პრემიერლიგა. XXV ტურის შეჯამება და სიმბოლური: ფინიშის კონტურებიც გამოჩნდა

AutoSharing Option
ცოცხალია თუ არა ინტრიგა?
"მანჩესტერ სიტი"-"ლივერპულის" შეხვედრას გვერდს ვერ ავუვლით. მიზეზი მარტივია: "ეტიჰადზე" ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.

მართალია, რობერტო მანჩინი ამტკიცებს, 9-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ შეგვიძლიაო, მაგრამ მასავით ოპტიმისტი, ვეჭვობთ, რომ ბევრი არ უნდა იყოს.

ეს ის სხვაობა არ არის, როცა ბრძოლა უნდა შეწყვიტო და დამარცხება აღიარო, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარად დგას. "მანჩესტერ იუნაიტედს" მთელი წელიწადი თავდასხმას უქებდნენ და დაცვას უძაგებდნენ.

"ეშმაკების" უკანა ხაზმა თამაში, როგორც იქნა, გამოასწორა, რისი დასტურიც იყო ბოლო ტურის შეხვედრა "ფულჰემთან". მასპინძელს
მთელი თამაში ხელთ ეპყრა ინიციატივა, მაგრამ მეტოქეს მაინც ვერაფერი დააკლო.

"სიტის" თამაშში კი უკეთესობა არ შეინიშნება.

"ქალაქელებმა" ზედიზედ ორი შეხვედრა დაასრულეს ფრედ, რაც შეიძლება საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში.

ერთი სიტყვით, სიტუაციაში, როცა ყველაფერი ალექს ფერგიუსონსა და მის ბიჭებზეა დამოკიდებული, ძნელად წარმოგვიდგენია მათი მარცხი.

ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური პოზიციაა და შესაძლოა, ჭეშმარიტებასთან მას საერთო არაფერი ჰქონდეს.

მთავარია სტაბილურობა
"ლივერპულს" ბოლო 6 შეხვედრაში 3 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ 6-იდან 3-ჯერ ის მოქმედ ჩემპიონს, ვიცე-ჩემპიონსა და მესამეადგილოსანს შეხვდა (ყველას გასვლაზე), შედეგი ნამდვილად მისაღებია.

თუმცა საკითხს მეორე მხრიდანაც უნდა შევხედოთ. "წითლებს" არც შარშან უშავდათ რამე ჩემპიონატის ლიდერებთან და ქულებს, ძირითადად, აუტსაიდერებთან და საშუალო კალიბრის გუნდებთან კარგავდნენ. ბრენდან როჯერსს სწორედ უკანასკნელებთან მართებს ფეხბურთელების დამუხტვა, თუკი სურს, რომ ცხრილში ნელ-ნელა ზემოთ აინაცვლოს.

თუმცა მე-3 ადგილი და 9-ქულიანი ჩამორჩენა მაინც გადაულახავი დაბრკოლება გვგონია ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზაზე. მერსისაიდელებს, უკეთეს შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურით მოუწევთ დაკმაყოფილება.

"მნიშვნელოვანი იყო, დამენახა ფეხბურთელების თვითდაჯერება, მონდომება და ეფექტურობა. მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ მოგებას ვიმსახურებდით.

სამწუხაროდ, ეს მატჩიც მიმდინარე სეზონში ჩვენს სხვა გამოსვლებს ჰგავდა, რადგან ელემენტარული შეცდომა 2 ქულის დაკარგვად დაგვიჯდა.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან მოსაგებად ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. შეცდომების გამო არავის ვსაყვედურობ, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ისინი დღეს ძალიან კარგები იყვნენ.

აუცილებლად დადგება დრო, როცა შეცდომებს აღარ დავუშვებთ და ფრეები მოგებებად გადაიქცევა. მაშინ ჩვენ უკვე რეალური ძალა ვიქნებით,"
- განაცხადა თამაშის დასრულების შემდეგ ბრენდან როჯერსმა.

ბომბარდირები
18 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
17 - ლუის სუარესი (ლივერპული)
14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

ასისტენტები
9 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ხუან მატა (ჩელსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი), დემიენ დაფი (ფულჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი)

გოლი+პასი
24 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 18+6
20 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 17+3
19 - ხუან მატა (ჩელსი) - 10+9
18 - თეო უოლკოტი (არსენალი) 11+7

გაფრთხილებები
8 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. მარუან ფელაინი (ევერტონი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
250 მატჩი
171 მოგება
79 ფრე
127 მშრალად შენახული კარი
24 უგოლო მატჩი
710 გოლი
6 ჰეთ თრიკი
42 პენალტი
22 ჯარიმა
133 თავით
513 ფეხით (+სხვა)
2.84 საშუალო შედეგიანობა
32 ავტოგოლი
508 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
330 ლეგიონერი
70 ეროვნების მოთამაშე
769 ყვითელი ბარათი
30 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
22 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი
ალან პარდიუს "ნიუკასლმა" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შარშანდელივით ლაღად ითამაშა, რასაც ვუფასებთ კიდეც.

51 წლის სპეციალისტმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე მაღალ დონეზე იმუშავა და გუნდი, პრაქტიკულად, ყველა რგოლში გააძლიერა. შედეგი სახეზეა: "კაჭკაჭებმა" "ჩელსის" ყველა კომპონენტში აჯობეს.

აი, რა თქვა მან ლონდონელებთან მატჩის დასრულების შემდეგ:

"მეტოქემ უძლიერესი შემადგენლობა გამოგვიყვანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მათ კომფორტის შეგრძნება არ ჰქონოდათ, რაც კარგად შევასრულეთ. ინიციატივას თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ვფლობდით, თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის საწყის მონაკვეთს, რომელიც მთლიანად ჩავაგდეთ.

როდესაც დიდ გუნდებთან ანგარიშში ჩამორჩები, მერე ძალიან ძნელია, საკუთარი ძალების რწმენა შეინარჩუნო და ბოლომდე იბრძოლო. ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს.

აქამდე ხშირად მესმოდა ხოლმე, რომ ფრანგ ფეხბურთელებს ბრძოლის ჟინი არ აქვთ. ვფიქრობ, დღეს პასუხი ამ შეკითხვასაც გავეცით, როცა მეტოქეს 3 ქულა კბილებით გამოვგლიჯეთ".


ტურის გმირი
23 წლის მუსა სისოკოს "ნიუკასლის" რიგებში სულ 167 წუთი აქვს ნათამაშები, მაგრამ ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა მაინც მოასწრო 2 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის აქტივში ჩაწერა.

საქმე მხოლოდ გოლები და პასები არ არის, მით უფრო, ინგლისში, სადაც მაყურებელი ყოველ დეტალს ამჩნევს და აფასებს. დიახ, მუსამ "ჩელსისთან" ძალიან ბევრი იშრომა და დაიმსახურა ეს აღიარება.

ბოლო წამებზე, როცა პარდიუმ ის მინდვრიდან გაიყვანა, "სენტ ჯეიმს პარკი" მას ფეხზე დაუდგა.

"100%-ით დავიხარჯე. გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და ვიცი, რომ "ნიუკასლმა" ჩემი ტრანსფერი სწორედ ამიტომ გამოისყიდა.

დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, გუნდი არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან რაც დღეს ვაკეთე, მხოლოდ თანაგუნდელების დახმარებით.

იმედია, მომავალშიც ყველაფერი ასე გაგრძელდება",
- განაცხადა მუსა სისოკომ.

Sportall.Ge

მომდევნო ტური
9 თებერვალი
ტოტენჰემი-ნიუკასლი, ჩელსი-უიგანი, ნორვიჩი-ფულჰემი, სტოკი-რედინგი, სანდერლენდი-არსენალი, სუონსი-ქუინზ პარკი, საუთჰემპტონი-მანჩესტერ სიტი

10 თებერვალი
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი

11 თებერვალი
ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXV ტური: წყალი ეშმაკების წისქვილზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული