"ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთულია," – განაცხადა არსენ ვენგერმა "ჩელსისთან" წაგების შემდეგ, რადგან ბოლო წარუმატებლობებმა მისი გუნდის საჩემპიონთალიგო შანსები ეჭვქვეშ დააყენა.
"არსენალს" კი ეს ტურნირი 1997/98 წლების სეზონის შემდეგ არ გამოუტოვებია. "ჩელსისთან" მარცხმა კი სერიოზულად დაფიქრების წინაპირობა მოგვცა: შეუძლიათ კი ლონდონელებს ამ სერიის გაგრძელება?
"მეთოფეები" "სტემფორდ ბრიჯს" "საუთჰემპტონთან" ფრესა (1:1) და "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) წაგების შემდეგ ეწვივნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ
"ჩელსის" სასარგებლოდ მატჩი ხუან მატამ და ფრენკ ლამპარდმა შემოატრიალეს. "არსენალი" მე-6 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ტოტენჰემს" უკვე 7 ქულით ჩამორჩება.
ეს ადგილი კი ლიგის უკანასკნელ საგზურს იძლევა. ვენგერის შეგირდებს მხოლოდ ამ 7 ქულის არ უნდა ეშინოდეთ. "ტოტენჰემი" ნამდვილად არ არის ერთადერთი, ვინც ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. ასეთია, მაგალითად, "ევერტონი", რომელიც სეზონის მეორე ნახევარს, ტრადიციულად, ძლიერად ატარებს და რომელიც "არსენალს" უკვე 3 ქულით უსწრებს; ასევე - "ლივერპული" და "ვესტ ბრომვიჩი", რომლებიც მას ფეხდაფეხ მისდევენ, თუმცა მასზე თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.
"ცხადია, ჩვენ მეტად აღარ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება, თუკი გვინდა, რომ ოთხეულში მოვხვდეთ. სატურნირო მდგომარეობა ისეთია, როგორიც არის. წინა კვირას ორი უმნიშვნელოვანესი თამაში წავაგეთ, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაგვირთულა და რასთან შეგუებაც ძალიან ძნელია," – აცხადებს ვენგერი.
ყველაფრის მიუხედავად ფრანგ სპეციალისტს სჯერა, რომ ისევე, როგორც შარშანდელ სეზონში, მისი გუნდი ამჯერადაც შეძლებს მიზნის მიღწევას:
"საქმე ფსიქოლოგიაშია. გუნდი ბრძოლისუნარიანია და სულიერად მისი გატეხა ძნელია. მას უნდა სჯეროდეს საკუთარი მომავლის და პოტენციალის. "სიტისთან" შეხვედრაში, მას მერე, რაც ათნი დავრჩით და დღესაც, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, მეტოქეს მოედანზე ჩვენი პირობები ვუკარნახოთ. თუმცა ამ ეტაპზე ბევრი რამის გაკეთება ნულიდან მოგვიწევს".
თუკი "არსენალი" პრემიერლიგაში გამოსვლას ასევე გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეთექვსმეტედ გასვლისთვის მას "ჩელსის" გმირობის გამეორება დასჭირდება. შარშან "ლურჯებმა" ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულეს, მაგრამ ტურნირის მოგების წყალობით მასში კიდევ ერთხელ გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
"ჩელსისგან" განსხვავებით, "არსენალი" "ბაიერნს" 1/8-ფინალშივე დაუპირისპირდება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთულია ეს გზა, "მეთოფეებს" ურჩევნიათ, პრემიერლიგაში მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნონ. და თუ მაინც მოხდა სასწაული, ფრანგი სპეციალისტისთვის ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: სესკ ფაბრეგასის "არსენალში" დაბრუნებას არ გამოვრიცხავ