ფრანგ სპეციალისტთან ინტერვიუ, როგორც ყოველთვის, საინტერესო გამოვიდა.
- ჯგუფური ეტაპის მთავარ სიურპრიზად რას მიიჩნევთ?
- ჩემთვის უმთავრესი მოულოდნელობა ის იყო, რომ "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" პლეი ოფში ვერ გავიდნენ.
ლონდონური კლუბი საერთოდაც პირველი აღმოჩნდა მოქმედ ჩემპიონებს შორის, რომელმაც ეს ეტაპი ვერ გადალახა. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტენდენციები ნელ-ნელა იცვლება. თუკი წლების წინ პრემიერლიგური კლუბები ბოლო ეტაპებამდე
- ამ მხრივ, განსაკუთრებით გერმანული კლუბების გამოსვლა უნდა აღვნიშნოთ.
- დიახ, გერმანელებმა დაამტკიცეს, რომ ძალიან ძლიერები არიან გუნდურ თამაშში. ამ ქვეყანაში ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ამ მხრივ, განსაკუთრებით ფინანსური მხარეა აღსანიშნავი, რადგან არასდროს ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ.
- მიიჩნევთ თუ არა დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად?
- დიახ, რადგან მათ პირველი ადგილი დაიკავეს ჯგუფში, სადაც ისეთი მაღალი დონის გუნდები ჰყავდათ კონკურენტებად, როგორებიც მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.
- ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კიდევ რომელი გუნდების გამორჩევა შეგიძლიათ?
- აღვნიშნავდი "შახტარს". უკრაინელები ურთულესი ჯგუფიდან გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. ისინი მრისხანე კონკურენტებთან მატჩებშიც კი ახერხებდნენ მოედანზე დომინირებას. რასაკვირველია, გამოვყოფ "იუვენტუსსაც", როგორც უდიდეს გუნდს, რომელმაც საბოლოოდ მოახერხა აღორძინება.
- ფეხბურთელებიდან ვის გამოყოფთ?
- მარკო როისს, განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის გამო, სადაც ის წარმოუდგენლად ეფექტური იყო და ბურთს არაჩვეულებრივად გრძნობდა. გამოვყოფ სტეფან ელ შაარავისაც, ნიჭიერ და ტექნიკურ ფეხბურთელს. შესაძლოა, ის უბურთოდ მოძრაობისას ეფექტური არ არის, მაგრამ მთავარია, რომ მუდმივად სწავლობს, რასაც მასში ძალიან ვაფასებ.
- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში "არსენალს" შეუერთდება?
- არასოდეს ვიცი ზუსტად, თუ რა მოხდება ხვალ, მაგრამ ელ შაარავიზე მხოლოდ ის გითხარით, რომ ძალიან მომწონს მისი თამაში.
- რითი შეგიძლიათ ახსნათ ის, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ში ორი განსხვავებული გუნდია?
- პარიზელები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. თუკი ისინი ჩემპიონატს მოიგებენ, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვით, რადგან ყველა ამას ელოდება. ლიგაში კი სიტუაცია სხვანაირია და ამიტომაც ზეწოლის გარეშე ასპარეზობენ.
ხელმძღვანელობამ მოთმინება უნდა იქონიოს. გუნდში ძალიან ბევრი უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, სუპერვარსკვლავია, მაგრამ ეს ფეხბურთია და შედეგის მიღება გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველთვის არ ხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"