უილშერი ნაკრებს უახლოვდება

AutoSharing Option
ჯეკ უილშერს რეალური შანსი ეძლევა - მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ინგლისის ნაკრებში რეგულარული ადგილი ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ ნოემბერში ინგლისი საფრანგეთს ხვდება - ამხანაგური თამაშია, რომელშიც ინგლისელთა მწვრთნელი ფაბიო კაპელო შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ჩერნოგორიასთან უსახური 0:0-ით სასტიკად უკმაყოფილო ინგლისელები ეროვნულ გუნდში ახალ ნაპერწკალს ითხოვენ და უილშერს შეუძლია ყველას აჩვენოს, რომ ამ ნაპერწკლის დანთება სწორედ მას შეუძლია.

"არსენალის" 18 წლის გამთამაშებელი ამ სეზონში აშკარად კაპელოს ყურადღების ცენტრშია. იტალიელი მწვრთნელი მას "შორიახლოს უვლის". აგვისტოში, უნგრელებთან საკონტროლო შეხვედრაში უილშერი თამაშის მიწურულს შევიდა
მოედანზე - ეს მისი დებიუტი გახლდათ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში.

ამის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ კაპელო უილშერს რეგულარულად გამოიძახებდა და თუ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, შეცვლაზე მაინც შეიყვანდა ხოლმე, მაგრამ ასე არ მოხდა: ევროპის 2012 წლის შესარჩევის შეხვედრებში ბულგარეთსა და შვეიცარიასთან მას შეკრებაზეც კი არ უხმეს.

გასულ პარასკევს ჯეკ უილშერი 21 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში რუმინეთს ეთამაშა, შემდეგ კი დიდ გუნდში გადაბარგდა და სამშაბათს, ინგლის-ჩერნოგორიის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

კაპელომ თქვა: "ვფიქრობ, საფრანგეთის ნაკრებთან ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს გამოვცდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მინდა ისინი საქმეში ვნახო".
კაპელოს მის მიერ შერჩეულ ახალგაზრდთა გვარების დასახელება სთხოვეს, მაგრამ მან შორს დაიჭირა. ამის მიუხედავად, ინგლისელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჯეკ უილშერია.

შესაძლოა საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშონ თეო უოლკოტმა, კიერან გიბზმა და ადამ ჯონსონმა, რომელიც ჩამოთვლილი არსენალელებისგან განსხვავებით "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია.
უილშერისა ძალიან ეიმედება ვეტერან ფეხბურთელს ტრევორ ფრენსისს:

"ჯეკ უილშერი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის უკვე თამაშობს იმ დონეზე, რომ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული