ერთი კლუბის ისტორია: გიჟების ბანდა

AutoSharing Option
გასული საუკუნის 80-იანი წლების "უიმბლდონს" ვერ მივიჩნევთ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდად, მაგრამ თვითმყოფადობითა და ქარიზმით ის ბევრ გრანდს შეიძლება გავუტოლოთ.

გიჟების ბელადი
"ჩვენ არავის ვუყვარვართ, მაგრამ მიგვიფურთხებია", - "მილუოლის" ფანების ეს სახელგანთქმული ლოზუნგი შეიძლება "უიმბლდონის" შესახებ მოთხრობის ეპიგრაფად გამოვიყენოთ.

ეს იყო ნამდვილი ბანდა იუმორის თავისებური გრძნობით. მაგალითად, იქ განსაკუთრებულ გართობად ითვლებოდა მწვრთნელისთვის გასაღების მოპარვა, მისი სასტუმრო ნომრის თავდაყირა დაყენება ან ტრუსების ჩაწევა და ტრიბუნებისთვის უკანალის ჩვენება.

მოკლე პასები? დრიბლინგები? ეს ამ გუნდისთვის უსარგებლო ცნებები იყო - "უიმბლდონი" სწორხაზოვან ფეხბურთს
ანიჭებდა უპირატესობას.

გუნდის თამაშის შეგნებული პრიმიტიულობა გამყარებული იყო მისი ზოგიერთი ფეხბურთელის უმართავი და ველური ხასიათით, რის გამოც სატურნირო დისტანციაზე გუნდის წინსვლაში შეიძლებოდა ამოგვეკითხა სისხლის სამართლის დანაშაულის, მაგალითად, ყაჩაღური თავდასხმის ნიშნები.

რაც ყველაზე მთავარია, ამ გუნდში მხოლოდ ფეხბურთელები არ იყვნენ "გიჟები". "უიმბლდონის" მფლობელი სემ ჰამამი ასევე დიდი ორიგინალურობით გამოირჩეოდა. როცა მან სამუშაოდ მიიწვია მწვრთნელი ბობი გულდი, მოითხოვა მის კონტრაქტში ჩაეწერათ პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლიბანელ ბიზნესმენს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლებოდა სასტარტო შემადგენლობის შეცვლა.

ერთხელ კი სემი აქლემს დაპირდა "უიმბლდონის" ფორვარდ დინ ჰოლდსვორთს, თუ ის სეზონში 20 გოლს გაიტანდა.

ფსკერიდან ოლიმპზე
1889 წელს შექმნილმა კლუბმა თავისი ისტორიის დიდი ნაწილი სამოყვარულო დონეზე იარსება. პირველად მან ყურადღება 1974-75 წლების სეზონში მიიპყრო, როცა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდამდე მიაღწია.

ამ ეტაპზე "უიმბლდონმა" 0:0 ითამაშა სტუმრად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "ლიდსის" წინააღმდეგ. იმ მატჩში "დონსის" მეკარემ დიკი გაიმ პიტერ ლორიმერის პენალტი მოიგერია, მაგრამ გადათამაშებაში "ლიდსმა" 1:0 გაიმარჯვა.

სამხრეთი ლიგის ჩემპიონატის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ, "უიმბლდონი" მეოთხე დივიზიონში მიიღეს (მაშინ მსგავსი საკითხები კენჭისყრის მეშვეობით წყდებოდა). ახალ დონეზე პირველი სეზონი გუნდმა ღირსეულ მე-13 ადგილზე დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავიდა.

მართალია, "დონსი" ორჯერ გავარდა მეოთხე დივიზიონში, მაგრამ მაინც იპოვნა საკუთარ თავში მეორე დივიზიონში გადასვლის ძალა.

ყველასთვის გასაკვირად, სადებიუტო წელს გუნდი მე-12 ადგილზე გავიდა, 1985-86 წლების სეზონში კი მესამე პოზიციამდე ამაღლდა.

დღეს ეს ადგილი პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, მაშინ კი ზედა ლიგაში პირდაპირ გადასვლის გარანტია იყო. ასე რომ, ნახევრადპროფესიული ფეხბურთიდან ელიტაში გადასასვლელად "უიმბლდონს" მხოლოდ ცხრა სეზონი დასჭირდა.

უცხო გარემოში
ელიტურ დივიზიონში "უიმბლდონი" ჩამოყალიბებულ გუნდად მივიდა. მის რიგებში უკვე თამაშობდნენ ისეთი კოლორიტული პერსონაჟები, როგორებიც იყვნენ დეივ ბიზანტი, დენის უაიზი, ლოური სანჩესი, ჯონ ფაშანუ და ალან კორკი.

1986 წლის ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე არ უმუშავიათ და მხოლოდ ნოემბერში მივიდა გუნდში ვინი ჯონსი.

ბუნებრივია, ექსპერტებმა სამხრეთლონდონური კლუბი მაშინვე აუთსაიდერებს შორის ჩაწერეს. "უიმბლდონმა" ჩემპიონატი "მანჩესტერ სიტისთან" მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩის მოგება შეძლო და პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ეს ნამდვილი შოკი იყო!

კიდევ უფრო დიდი დარტყმა აღმოჩნდა არაკეთილისმსურველთათვის (ასეთები ბლომად იყვნენ) გასვლითი მოგება "ლივერპულთან" და საბოლოო მეექვსე ადგილი.

1987-88 წლების სეზონის წინ, "უიმბლდონი" დატოვა მწვრთნელმა დეივ ბასეტმა, რომელიც მიიჩნევა კიდეც "გიჟების ბანდის" შემქმნელად. სწორედ მან იზრუნა იმისთვის, რომ გუნდში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნილიყო.

პარასკევის ვარჯიშების დროს, ბასეტის პრაქტიკაში იყო "ჰარიბოლის" თამაში. ეს გახლდათ ფეხბურთისა და რაგბის ნაზავი, რომლის დროსაც ნეკნებს ჭახაჭუხი გაუდიოდა.

წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ, მწვრთნელმა გუნდის ხელწერის შეცვლა განიზრახა, მაგრამ მალე "უოტფორდის" დასაპყრობად გაემგზავრა: ჰამამმა არ მისცა ის ხელფასი, რომელიც მწვრთნელმა მოითხოვა.

ბასეტის გარდა, გუნდი დატოვეს ნაიჯელ უინტერბერნმა და გლინ ჰოჯსმა.

მატჩთა მატჩი
1988 წლის ინგლისის თასის ფინალი - ერთ-ერთი ყველაზე უცნაურია ამ ტურნირის ისტორიაში. ეს იყო ლამაზმანისა და ურჩხულის დაპირისპირება. "ლივერპული" "უიმბლდონის" წინააღმდეგ.

ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, თუ ვის მხარეს იყო საზოგადოების სიმპატია. ფინალამდე "დონსმა" დაამარცხა "ნიუკასლი" ვუნდერკინდი პოლ გასკოინით და "უოტფორდი", რომელსაც ბასეტი ხელმძღვანელობდა. მაგრამ ის აზრი, რომ ვინი ჯონსის მსგავს ფეხბურთელს, რომელსაც ერთმანეთში ერეოდა მოწინააღმდეგის ფეხი და ბურთი, შეიძლებოდა ინგლისის თასი მოეგო, წყობიდან გამოყავდა ექსპერტები.

მწვრთნელად ბობი გულდის მოსვლამ ცოტათი "გააკეთილშობილა" "დონსის" საფირმო სტილი, მაგრამ "უიმბლდონის" ფეხბურთელები კვლავაც მთავარ ამოცანად მეტოქის ძლიერი მხარეების ნეიტრალიზაციას ისახავდნენ, საკუთარი შეტევები კი გრძელი გადაცემებით შემოიფარგლებოდა იმ იმედით, რომ ფაშანუ არეულობაში შეძლებდა ბურთის კარში "შეტენვას".

ასევე "უიმბლდონის" მოკავშირე იყო "სტანდარტები". და, რა თქმა უნდა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა...

ფინალური მატჩის წინა საღამო "უიმბლდონის" ფეხბურთელებმა პაბში გაატარეს, თანაც დანახარჯი ჰამამმა გადაიხადა. მატჩების წინ ასეთი ქეიფები "დონსისთვის" მზადების სტანდარტული ელემენტი იყო.

ფინალის წინ ამან გაამართლა - ლონდონელებმა დაამარცხეს უფრო მაღალი კლასის მეტოქე ერთადერთი გოლის წყალობით, რომელიც ჩაწოდების შემდეგ სანჩესმა გაიტანა.

დეივ ბიზანტი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მეკარე, რომელმაც ინგლისის თასის ფინალში პენალტი მოიგერია. მისი "მსხვერპლი" გახდა ჯონ ოლდრიჯი.

"იმ მოგებისთვის სამი ათასი ფუნტი გადაგვიხადეს, არადა, "ლივერპულის" მოთამაშეებმა ათ-ათი ათასი მიიღეს მარტო იმის გამო, რომ მოედანზე გავიდნენ. მაგრამ ამის გამო არ მინაღვლია", - ამბობდა შემდეგ ვინი ჯონსი.

ალბათ, ინგლისის თასი იყო იდეალური ტურნირი "უიმბლდონის" მეამბოხე სულის გამოსახატავად.

ტრიუმფის შემდეგ
თასზე გამარჯვებამ ფეხბურთელთა ვნებები ჩააცხრო. ბევრი მათგანისთვის ცხოვრების მთავარი მატჩი უკვე ნათამაშები იყო, ლიდერებმა კი პირიქით, საკუთარი თავის ახალ დონეზე შემოწმება მოინდომეს.

1990 წელს გუნდიდან წავიდა გულდი. ისევე, როგორც ბასეტის შემთხვევაში, აქაც ჰამამთან უთანხმოების მიზეზი ფინანსური საკითხი იყო. "უიმბლდონის" მფლობელმა გუნდი გულდის ერთ-ერთ ასისტენტს ჯონ კინეირს მიანდო.

პარალელურად, "უიმბლდონი" გამოეთხოვა თავის მთავარ სიმბოლოს: სტადიონი "პლუგ ლეინი" დემონტაჟს დაექვემდებარა.

"ჰილსბროზე" მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ინგლისურ არენებზე უსაფრთხოების ახალი სტანდარტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ტრიბუნებზე მხოლოდ დასაჯდომი ადგილები უნდა დარჩენილიყო. ამით "პლუგ ლეინის" ტევადება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, ამიტომაც ჰამამი მოელაპარაკა 26-ათასიანი "სელჰერსტ პარკის" იჯარაზე, რომელზეც კიდევ ერთი სამხრეთლონდონური კლუბი - "კრისტალ პალასი" თამაშობდა.

ეს შეცდომა იყო, რომელიც "უიმბლდონს" ძვირად დაუჯდა. "უცხო" არენაზე დასწრება ძალიან დაეცა, რითაც შემცირდა კლუბის შემოსავალი.

პრობლემების მიუხედავად, გუნდი ახლადშექმნილ პრემიერლიგას 2000 წლამდე შემორჩა. 80-იანი წლების გმირების ნაცვლად, შემადგენლობაში სხვა ხალხი მოვიდა, რომელთა წყალობით, "დონსი" დრო და დრო ახარებდა გულშემატკივრებს გათამაშების ცხრილის ზედა ნახევარში მოხვედრით.

1993-94 წლების სეზონში "უიმბლდონმა" მეექვსე ადგილზე გასვლაც კი შეძლო, კინეირი კი წლის მწვრთნელად აღიარეს. გუნდის კაპიტანი იყო უკან დაბრუნებული ვინი ჯონსი.

საინტერესო ფაქტია: არც "ლიდსში", არც "შეფილდ იუნაიტედსა" და არც "ჩელსიში" ჯონსს ერთხელაც არ დაუმსახურებია გაძევება, თავის მშობლიურ კლუბში პირველივე მატჩში კი მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა.

Sportall.Geდასასრული
და მაინც, ამ ისტორიის ფინალი ნაღვლიანია. პერიოდულად ჩნდებოდა ჭორები "უიმბლდონის" სხვა გუნდთან შერწყმასა და კარდიფში, ბელფასტში ან დუბლინში გადასვლაზე.

ბოლოს ჰამამმა მოახერხა ორი ნორვეგიელი ინვესტორის პოვნა, რომლებმაც შეისყიდეს კლუბის აქციათა ნაწილი, შემდეგ კი "დონსზე" სრული კონტროლი მოიპოვეს.

თავად ჰამამმა იმ დროისთვის "კარდიფ სიტი" შეიძინა.

საბოლოოდ, "უიმბლდონს" ბოლო მოუღო კინეირის გაუარესებულმა ჯანმრთელობამ. გუნდმა არ მიიღო მის ნაცვლად მისული ეგილ ოლსენი და პრემიერლიგიდან გავარდნის ზღვარზე აღმოჩნდა.

სიტუაციას ვერ უშველა ნორვეგიელი სპეციალისტის გაშვებამ. "გიჟების ბანდის" ისტორია დასრულდა, მალე შეწყდა "უიმბლდონის" ისტორიაც. არენის გარეშე დარჩენილ პატარა კლუბს პრემიერლიგაში ადგილის დაკარგვა სიკვდილს უქადდა.

2004 წელს, "უიმბლდონი" მესამე დივიზიონამდე ჩამოქვეითდა, შეიცვალა სახელწოდება, ფერები და დისლოკაციის ადგილი.

კლუბი მილტონ ქინსში გადავიდა. ეს იყო სწრაფად განვითარებადი ქალაქი ლონდონიდან ჩრდილო-დასავლეთით 72 კილომეტრ მანძილზე, რომელსაც საფეხბურთო კლუბი ესაჭიროებოდა. სანაცვლოდ, "დონსმა" მიიღო 22-ათასიანი სტადიონი.

მოვლენათა ასეთი განვითარებით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა შექმნეს ალტერნატიული - აფკ "უიმბლდონი", რომელმაც ნულიდან დაიწყო აღმასვლა. დღემდე გრძელდება დავა იმაზე, რომელია ამ ორიდან "ნამდვილი" "უიმბლდონი".

"მილტონ დონსი" დღეს ჩემპიონშიფში გადასასვლელად იბრძვის, "უიმბლდონი" კი ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. ამასწინ, ეს გუნდები ინგლისის თასის II რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. თამაში "მილტონ კინს სტედიუმზე" გაიმართა და მას 16 ათასი მაყურებელი დაესწრო.

გამარჯვება უფრო მაღალი კლასის მასპინძლებმა მოიპოვეს - 2:1.

მთავარი გიჟები
Sportall.Geდეივ ბიზანტი
მეკარე

ის ნაწილობრივ პლეიმეიკერიც იყო, რადგან თითქმის ცენტრამდე აჰქონდა ბურთი. ათამდე კლუბში მოასწრო თამაში, მაგრამ აღიარება "უიმბლდონში" თამაშისას მოიპოვა.

ამ გუნდში თითქმის 400 მატჩი ჩაატარა, არადა, მისი შეძენა კლუბს მხოლოდ ათასი ფუნტი დაუჯდა.

თასის ფინალის მოგების შემდეგ, "ნიუკასლში" გადავიდა, მაგრამ იქ ცოტა ხანი დარჩა. ასზე მეტი მატჩი ჩაატარა "ჩელსისა" და "ნოტინგემის" შემადგენლობაში, ოთხი წელი გაატარა "საუთჰემპტონში". ამ გუნდში თამაშისას, სულელური ტრავმა მიიღო: მაიონეზის ქილა დაეცა ფეხზე. ორჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, იყო მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის განაცხადში.


Sportall.Geვინი ჯონსი
ნახევარმცველი

გუნდის ყველაზე კოლორიტული ფიგურა, რომელიც ცნობილი გახდა შიშისმომგვრელი ვარდნებითა და პოლ გასკოინის პერსონალური მეურვეობით.ჯონსი აღიარებდა, რომ მატჩის წინ მწვრთნელი არასოდეს ელაპარაკებოდა ტაქტიკაზე, უბრალოდ ასახელებდა მეტოქის ფეხბურთელის გვარსა და ნომერს.

"შეფილდ იუნაიტედში" თამაშისას მან რეკორდი დაამყარა - მეხუთე წამზე მიიღო გაფრთხილება. ერთი წლის შემდეგ, უკვე "ჩელსის" შემადგენლობაში ეს რეკორდი თავად დაამხო - სასტარტო სასტვენიდან მესამე წამზე მიიღო ყვითელი ბარათი. თამაშობდა უელსის ნაკრებში.

1998 წელს გადაიღეს ფილმში - "ბანქო, ფული, ორი ლულა", რის შემდეგაც კონემატოგრაფს მიუძღვნა ცხოვრება. ფილმებში, ძირითადად, უსიტყვო შეარაღებულ ბანდიტებს თამაშობს.

ლოური სანჩესი
ნახევარმცველი

ეკვადორელი მამისა და ჩრდილოირლანდიელი დედის ვაჟი. "უიმბლდონში" გატანილი გოლებიდან უნდა გამოვყოთ ორი: ერთი, რომელმაც გამარჯვება მოიტანა ინგლისის თასის ფინალში და მეორე, რომელმაც "დონსი" ელიტაში გადაიყვანა. სანჩესმა თავისი კვალი დატოვა "რედინგის" ისტორიაშიც. მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ირლანდიასა და "ფულჰემს".

Sportall.Geდენის უაიზი
ნახევარმცველი

168 სანტიმეტრი სიმაღლის მებრძოლი ნახევარმცველი, რომელიც ცენტრში არავის არაფერს უთმობდა.

"უიმბლდონის" დატოვების შემდეგ, "ჩელსის" ღირსებას იცავდა, იყო "არისტოკრატთა" კაპიტანი. "უიმბლდონის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის თასი სხვა გუნდის რიგებშიც მოიგო.

1995 წელს დაადანაშაულეს ლონდონელ ტაქსისტზე თავდასხმაში. 21 მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრების რიგებში, გაიტანა ერთი გოლი. ნორმალურად წარმოაჩინა თავი მწვრთნელის რანგში, რის შემდეგაც, "ნიუკასლში" გადავიდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

ალან კორკი

თავდამსხმელი

მელოტი და წვერებიანი მამაკაცი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით უფრო ბებერი ჩანდა. ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ოთხივე დივიზიონში აქვს გოლი გატანილი, ასევე პრემიერლიგაში. სულ "უიმბლდონის" რიგებში 510 მატჩი ჩაატარა და 167 გოლი გაიტანა. ასევე უთამაშია "დერბიში", "შეფილდსა" და "ფულჰემში". მწვრთნელ მიკი ადამსს ოთხ სხვადასხვა გუნდში ეხმარებოდა, დამოუკიდებლად გადაიყვანა "კარდიფი" მესამე დივიზიონში. ალანი "საუთჰემპტონის" მოთამაშის ჯეკ კორკის მამაა.

ჯონ ფაშანუ
თავდამსხმელი

მაღალი და დაკუნთული მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერი მცველის "შეჭმა" შეეძლო. კარიერის დასაწყისში თავისი უფროსი ძმის - ჯასტინის ჩრდილში მოექცა. ეს უკანასკნელი პირველი შავკანიანი მოთამაშე იყო ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში, რომლისთვისაც მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ჯასტინის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა: "ნოტინგემში" გადასვლამ დაამსხვრია მისი კარიერა, მოგვიანებით ჰომოსექსუალისტობა აღიარა და თავი მოიკლა. ჯონი კი ექვსი წლის განმავლობაში "უიმბლდონის" საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა, 1989 წელს კი ორჯერ ითამაშა ინგლისის ნაკრებში.

კარიერის ბოლოს აზიურ ტოტალიზატორთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, მაგრამ გაამართლეს. ამჟამად ბიზნესით არის დაკავებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ. საინტერესო იყო
England
12:37 04-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული