პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: საშინაო გამოცდა "ტოტენჰემისთვის"

AutoSharing Option
შუა კვირაში სათასო დაპირისპირებების შემდეგ პრემიერლიგელები უმთავრეს ასპარეზს უბრუნდებიან. წინა ტურისა არ იყოს, ცენტრალური შეხვედრები ამჯერადაც კვირას გაიმართება.

სუარესი და სტარიჯი ერთად
"ლივერპულის" გულშემატკივრები ელიან, რომ პირველივე წუთებიდან მიეცემათ ლუის სუარესისა და დენიელ სტარიჯის ხილვის საშუალება.

ურუგვაელს "იადონების" აწიოკება განსაკუთრებულად ეხერხება. მან ბოლო ორ შეხვედრაში ამ გუნდს 6 გოლი გაუტანა. თავდასხმაში ძლიერი მეწყვილე კი მას წარმატების მეტ შანსს აძლევს. ამას დავუმატოთ, რომ მერსისაიდელები ბოლო შეხვედრებს შინ ძალიან ძლიერად ატარებენ, "ნორვიჩს" კი 5 თამაშია, მოგება არ ღირსებია.

ყოველივე ამის დამსახურებაა, რომ
ევროპელი ბუკმეიკერები მასპინძლებს მოგებაზე ძალიან დაბალ ფსონს აძლევენ. ჩვენი პროგნოზიც ანალოგიურია, ბრენდან როჯერსის გუნდმა უნდა მოიგოს და დიდი ალბათობით ფორით.

კომპანი და კომპანია
"მანჩესტერ სიტიმ" ბოლო შეხვედრებში უმთავრესი პრობლემები მოაგვარა, 3 თამაშია, გოლს აღარ უშვებს და შედეგიანობაც გამოასწორა. რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ამ დროს "ეტიჰადზე" გუნდს, რომელსაც ჩემპიონატში მოგების სიხარული დავიწყებული აქვს?

ჩვენი პასუხია: მიზერული. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ დედაქალაქელებს ასოციაციის თასზე "ბლექპულთან" დამატებითი დრო დასჭირდათ მოსაგებად.

"ქალაქელებს" კაპიტანი ვენსან კომპანი ეყოლებათ. ინგლისური ფეხბურთის მამებმა წინა ტურში 25 წლის ბელგიელის მიერ მიღებული წითელი ბარათი გააუქმეს.

გამოტირებულის დაბრუნება
ბრაიან მაკდერმოტის
"რედინგმა" სეზონი ისე დაიწყო, რომ ის მისმა ფანებმაც კი წინასწარ გამოიგლოვეს და ფეხბურთელებმა ხელი ჩაიქნიეს, ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ ვართო. თუმცა ბოლო 4 შეხვედრაში "არისტოკრატებმა" 7 ქულა მოიპოვეს და საოცნებო მე-17 ადგილს, რომელიც ლიგაში დარჩენის უფლებას იძლევა, უკვე 3 ქულითღა ჩამორჩებიან.

"რედინგმა" წინა ტურში სულაც სენსაცია შემოგვთავაზა, როცა 8 წუთში "ვესტ ბრომვიჩის" ორბურთიანი უპირატესობა გააბათილა და მერე მოიგო კიდეც.

"ნიუკასლის" თამაშის პროგნოზი კი უკვე "სენტ ჯეიმს პარკზეც" შეუძლებელი გახდა. "კაჭკაჭებმა" დემბა ბა გაყიდეს, კაპიტანი ფაბრისიო კოლოჩინი ტრანსფერზე დაყენებას ითხოვს. ერთი სიტყვით ჩრდილოელთა ბანაკში დიდი არეულობაა. ჩვენ მაინც გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ჯორდებს შეუძლიათ ამ თამაშის მოგება.

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ "სუონსი"-"სტოკის" შეხვედრა 19 იანვრის მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელია. ამ ეტაპზე არც "გედები" და არც "მეთიხეები" არ მიიჩნევიან ევროტურნირების საგზურის პრეტენდენტებად, მაგრამ მსგავსი პრეტენზია შეიძლება ორივეს გაუჩნდეს. ამისთვის მათ ბოლომდე მობილიზება სჭირდებათ.

ჩვენი აზრით, წინა ტურში შერცხვენილ სტუმრებს "ლიბერთი სტედიუმზე" ქულის აღების შანსი თუ ექნებათ. ორივე გუნდზე უნდა აისახოს ის, რომ მათ შუა კვირაში მძიმე სათასო შეხვედრები ჰქონდათ.

თასზე ითამაშა მომდევნო წყვილმაც: "ქუინზ პარკმა" "ვესტ ბრომვიჩს" სტუმრად სძლია, "ვესტ ჰემმა" კი "ოლდ ტრეფორდზე" მინიმალური ანგარიშით დათმო. "რეინჯერებს" ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი აქვთ, ელიტაში დარჩენის იმედი შეინარჩუნონ. ამ ბრძოლაში ახალწვეულ ლოიკ რემის სერიოზული როლის თამაში შეუძლია. "ჩაქუჩებს" კი შინ რეაბილიტაცია მართებთ. ჩვენი პროგნოზით სემ ელერდაისის გუნდს წარმატების მეტი შანსი აქვს.

"უიგანს" სათადარიგოთა სკამი პრემიერლიგელისთვის ისედაც უჩვეულოდ მოკლე აქვს. რობერტო მარტინესმა სეზონის დაწყების შემდეგ ყველაზე ცოტა, 21 ფეხბურთელი გამოიყენა და აქედან მინიმუმ ოთხის თამაში გამორიცხულია. მათ შორის არის წამყვანი ცენტრალური მცველი ივან რამისი.

ტოტალიზატორების პროგნოზით, მეტი შანსი მასპინძლებს აქვთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ გაუჭირდებათ ფორმაში შესული "შავი კატების" დამარცხება.

სტივ კლარკის "ვესტ ბრომვიჩმა" მიჯრით სამი თამაში დათმო და XXIII ტურში ისეთი მეტოქე ელის, ვისთანაც ამ სერიის შეწყვეტა ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე იოლია.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "ასტონ ვილა" მთელ ჩემპიონატში ყველაზე ცუდ ფორმაშია.

დერბი, რა დერბი!
კვირას დიდი ლონდონური დერბი გახსნის: "ჩელსი" "არსენალს" უმასპინძლებს. დედაქალაქური გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და ჯერჯერობით უფრო წარმატებით ამას "ლურჯები" აკეთებენ. რაფა ბენიტესის დანიშვნის შემდეგ "ჩელსი" სახლში უფრო ცუდად თამაშობს, ვიდრე გასვლაზე.

"ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" 3-თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს (თანაც ვისთან? "ქუინზ პარკთან", "სუონსისა" და "საუთჰემპტონთან"), რაც "მეთოფეებისთვის" დიდი შეღავათი არ უნდა იყოს, რადგან მასპინძლებს საბრძოლველად ეს ფაქტორი განსაკუთრებულად უნდა განაწყობდეს.

ჩვენი პროგნოზი ცოტა სარისკოა: "არსენალის" მოგება!


სერი და შურისძიება
და აი, ტურის უმთავრეს შეხვედრასაც მივადექით. პირველ წრეში "დეზებმა" "იუნაიტედი" მოულოდნელად გასვლაზე 3:2 დაამარცხეს.

სწორედ ეს მატჩი გაიხსენა მასპიძელთა 23 წლის უელსელმა ლიდერმა გარეთ ბეილმა და განაცხადა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" აღებულმა სამმა ქულამ მათ დიდი სამსახური გაუწია, მისცა მეტი მოტივაცია, გაუმყარა საკუთარი ძალების რწმენა და ჩემპიონატის ფავორიტებთან დაპირისპირებას ახლაც ისე უყურებენ, როგორც საკუთარი თავის კიდევ ერთ გამოცდას.

ცხადია, ეს თამაში ახსოვთ "ეშმაკების" ბანაკშიც და ახსოვთ ძალიან მწარედ. მას მერე ალექს ფერგიუსონის გუნდს ასე ცუდად აღარ უთამაშია.

ჩვენი პროგნოზით "უაით ჰართ ლეინზე" დიდი ბრძოლა გაჩაღდება და სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება.

დაბოლოს, XXIII ტურს ორშბათს "საუთჰემპტონი" და "ევერტონი" დაასრულებენ. "წმინდანების" ხელმძღვანელობამ მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფეხზე დამდგარ გუნდს მთავარი მწვრთნელი შეუცვალა. ნაიჯელ ედკინსის ნაცვლად "ესპანიოლის" ყოფილი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო დანიშნა.

40 წლის არგენტინელ სპეციალისტს რთული დებიუტი ელის დევიდ მოიესის "ევერტონის" წინააღმდეგ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური
19 იანვარი
ლივერპული-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: ხ. ენრიკე, კელი, ფლენაგანი - უიტეკერი, მორისონი, რადი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +23=12-10 (83-42)

სიტი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: მაიკონი, რიჩარდსი, როდუელი - ფრეი, სიდუელი, ეტერიჯი, ს. დევისი, მ. დიარა
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +21=11-10 (87-61)

ნიუკასლი-რედინგი 19:00
ტრავმა: გოსლინგი, ბენ არფა, რ. ტეილორი, ვუკჩიჩი - რობერტსი, მაკარტი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2 (14-8)

სუონსი-სტოკი 19:00
ტრავმა: ნ. ტეილორი - უილსონი, დელაპი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=1-3 (13-12)

ვესტ ჰემი-ქუინზ პარკი 19:00
ტრავმა: მაკარტნი - გრანერო, ტრაორე, ბოსინგვა, ე. ჯონსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +11=14-10 (41-47)

უიგანი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: კრუსატი, ალკარასი, რამისი, პისკუ, უოტსონი, მიაიჩი - კუელიარი, როუზი, ბრაუნი, კატერმოული
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +7=6-5 (21-19)

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 21:30
ტრავმა: ფორჩუნი, გერა, იაკობი, რიდი - გივენი, ოლბრაიტონი, ჰერდი, დანი, ბენტი, გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +35=25-45 (140-154)

20 იანვარი
ჩელსი--არსენალი 17:30
ტრავმა: ბენაიუნი, რომეუ - ფაბიანსკი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 156 თამაში: +49=46-61 (200-224)

ტოტენჰემი-იუნაიტედი 20:00
ტრავმა: გალასი, კაბული -
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 147 თამაში: +33=36-78 (179-251)

21 იანვარი
საუთჰემპტონი-ევერტონი 00:00
ტრავმა: ლალანა, ფონტე - ჰეიტინგა, მირალიაში, ჰიბერტი, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +20=15-36 (80-127)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 17 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 15 - ლუის სუარესი (ლივერპული), 14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: შეცდომის ფასი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული