"ჩელსი" რაფა ბენიტესის მემკვიდრის ძიებაში

AutoSharing Option
რაფა ბენიტესის თქმით, "ჩელსის" მესაკუთრე რომან აბრამოვიჩი კმაყოფილია გუნდის ამჟამინდელი ფორმით.

როგორც ჩანს, ესპანელს თავადაც მოსწონს ფეხბურთელების ბოლოდროინდელი მონდომება, რაც მას ოპტიმისტურად განაწყობს.

"უკანასკნელ თამაშებში ბევრი გოლი გაგვაქვს და შედარებით ცოტას ვუშვებთ. ფაქტია, რომ მაშინაც კი, როცა თამაშს ვაგებთ, ცუდად არ გამოვიყურებით. "ჩელსი" ახლა ცოტა განსხვავებულ ეტაპზეა. ფეხბურთელების ნაწილს ხელშეკრულება უმთავრდება, ზოგი კი გუნდის განუყოფელ ნაწილად თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობს. ჩემი მიზანია, მაქსიმუმი გამოვადნო იმ საშუალებებით, რაც ხელთ მაქვს," – აცხადებს 52 წლის სპეციალისტი.

ბენიტესისთვის ფორმულირება "ამ ეტაპზე" მაქსიმუმ
სეზონის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. კლუბი მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს.

ლონდონელთა მომავალი მთავარი მწვრთნელის თემაზე, ბრიტანულის გარდა, იტალიური, ესპანური და რუსული პრესაც წერს. მაგალითად, Corriere dello Sport-ის ცნობით, აბრამოვიჩი ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატურად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" იტალიელ თავკაც ლუჩანო სპალეტის მიიჩნევს.

53 წლის აპენინელს რუსულ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლის ბოლოს უმთავრდება და "ჩელსის" ბოსს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება ამ საქმის მოსაგვარებლად. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, იქამდე, ვიდრე ლონდონელები რობერტო დი მატეოს 2-წლიან ხელშეკრულებას დაუდებდნენ, სპალეტის კანდიდატურა "ჩელსიში" მაშინაც განიხილებოდა, მაგრამ სენიორ ლუჩანომ შეთავაზებაზე მაშინ უარი თავად თქვა.

ჩვენი ესპანელი კოლეგები კი "სტემფორდ ბრიჯზე" ჟოზე მოურინიოს დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. "ლელოს" მკითხველმა კარგად უწყის, თუ რა პრობლემების წინაშე დგას "განსაკუთრებული კაცი" მადრიდში.

პორტუგალიელს სამეფო კლუბის ხელმძღვანელებსა და ვარსკვლავებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ყოველივეს გამო უკვე დიდი ხანია იწერება, რომ მოურინიო "რეალს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარკო მატერაცი: ბენიტესი "ინტერში" რომ მოვიდა, მოურინიოს პორტრეტებს დაერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული