"სიტი" "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ბოდიშს უხდის

AutoSharing Option
ჯერ კიდევ 10 დეკემბრის ნომერში ვწერდით, რომ "სიტი"-"იუნაიტედის" მატჩის მიწურულს მასპინძელ ფანებსა და სტუმარ ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა.

მავანმა "ქალაქელმა" რიო ფერდინანდს ორპენსიანი მონეტა წარბში გაარტყა, რის გამოც რიოს სერიოზული სისხლდენა დაეწყო.

სტიუარდებმა ხულიგანი დააფიქსირეს, თუმცა უცნობია, მოახერხეს თუ არა სამართალდამცავებმა მისი დაკავება. სამაგიეროდ, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა სტადიონზე რასისტული ლოზუნგებით გამომსვლელი მეორე პიროვნება დააკავა და პოლიციას ის გადასცა.

"სიტის" კიდევ ერთი გულშემატკივარი იმავე ფერდინანდთან ცდილობდა მიჭრილიყო, მაგრამ მას გზა ჯო ჰარტმა გადაუღობა და ამით კოლეგა თავდასხმას გადაარჩინა.

"ეტიჰადზე" არეულობის მსხვერპლი
უეინ რუნიც გახდა. მას მცირე ზომის საგანი თვალთან კი არა, თავში მოხვდა და საბედნიეროდ, სერიოზულად არ დაშავებულა.

"გარდიანის" ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უკვე გადაწყვიტა კვირის ინციდენტების გამოძიება.

"უემბლის" ოფისში დამატებით დაელოდებიან პოლიციის მიერ გამოძიების დასრულებას მატჩამდე და მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში ატეხილი რასისტული ისტერიის შესახებ. რადიკალურად განწყობილ ფანებს თავისუფლების აღკვეთა ელით.

მატჩის დასრულების შემდეგ ინციდენტის თაობაზე კომენტარი რიო ფერდინანდმა, ტრადიციულად, "ტვიტერზე" დატოვა.

აი, რას წერს ის: "აი, შედეგი - სამი ქულა! სასიამოვნოა. ვისაც უნდა ჩაედინა ეს საქმე, მინდა ვთქვა, რომ კარგი სროლა იყო, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ეს მხოლოდ ორპენსიანი იყო.

ხომ შეიძლებოდა, ერთფუნტიანი მაინც ყოფილიყო? ყოჩაღ ჯო ჰარტს, ვინც მოედანზე გადმოჭრილ იდიოტს წინ აღუდგა.

ძალიან მიყვარს ფანებს შორის კინკლაობა, მაგრამ დგება მომენტი, როცა ეს ყველაფერი ზღვარს გადადის ხოლმე. ასე რომ, დამშვიდდით".


"სიტის" საიტზე შეხვედრიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა კლუბის ხელმძღვანელობის წერილი, სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელს ოფიციალურად უხდიან ბოდიშს ინციდენტის გამო.

კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან ხულიგნების ვინაობის დასადგენად და პასუხისგებაში მათ მისაცემად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული