როგორც მანჩესტერში ამბობენ, ფერგი პოლ სქოულზის
მილანში გადაბარგებულმა 170 სანტიმეტრი სიმაღლის ვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონობაში, ქვეყნის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ჟოზე მოურინიოს ხელში ის სხვანაირად ათამაშდა და აგერ, ახლაც, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, შეელევა სნეიდერს "ინტერის" ახალი თავკაცი რაფა ბენიტესი, რომელიც აქამდე პრემიელიგაში, "ლივერპულში" მუშაობდა და მთელი ექვსი წლის განმავლობაში ფერგიუსონთან ისედაც დიდი ქიშპი ჰქონდა? ხომ არ გააღიზიანებს, რომ ძველი კონკურენტი იტალიაშიც გამოედევნა და ფეხბურთელის წართმევას ლამობს? ვერ გეტყვით, ემოცია სხვა სფეროა, რომლის გარდა არსებობს პრაქტიკული მოსაზრებებიც და ეს მოსაზრებები საფეხბურთო ბიზნესში ძალიან ბევრს წყვეტს.
როგორც ამბობენ, ბენიტესს "სან სიროზე" თავისი, მოურინიოს გუნდისგან ძალიან განსხვავებული გუნდის შექმნა სურს და ამდენად, სულაც არ არის გაკვირვებული, სნეიდერს მართლა რომ შეელიოს, თან 53 მილიონ დოლარად. ესპანელმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ ძველი შემადგენლობით "ინტერს" წარმატებაც რომ მოუტანოს, ცინიკოსები ყოველ ნაბიჯზე წამოაძახებენ, ეს ისევ მოურინიოს გუნდია, ბენიტესი კი სხვის გაკვალულ გზაზე დადისო.
და კიდევ, თუ სნეიდერი მართლა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა, ბენიტესს კიდევ უფრო თამამად შეეძლება "ინტერის" დირექტორატთან მისი ფავორიტის, არგენტინელი ნახევარმცველის ხავიერ მასკერანოს გადაბირებაზე ილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ მასკერანო "ლივერპულის" წევრია.