გარეთ ბეილი წასვლაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, "ფულჰემთან" მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის" 23 წლის ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა მზადყოფნა გამოთქვა, არაინგლისური კლუბების წინადადებები განიხილოს.

უელსელს ჩრდილოლონდონელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს, რომლის წყალობით ის კვირაში 75 ათას ფუნტს იღებს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ არაპრემიერლიგელთაგან ყველაზე მეტად მისით "რეალი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

ესპანურ გრანდებში მას ორჯერ მეტი ხელფასის მიღების შანსი აქვს და ცხადია, ძალიან ძნელია, ახალგაზრდამ ასეთ ცდუნებას გაუძლოს.

"კარგი იქნებოდა, განსხვავებული კულტურის ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებაც რომ მქონოდა. ნამდვილად არ მეშინია ასეთი პერსპექტივის. თუკი ოდესმე "ტოტენჰემი" ჩემს ტრანსფერზე
ღირსეულ შეთავაზებას მიიღებს, მზად ვიქნები, საკითხი სერიოზულად განვიხილო,"
- აცხადებს ბეილი.

"ტელეგრაფის" ჟურნალისტის თქმით, იმის გათვალისწინებით, რამდენად ჯიუტი შეუძლია იყოს ტრანსფერებზე მოლაპარაკებებისას "დეზების" პრეზიდენტ დენიელ ლევის, ლუკა მოდრიჩის "რეალში" გაყიდვამ დაადასტურა.

რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ სამეფო კლუბმა ხორვატში ზუსტად ის თანხა გადაიხადა (30 მილიონი ფუნტი), რამდენსაც "ტოტენჰემი" თავიდანვე ითხოვდა.

ბეილის ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე, მისი გადაბირება მსურველს ყველაზე ცოტა, 40-45 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

იქამდე, ვიდრე ბეილის ბედი გადაწყდებოდეს, იმას გეტყვით, რომ "ფულჰემთან" ბარძაყის ტრავმის მიღების გამო ფეხბურთელი ხუთშაბათს, 6 დეკემბერს ევროპის ლიგაზე "პანათინაიკოსთან" მატჩს გამოტოვებს. ასევე ეჭვქვეშ დგას კვირას, "ევერტონთან" პრემიერლიგის XVI ტურის შეხვედრაში მისი ასპარეზობაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული